საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წლისთავის აღსანიშნად, გმირთა მემორიალი და სახელოვანი კურსდამთავრებულის, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განაცხადებით, სოხუმის დაცემის დღე 31 წლის შემდეგაც საქართველოს ისტორიის უმძიმეს მოვლენად რჩება, თუმცა, ამავდროულად, საქართველოს მშვიდობიანი გაერთიანების იმედით აღგვავსებს.
„31 წელი გავიდა იმ ავადსახსენებელი მოვლენებიდან. მას შემდეგ ეს დღე მძაფრი ტკივილით და უზომო სევდით გვავსებს – შეგვახსენებს სოხუმის დაცემას, დაკარგულ ტერიტორიებს. ამ ტრაგიკულ დღეს პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის გულანთებულ მებრძოლებს, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას სიცოცხლე შესწირეს. მათ შორის იყვნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, კურსდამთავრებულები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ეროვნული გმირი ჟიული შარტავა ჩვენი უნივერსიტეტის სახელოვანი კურსდამთავრებულია. გმირების ხსოვნა ისტორიამ უკვდავყო. არასოდეს დავივიწყებთ საკუთარ ქვეყანაში განსაცდელის პირისპირ დარჩენილ ასიათასობით დევნილთა ადამიანურ ტრაგედიებს. ეს დღე არასოდეს წარიშლება ჩვენი მეხსიერებიდან.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის სანუკვარი ოცნება და საერთო მიზანი: „ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და, რა თქმა უნდა, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პლატფორმა გამოვიყენეთ ამ თემაზე სასაუბროდ. ჩვენ მივმართეთ ჩვენს დებსა და ძმებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენი მთავარი მოწოდება არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ ერთიან, მშვიდობიან, განვითარებულ საქართველოში და ეს გზავნილი კიდევ ერთხელ ხმამაღლა უნდა გავიმეოროთ. ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანი გზით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გზა ამ მიმართულებით გადის, რა თქმა უნდა, ურთიერთპატიებასა და ურთიერთშერიგებაზე“.
სწორედ ამ სანუკვარი მიზნის სისრულეში მოსაყვანად, აფხაზეთიდან შორს და აფხაზეთში გაზრდილ თაობებთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ შერიგების, ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და საქართველოს ტერიტორიული გაერთიანებისკენ, ვიშრომოთ, ვისწავლოთ და აღვზარდოთ ღირსეული ახალი თაობები, რომ შევდგეთ ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოდ“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.