შაბათი, ოქტომბერი 5, 2024
spot_imgspot_img

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა სიჩუანის უნივერსიტეტებთან კოლაბორაციის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სიჩუანის პროვინციის უმაღლეს სასწავლებლებთან სამომავლო კოლაბორაციისა და სამეცნიერო-აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, უნივერსიტეტის კანცლერი სიჩუანის პროვინციის სამ უმაღლეს სასწავლებელში – მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტში (ზიგონგი), სამხრეთ-დასავლეთის ნავთობის უნივერსიტეტსა (ჩენდუ) და სამხრეთ-დასავლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (მიანიანგი) – სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა.

სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ, პროფესორ ტუო სიანგუოსთან და ვიცე-პრეზიდენტ, პროფესორ ლუო ჰუიბოსთან სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც ჩინური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, სტუ-ის კანცლერმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნებასთან დაკავშირებულ მიმდინარე და სამომავლო საკითხებზე იმსჯელა. ასევე, განიხილა უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობები.

ჩენდუში მდებარე სამხრეთ-დასავლეთის ნავთობის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტ, პროფესორ ფეი ქსიანჯუნთან და საერთაშორისო ურთიერთობების ოფისის დირექტორ დაი ლეისთან შეხვედრაზე პროფესორმა კარლო კოპალიანმა სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთა მობილობის საკითხები განიხილა, როგორც სამხრეთ-დასავლეთის ნავთობის, ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

როგორც უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიანინგში, სტუ-ის კანცლერი სამხრეთ-დასავლეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფესორ – ჰუანგ ცის, არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ – ჯია ბინს და ჩინური უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს უნივერსიტეტების ფაკულტეტების საქმიანობა და წამატებული პროექტები გააცნეს. ასევე, მომავალი თანამშრომლობის მიმართულებით, ორმხრივ მიმზიდველი სფეროები განიხილეს. გარდა ამისა, ყურადღება გაამახვილეს ერთობლივი პროექტებისა და გაცვლითი პროგრამების ამოქმედების შესაძლებლობებზე.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერი კარლო კოპალიანი აღნიშნავს, ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტებში სამუშაო ვიზიტი ნაყოფიერი სამომავლო კოლაბორაციისა და მრავალმხრივ საინტერესო ერთობლივი პროექტების განხორციელების საწინდარი იქნება.

კარლო ლოპალიანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდება.

„ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე კონფუცის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების საფუძველი სიჩუანის მეცნიერებისა და ინჟინერინგის უნივერსიტეტთან ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმია. კონფუცის ინსტიტუტი ჩინური ენისა და კულტურის შემსწავლელი საუნივერსიტეტო ცენტრის ფუნქციასაც იტვირთებს. ამას გარდა, ნაყოფიერად და აქტიურად ითანამშრომლებს, როგორც ჩინეთის კვლევების ჩვენს საუნივერსიტეტო ცენტრთან, ასევე, უნივერსიტეტის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრთან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, ჩინელ კოლეგებთან ერთად, ინოვაციების ერთობლივად დანერგვის მიმართულებით იმუშაონ. დარწმუნებული ვართ, განათლებისა და მეცნიერების დარგში კოლაბორაცია დადებით შედეგს მოუტანს როგორც ტექნიკურ უნივერსიტეტს, ასევე, სიჩუანის უნივერსიტეტებსაც, საქართველო-ჩინეთს შორის ურთიერთობებს კი გაცილებით მრავალმხრივს გახდის“, – აცხადებს სტუ-ის კანცლერი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბოლო სიახლეები