სამშაბათი, დეკემბერი 3, 2024

ლევან დავითაშვილი – ჩვენ ვართ საარჩევნო პროცესში და ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს მოეთხოვებათ, რათა საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად ობიექტური იყოს

ჩვენ ვართ საარჩევნო პროცესში და ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს, რადგან საარჩევნო პროცესი მაქსიმალურად ობიექტური იყოს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობას შესაძლებლობა უნდა მივცეთ, არჩევანი ზეწოლის გარეშე გააკეთოს.

„ჩვენთვის არახალია ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის. ჩვენთვის მოულოდნელი და სიახლე ამ პროცესში არაფერია. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში პროცესების სუბიექტურად შეფასება ხდება. ეს, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, ჩვენ ვართ საარჩევნო პროცესში და ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, რათა მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი.

მეტი შეფასება ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ზედმეტია. ჩვენ დაგვრჩა დაახლოებით ერთი კვირა არჩევნების ჩატარებამდე. ჩვენს მოსახლეობას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ობიექტურად, ზეწოლის გარეშე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ სწორი არჩევანი“, – აღნიშნა დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა სახის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

დღეს რადიკალური ოპოზიციის მიერ კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ტყუილი, თითქოს დავტოვე „ქართული ოცნება“. ამ დეზინფორმაციას აქვს ერთადერთი მიზანი, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გამოიწვიონ ხელოვნური აჟიოტაჟი, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ გვერდზე გამოქვეყნდა. ღარიბაშვილის თქმით, აგრძელებს მუშაობას აღნიშნულ თანამდებობაზე. „ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ვაგრძელებ მუშაობას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციაზე, ვარ ჩვენი გუნდის წევრი და ყველა სხვა შინაარსის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს 5 პირი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღესაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ყველა შეკრების დროს, დღესაც საპოლიციო ძალები მობილიზებულები არიან შეკრების ადგილას და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. საზოგადოება დღეების განმავლობაში ადევნებს თვალს, აქციის წევრების ნაწილის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. პოლიციის მხრიდან კეთდებოდა მუდმივი მოწოდება, აქციის მონაწილეების მიმართ, რომ საკუთარი პროტესტი მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ და არ გასცდენოდნენ შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს, თუმცა დღეს მიმდინარე აქციაზე უკვე გამოვლინდა აქციის რამდენიმე მოძალადე ჯგუფი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ახორციელებს. პირდაპირი ეთერების საშუალებით უკვე ვიხილეთ, მოძალადე ჯგუფების აგრესიული ქმედებები, აქციის დაწყებისთანავე, რაც გამოიხატა პარლამენტის წინა მხარეს განთავსებული ჯებირების დაზიანებაში. აგრესიული მომიტინგეები პარლამენტის შენობის ეზოში, სადაც საპოლიციო ძალები იყვნენ განთავსებულები ისვრიან ქვებს, ბლაგვ საგნებს, რკინის საგნებს და ცეცხლმოკიდებული ნივთებს. სწორედ აღნიშნული ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების შედეგია, რომ სხვადასხვა სახის მძიმე დაზიანებები მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 143-მა თანამშრომელმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება, სხვადასხვა საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიების ჩატარების შედეგად, ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დაკავებულია 5 პირი: პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1. 1972 წელს დაბადებული დ.ლ. ბრალდებულმა მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული წყლის ჭავლის ავტომობილი. 2. დაკავებულია 1987 წელს დაბადებული თ.ზ., რომელმაც მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, სამართალდამცველების მისამართით ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და დააზიანა სამინისტროს ბალანსზე რიცხული წყლის ჭავლის ავტომობილი. 3. სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 2003 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ., რომელმაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში ისროლა ცეცხლმოკიდებული ნივთი, რის შედეგადაც პარლამენტის შენობის ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა. 4. დაკავებულია 2007 წელს დაბადებული მ.გ., რომელმაც 9 აპრილის ქუჩაზე, პიროტექნიკის სროლის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს. 5. ასევე დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1997 წელს დაბადებული ა.მ. ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით გრძელდება და მიმდინარეობს ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ და მკაცრ რეაგირებას დანაშაულის ჩამდენ პირთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ. ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი. დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ. დასრულებული 89 საქმიდან: 43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა 41 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას. 5 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

„საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა. შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან დისკუსიის გასამართად“ – პრემიერი

„საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ავრცელებს. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე არაერთგზის გამოვხატეთ ჩვენი მზადყოფნა, გავმართოთ საჯარო დისკუსია ადამიანებთან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ. ამგვარ საჯარო დისკუსიაში ჩართვის ინტერესი უკვე გამოთქვეს ყოფილმა პოლიტიკოსებმა, მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად, ვთავაზობ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხვალ, 4 დეკემბერს, დაგვითმოს ეთერი მათთან საჯარო დისკუსიის გასამართად“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კახა კალაძე – როგორ შეიძლება, ბავშვი გამოიყვანო და ასროლინო პოლიციელის ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანის მისამართით საგნები, ყველანაირი ზღვარი გადალახეს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ დედაქალაქში მიმდინარე აქციებში არასრულწლოვნების ჩართვა და ძალადობრივი ქმედებების წახალისება კატეგორიულად მიუღებელია. ამის შესახებ მან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდება. „წარმოუდგენელია. ყველაფერს კადრულობენ და იყენებენ. როგორ შეიძლება, არასრულწლოვანი, პატარა ბავშვი გამოიყვანო და ხელში მისცე, არ ვიცი, რა საგნები იყო – ხან პეტარდები, „მოლოტოვის კოქტეილები“ და ასროლინო პოლიციელის ან თუნდაც ნებისმიერი ადამიანის მისამართით? როგორ შეიძლება, ეს იკადრო და გააკეთო ჯანსაღად მოაზროვნე, ფხიზელმა ადამიანმა? წარმოუდგენელია უბრალოდ, თუმცა ყველანაირი ზღვარი გადალახეს. ვხედავთ, თუ რა პროცესების განვითარების სურვილი ჰქონდათ ქვეყანაში. „ნაცმაიდანი“ ვერ მოხდება საქართველოში. დღეს სახელმწიფო ძლიერია თავისი ინსტიტუტებით. ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნებთ სიმშვიდეს, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო საზოგადოებას: ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ეს არის ძალიან ბოროტი ძალა, ყველაფრის მკადრებლები. შესაბამისად, სიფრთხილე გვმართებს ყველას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მინდა, დავამშვიდო ყველა, თუ პაციენტის უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო სრულად აიღებს პასუხისმგებლობას – მიხეილ სარჯველაძე

მინდა, დავამშვიდო ყველა, უპირველეს ყოვლისა, პაციენტის გულშემატკივრები და ახლობლები, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. უცხოეთში გადაყვანის საჭიროება თუ იქნება, სახელმწიფო აღნიშნულზე სრულად აიღებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას, დღეს ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ არცერთ პაციენტს არავის დახმარება არ დასჭირდება. „მე არ მგონია, რომ ეს პაციენტის მხარდაჭერის და დახმარების სურვილით ნაკარნახები იყოს, უფრო მეტად ცალკეულ ადამიანებს თავის გამოჩენის სურვილი აქვთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავითარი საჭიროება, რასაც სახელმწიფო ვერ გასწვდება და ვერ შეძლებს, დღის წესრიგში არ დგას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ბოლო სიახლეები