პარასკევი, ნოემბერი 6, 2026

შალვა პაპუაშვილი: ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს – ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე თბილისში საზოგადოებას მიმართა.

„მოგესალმები საქართველო, მოგესალმები თბილისო, მოგესალმებით გულანთებულო პატრიოტებო!

ჩვენ მოვიარეთ საქართველოს რეგიონები, მისი დიდებული კუთხეები, ულამაზესი ქალაქებით და სოფლებით, შევხვდით უამრავ გულანთებულ პატრიოტ ქართველს, რომლებსაც ყოველგვარი დათქმების გარეშე უყვართ თავისი ქვეყანა, ალალად, გულწრფელად, თავდადებით. და დღეს, ჩვენი ერთობა დაგვირგვინდა საქართველოს გულში, ჩვენს მრავლისმნახველ, მრავალჭირგადახდილ, ამაყ, ქედმოუხრელ და უდრეკ დედაქალაქში.

აქ ყველაზე ძლიერად ისმის ქვეყნის გულისცემა. აქ ერთიანდება ჩვენი წარსული და აწმყო. აქ იწერება ჩვენი ისტორია. ქართველების ისტორია, რომელიც გოლიათთან მებრძოლი დავითის ისტორიაა. ასე გვარგუნა ბედმა და განგებამ. ასე იყო უწინ და ასეა დღესაც.

ეს განსაზღვრა იოანე ზოსიმემ, როცა გვამცნო ქართული ენის, ქართველი ერის მისია, როლი და ფუნქცია კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენ ვართ ჭეშმარიტად ადამიანური ღირებულებების მოდარაჯე, მცველი ქრისტიანული მრწამსისა, და შესაბამისად, ვართ მცველი უმთავრესი ფასეულობის – ადამიანის. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვსაუბრობთ ქართულ ანუ ევროპულ ღირებულებებზე.

ჩვენ თვალწინ კი ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს. ყალბი პროგრესის მედროშეებმა ჩვენი ათასწლოვანი ისტორია წარსულს ჩააბარეს, რელიგია ფსევდოლიბერალიზმით ჩაანაცვლეს, სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მართლმადიდებლობა კი განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად გამოაცხადეს.

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. ფსევდორელიგია იკავებს მედიას, სკოლებს, წალეკვით ემუქრება ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის, და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით.

ჩვენ ვართ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის საქართველო, ილიას საქართველო, სადაც მამული, ენა, სარწმუნოება ქმნის ქართული ცნობიერების ჩარჩოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ქართულ ცნობიერებასთან მებრძოლი ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ და განიარაღდნენ.

მეგობრებო, 2022 წელს, საქართველო ომს და ნგრევას გადავარჩინეთ. ომს, რომელიც საბოლოოდ დაასამარებდა ჩვენი მოქალაქეების იმედებსა და ოცნებებს. დედებს კვლავ შავებში შემოსავდა. მშვიდობაში წამოზრდილ ახალ თაობას კვლავ სიკვდილისა და ქაოსისთვის გაწირავდა. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო კი კვლავ მხოლოდ ისტორიის წიგნებში გადაინაცვლებდა.

ყველამ კარგად დაინახეთ, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს საკუთარი თავის განადგურებისკენ. როგორი ზეწოლა იყო შიგნიდან თუ გარედან, რომ საქართველოს ფეხი წასცდენოდა.

– როცა ვკითხულობდით, სანქციებზე მიერთებით გამოწვეულ საპასუხო ეკონომიკურ დარტყმებზე თუ გვაძლევდნენ ეკონომიკურ ან ფინანსურ გარანტიებს? პასუხი იყო – არა.

– როცა ვკითხულობდით, ამ ესკალაციის ომში გადაზრდის შემთხვევაში, გვაძლევდნენ თუ არა უსაფრთხოების გარანტიებს? პასუხი იყო – არა.

– როცა ვკითხულობდით, მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ თავი უნდა შევწიროთ? პასუხი იყო – დუმილი. დუმილი, რომელიც პასუხზე მეტია.

მაშინ, ჩვენ არჩევანი დაგვიყენეს ჩაყოლასა და ჩათრევას შორის. ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ! რადგან ჩვენს უკან იდგა ჩვენი ხალხი. რადგან ჩვენს უკან იდგნენ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, რომელთა სისხლისღვრისკენ მოგვიწოდებდნენ სოხუმსა და ცხინვალში გასეირნებით. ეს იყო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ნგრევასა და შენებას შორის, სახელმწიფოებრიობის დაკარგვასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი არეულობებში ჩათრევა და მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა.

მეგობრებო, ვხედავთ, რომ ჩვენი ოპონენტების საარჩევნო კამპანია გარე დირექტივებზე გადის. სამი ათწლეულის წინ სხვათა დიქტატისგან გათავისუფლებულ ქართველებს, ოპოზიციის წყალობით, კვლავ შემოგვაპარეს ქართველებისთვის ასე დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი გარედან თითის ქნევა. ამით ააშკარავებს ოპოზიცია თავის ჭეშმარიტ ყოფას, რაც ჯილდოს მოლოდინში სხვების მსახურებაა.

ჩვენ ვირჩევთ მშვიდობას, ღირსებას, განვითარებას, უსაფრთხოებას. ვირჩევთ ქვეყანას, რომლის უმთავრესი ღირებულებაა ადამიანი. ჩვენ ვირჩევთ პატრიოტების, პროფესიონალების, სახელიანი თუ უსახელო მამულიშვილების საქართველოს, თავდადებული, ალალი ქართველის სამშობლოს.

ისინი ირჩევენ ფსევდოგმირებს, ცრუ ღირებულებებსა და ყალბ სამშობლოს; მათი სახელი ლეგიონია, რომელთაც ქართველმა ხალხმა დამსახურებულად უწოდა უსამშობლოები.

ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ ვეღარასოდეს გაბედოს გარედან თითის ქნევით ქართველ ხალხთან საუბარი; რათა ვერავინ შიგნიდან ვეღარასოდეს გაბედოს ქართველი ხალხის ინტერესების გაყიდვა.

დაბოლოს, ჩვენი სამშობლოს დედაქალაქიდან – თბილისიდან მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა სამხედროებს, პოლიციელებს, მაშველებს, პედაგოგებს, ექიმებს, თითოეულ მოქალაქეს, ვისი ყოველდღიური ძალისხმევითაც ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა და უსაფრთხოება, არსებითად გავზარდეთ ეკონომიკა, განვამტკიცეთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ სახელმწიფო და მისი ინსტიტუტები. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენ მხარდამჭერს ჩვენი ქვეყნის უანგარო სიყვარულისთვის, თანადგომისთვის, მოთმინებისთვის და იმ რწმენისთვის, რომ სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს და რომ სიკეთე დაუმარცხებელია.

საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. დღეს, ყველა ჩვენი სამშობლოს, ჩვენი იდენტობისა და მშვიდობიანი მომავლის გადასარჩენად უნდა დავირაზმოთ. ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ კი არა, მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდით, რომ მომავალი წლები იყოს არა ომისა და კონფრონტაციის, არამედ მშვიდობის, ეკონომიკური აღმავლობის და ქვეყნის გაერთიანების წლები.

მეგობრებო, ზღვარი ბოროტებასა და სიკეთეს შორის ასე მკაფიო არასდროს ყოფილა. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმოთ ბოროტებაზე სიკეთის, უღმერთობაზე რწმენის, არაქართულზე ქართულის ისტორიული გამარჯვება.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ძმები ქორწილში მიდიოდნენ…“ – კახეთში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ძმები მოკლეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.ცეცხლსასროლი იარაღით სამ ძმას ესროლეს, ორი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთმა კი გაქცევა და გადარჩენა შეძლო.ადგილობრივების თქმით, ძმები წლების განმავლობაში რუსეთში იმყოფებოდნენ და სოფელში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კი იმ დროს მოხდა, როცა ძმები ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ, მათ თანასოფლელი ჩაუსაფრდა და ცეცხლი გაუხსნა. მიღებული დაზიანებების გამო ორი მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.რა გახდა მკვლელობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, ერთ-ერთ მოტივად შურისძიება და წარსულში დაწყებული კონფლიქტი განიხილება.არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

მარიამ ქვრივიშვილი – ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები

ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელმაც განსაკუთრებული ფუნდამენტი შექმნა სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრთან, ტინგ სიუესიანგსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ძალიან ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა.„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან პრიორიტეტულ მიმართულებებზე, თუ სად შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ქვეყნებს შორის არსებული კავშირები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ვაჭრობაზე, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორზე, საქართველოს როლზე შუა დერეფნის კონტექსტში, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, ისევე როგორც ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით არსებულ მზარდ დინამიკაზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო ასევე ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის კიდევ უფრო გაზრდის შესაძლებლობებს.„ვიზიტის ფარგლებში გვქონდა შესაძლებლობა, გაგვემართა ორმხრივი შეხვედრები ადგილობრივ მსხვილ ჩინურ კომპანიებთან, რომლებთანაც განვიხილეთ ქართული პროდუქციის ექსპორტის კიდევ უფრო მეტად ზრდის შესაძლებლობა. გვაქვს ძალიან აქტიური დინამიკა ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების თვალსაზრისით, გვაქვს მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივები“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.ამასთან, როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები.„ჩვენთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორი დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებოდეს. სწორედ ამ პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია ის, რომ მუდმივად ვზრუნავთ ახალი, მნიშვნელოვანი და მდგრადი ბაზრების იდენტიფიცირებაზე. ამ სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ჩინეთში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. საქართველოსა და ჩინეთს შორის დინამიკურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირები. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, საქართველომ მონაწილეობა მიიღოს ძალიან მნიშვნელოვან ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში. გამოფენის ფარგლებში ჩვენთან ერთად ჩინეთში იმყოფება 37 ქართული კომპანია, რომლებსაც ექნებათ შესაძლებლობა, წარადგინონ საქართველოში წარმოებული პროდუქცია, დაამყარონ ახალი კავშირები ჩინეთის ადგილობრივ ბაზარზე“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, მათ შორის, ხელს შეუწყობს ადგილობრივ ქართულ კომპანიებს, რომ შესაძლებლობა ჰქონდეთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. სავაჭრო მისიაში.„სავაჭრო მისიის ფარგლებში ჩვენ ხელს შევუწყობთ მათ ბიზნესკავშირების გამყარებას ადგილობრივ ჩინურ კომპანიებთან იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმა უზრუნველყონ საექსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად ათვისება და ყოველწლიურად ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

კახეთში ორი ძმა მოკლეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ორი ძმა მოკლეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ადგილობრივების ცნობით, თანასოფლელმა ქორწილში მიმავალ სამ ძმას ცეცხლი გაუხსნა. ორი ადგილზე დაიღუპა, მესამე კი გადარჩა. არაოფიციალური ინფორმაციით ბრალდებული დაკავებულია. დაპირისპირების მიზეზად წარსულში მომხდარი კონფლიქტი სახელდება.

მარტა კოსი – სომხები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას

სომხები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას. ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.“სომხები ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობას.ევროკავშირის მხარდაჭერით, სომხები ამიერიდან შეძლებენ ახალი ბიომეტრიული პასპორტების აღებას, რაც სასაზღვრო შემოწმებებს დააჩქარებს და მოგზაურობას გაამარტივებს.სომხეთი ევროკავშირთან უფრო ახლო კავშირებს ირჩევს და ჩვენ ვზრუნავთ, რომ ამ არჩევანმა მისი ხალხისთვის რეალური შედეგი მოიტანოს,” - წერს კოსი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ გაიმართა

„საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ეს არის თარიღი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, სიღრმისეულად გავიაზროთ ის ფასეულობები, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული კულტურისა და საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარება. ქრისტიანობის მიღებამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა საქართველოს ისტორიულ ცხოვრებაში, მან საფუძველი შეუქმნა კულტურული და სულიერი ტრადიციების განვითარებას, ხელი შეუწყო ქართული მწერლობის, განათლების, ხელოვნებისა და არქიტექტურის ჩამოყალიბებასა და აღმავლობას. ქრისტიანობა ქართული იდენტობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-კულტურული საფუძველია. ქრისტიანულმა კულტურამ შექმნა ის სულიერი და ინტელექტუალური გარემო, რომელშიც ვითარდებოდა ქართული საგანმანათლებლო ტრადიცია, ყალიბდებოდა სამონასტრო და საგანმანათლებლო ცენტრები, იქმნებოდა უნიკალური ხელნაწერები, ვითარდებოდა ფილოსოფიური აზროვნება და თაობიდან თაობას გადაეცემოდა ცოდნა. ამ ისტორიულმა მემკვიდრეობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული ენის, დამწერლობისა და ეროვნული კულტურის შენარჩუნებასა და განვითარებაში“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „საქართველოს ქრისტიანობის 1700 წლისთავი“, გახნის ღონისძიებაზე განაცხადა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.მისივე ცნობით, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: ანანია - მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ; დავითი - აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი; გრიგოლი - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი; ანდრია - გორის და ატენის მიტროპოლიტი; სტეფანე - ჭყონდიდის მიტროპოლიტი; მელქისედეკი - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი; სვიმეონი - სურამის და ხაშურის ეპისკოპოსი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.როგორც რექტორმა განაცხადა, საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც განსაკუთრებულ შესაძლებლობას იძლევა, კიდევ ერთხელ გააზრებულ იქნეს ქრისტიანობის როლი ქართული სახელმწიფოებრიობის, ეროვნული თვითმყოფადობის, კულტურის, განათლებისა და სულიერი ფასეულობების ჩამოყალიბების პროცესში.„საქართველოსთვის გაქრისტიანების ისტორია ამავე დროს არის სახელმწიფოებრივი მდგრადობის, კულტურული უწყვეტობისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ისტორია. სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში, რთული პოლიტიკური და სოციალური ვითარების მიუხედავად, ქართულმა საზოგადოებამ შეძლო საკუთარი კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. ეს გამოცდილება დღესაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან თანამედროვე სამყაროში ეროვნული იდენტობის გააზრება და ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება საზოგადოების განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის ამ ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გამართვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. უნივერსიტეტი, როგორც ცოდნის შექმნის, კვლევისა და ინტელექტუალური განვითარების სივრცე, პასუხისმგებელია არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიური და სამეცნიერო გამოწვევების კვლევაზე, არამედ ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ გააზრებასა და პოპულარიზაციაზეც. მიგვაჩნია, რომ ტექნიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებები ერთმანეთისგან იზოლირებულად არ უნდა განვიხილოთ. ქვეყნის სრულფასოვანი ინტელექტუალური განვითარება სწორედ ამ მიმართულებების ურთიერთშევსებას, ინტერდისციპლინურ თანამშრომლობასა და ცოდნის სხვადასხვა დარგის ინტეგრაციას ეფუძნება.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გაქრისტიანების 1700 წლისთავის აღნიშვნა არ შემოიფარგლოს მხოლოდ საიუბილეო ღონისძიებებით. ეს უნდა გახდეს საფუძველი ახალი სამეცნიერო კვლევებისთვის, ისტორიული წყაროების სიღრმისეული შესწავლისთვის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. აუცილებელია, თანამედროვე კვლევითი მეთოდოლოგიის გამოყენებით კიდევ უფრო ფართოდ წარმოვაჩინოთ საქართველოს ისტორიული გამოცდილება, მისი კულტურული მემკვიდრეობა და ის წვლილი, რომელიც ქართულმა ცივილიზაციამ საერთო ევროპული და მსოფლიო კულტურის განვითარებაში შეიტანა. მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ორგანიზატორებს, მონაწილე მეცნიერებსა და მკვლევრებს, რომელთა ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა ამ მნიშვნელოვანი სამეცნიერო ფორუმის გამართვა. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სხვადასხვა სამეცნიერო დარგის წარმომადგენელთა ჩართულობა, რადგან საქართველოს ქრისტიანების ისტორიის სრულყოფილი გააზრება მოითხოვს ისტორიული, თეოლოგიური, ფილოლოგიური, ფილოსოფიური, ხელოვნებათმცოდნეობითი და კულტუროლოგიური კვლევების ურთიერთშევსებას.ვიმედოვნებ, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები, მოსაზრებები და კვლევითი მიგნებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაში, საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში მის წარმოჩენასა და ახალი თაობის მკვლევართა დაინტერესებაში“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსმა. სასულიერო პირებმა კონფერენციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, მონაწილეებს წარმატებული მუშაობა და ნაყოფიერი დისკუსიები უსურვეს.მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, სტუ-ის თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, ანანია ჯაფარიძის თქმით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავი“ მიზნად ისახავს საქართველოს გაქრისტიანების ისტორიული, რელიგიური, კულტურული, ფილოსოფიური და ცივილიზაციური მნიშვნელობის მეცნიერულ გააზრებას, ქართული ქრისტიანული მემკვიდრეობის მრავალმხრივ შესწავლასა და ამ მიმართულებით აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას.„კონფერენციის თემატიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ინტერდისციპლინური კვლევების განვითარების თვალსაზრისით. საქართველოს გაქრისტიანების ისტორიის შესწავლა მოითხოვს არა მხოლოდ ისტორიული მოვლენებისა და წყაროების ანალიზს, არამედ იმ ფართო კულტურული და ინტელექტუალური პროცესების გააზრებასაც, რომლებმაც განაპირობა ქართული სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული კულტურის განვითარება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ხუროთმოძღვრების, მწერლობის, მთარგმნელობითი საქმიანობის, ფილოსოფიური აზროვნებისა და საგანმანათლებლო ტრადიციების კვლევას.ქრისტიანობის გავრცელებამ და მის საფუძველზე განვითარებულმა კულტურულმა პროცესებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიულ კავშირებში ბიზანტიურ, ევროპულ და ახლოაღმოსავლურ ცივილიზაციებთან. ქართულმა კულტურამ, ერთი მხრივ, შეინარჩუნა საკუთარი უნიკალური მახასიათებლები, მეორე მხრივ კი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა კულტურულ და ინტელექტუალურ სივრცესთან დიალოგში. ამ ისტორიული ურთიერთობების შესწავლა თანამედროვე მეცნიერებისთვის მნიშვნელოვან კვლევით პერსპექტივებს ქმნის“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ანანიამ.სტუ-ის ინფორმაციით, კონფერენცია სამ სექციად წარიმართა, რომელთა ფარგლებშიც მონაწილეებმა 32 სამეცნიერო თემა განიხილეს.

ბოლო სიახლეები