ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ტექნიკური პერსონალის გადასამზადებლად, ტრენინგ-პროგრამები დაინერგა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების (პტი) ცენტრის ტექნიკური პერსონალის გადასამზადებლად, საწყისი და განმეორებითი ტრენინგ-პროგრამები დაინერგა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ტრენინგ-პროგრამებს ახორციელებს სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეული – „პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო“, რომელიც აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ არის აკრედიტებული.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ბორის გითოლენდია აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, ტექნიკური პერსონალის მიმართ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის მხრიდან ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა, სწორედ, საწყისი და განმეორებითი ტრენინგების გავლაა.

„ამ მიზნით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დამუშავებულია სასწავლო პროგრამები, რომლებიც უშუალოდ მორგებულია პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალის მომზადება-გადამზადების მოთხოვნებზე, რაც განისაზღვრება #511 რეგლამენტის საფუძველზე. პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალის მომზადების პროგრამის, საწყისი ტრენინგის ხანგრძლივობად 120 აკადემიური საათი განისაზღვრა, რაც 15 დღეზე ნაწილდება. გადამზადების პროგრამა, ანუ, განმეორებითი ტრენინგი კი, 40 აკადემიურ საათს მოიცავს. ამ შემთხვევაში სწავლების ხანგრძლივობა 5 დღეა“, – განმარტავს ბორის გითოლენდია.

ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, საწყის და განმეორებით ტრენინგ-პროგრამებს სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები გაუძღვებიან, ხოლო სწავლების გრაფიკი მაქსიმალურად იქნება მორგებული მსმენელთა მოთხოვნებზე. მისივე თქმით, კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებზე შესაბამისი მოწმობა გაიცემა.

სტუ-ის ინფორმაციით, ტრენინგით დაინტერესების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტს, კერძოდ კი, სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევით და საექსპერტო ცენტრს – მისამართზე: მერაბ კოსტავას 68; სტუ-ის I სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი # 539; ან დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის ცხელ ხაზს: 0322 77 11 11 (72 56) ან გაგზავნონ შეკითხვა ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: [email protected]

ცნობისათვის, სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სატრანსპორტო სისტემების სასწავლო-კვლევითი და საექსპერტო ცენტრის შემადგენლობაში შემავალი სტრუქტურული ერთეულის – „პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოს“ უმთავრესი საქმიანობაა ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ტექნიკური პერსონალის სერტიფიცირება, ასევე, #511 ტექნიკური რეგლამენტის („ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნები“) შესაბამისად, პტი ცენტრის ტექნიკური პერსონალისთვის საწყისი და განმეორებითი ტრენინგების ჩატარება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს

სომხეთის რესპუბლიკის მიერ გატარებული დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა თავის მთავარ ეტაპს აღწევს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი საუბრობს როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ასევე რეგიონის მსოფლიოს დიდ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებაზე. „ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან უფრო არსებითია, ვიდრე ოდესმე. ეს ურთიერთობები ეფუძნება ბუნებრივ ინტერესებს, რაც თანამშრომლობის ყველაზე საიმედო საფუძველი და სტაბილურობის გარანტია. ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან არის სტრატეგიული პარტნიორობის ორბიტაზე, რომელიც ხსნის განვითარების ახალ პერსპექტივებს და პოტენციალს. თურქეთთან ურთიერთგაგების თვალსაჩინო საფუძველი ჩამოყალიბდა. სომხეთის რესპუბლიკამ წარადგინა კონსტრუქციული გადაწყვეტილებები აზერბაიჯანთან ურთიერთობების ყველა არსებულ საკითხზე. სომხეთმა შემოიტანა არა მხოლოდ წინადადებები, არამედ გადაწყვეტილებები. ამ კონტექსტში, რეგიონში ესკალაციების პროვოცირების ყველა მცდელობა მოკლებულია ლეგიტიმაციას და საფუძველს, რაც ნიშნავს, რომ რეგიონის ესკალაციის მცდელობები წარმატებას ვერ მიაღწევს. ჩვენი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან უფრო პრაგმატულია, ვიდრე ოდესმე, აქცენტი კონკრეტულ საკითხებზე ემოციური შეფუთვის გარეშე. ჩვენ მოწოდებული ვართ, განვავითაროთ ეს ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე. ჩვენი მეგობრობა საფრანგეთთან გამყარდა და განვითარდა. ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე, რაც დაფიქსირდა ასევე ბრიუსელში. სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენმა ურთიერთობამ ინდოეთთან ახალი წონა და მნიშვნელობა შეიძინა. ჩვენი ურთიერთობა ჩინეთთან ვითარდება და ღრმავდება. ახლო აღმოსავლეთში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობები შეიქმნა. ეს პოზიციონირება ქმნის მყარ საფუძველს სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის მარადიულობის დღის წესრიგის წარმატებით შესრულებისთვის, რომელიც განხორციელდება დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის მომავალ ეტაპებზე“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ვლადიმერ ბოჟაძე – ბათუმში რაც მოხდა, პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის დაპირისპირება, კონფლიქტი, ძალადობა, რომელიც მიუღებელია

პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ბათუმში გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რაც ბათუმში მოხდა, დაპირისპირება იყო. „ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიაში გავრცელდა. ზვიად ქორიძის და გიორგი გახარიასთან მიმართებაშიც დაველოდოთ გამოძიებას. ძალადობა არის მიუღებელი, ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი დასაგმობია, დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება ორივე საქმეზე დაწყებულია. პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ეს არის კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულად სასტუმროში მიხდა. გუშინ რაც „შერატონში“ მოხდა, დაპირისპირება იყო. ეს იყო ძალადობა, რომელიც არის მიუღებელი. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ. მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით მხოლოდ მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ფლობს. „მოვისმინე ზვიად ქორიძის განცხადება, გახარიას პოსტი გავრცელდა, რამდენიმე წუთის წინ და ვიცი მთავარი, რომ დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ძალადობა მიუღებელია, ძალადობა შობს ძალადობას, ამიტომ ძალადობა აუცილებლად უნდა დასრულდეს და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც არ უნდა ვიყოთ. მედიის წარმომადგენელი ვიქნებით, მოქალაქე ვიქნებით, პოლიციელი, პოლიტიკოსი თუ სხვა. ჩემს თანაგუნდელებთან არ მისაუბრია. მეც გამოძიების შედეგებს ველოდები. მოვისმინე ზვიად ქორიძის პოზიცია და დამოკიდებულება, ზვიად ქორიძემ თავად მოჰყვა და თქვა, რომ ფეხებს ურტყამდა მაგიდასო. უფლება არ მაქვს ზვიად ქორიძის სიტყვებში ეჭვი შევიტანო, მაგრამ კეთილი ვინებოთ და ყველა ერთად გამოძიებას დაველოდოთ“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ალეკო ელისაშვილი: გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ე. ი. ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი...

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი გიორგი გახარია და და ზვიად ქორიძეზე განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს ეხმაურება და სოლიდარობას უცხადებს მათ: "მე რომ ქუჩაში შემაგინა ტიპმა და პასუხად შემოვცხე საქმე აღმიძრეს პოლიტიკური დევნის მუხლით. ანუ ვითომ იმ ტიპს ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით ვეძგერე. გიორგი გახარიას რამდენიმე ტიპი წიხლებით სცემდა და საქმე აღძრეს ცემის მუხლით და არა პოლიტიკური დევნის. ესე იგი ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა ხო? )))) მხნეობა და სოლიდარობა გახარიას და მხნეობა და სოლიდარობა ზვიად ქორიძეს!"- წერს ალეკო ელისაშვილი  სოციალურ ქსელში.

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი თავდასხმის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე  და ჟურნალისტ  ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს  და  მოუწოდებს  საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ  პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ  ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე  თავდასხმა  არ გახდეს წახალისებული“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უმძიმესი ავარია თბილისი-ბაკურციხის მაგისტრალზე – დაღუპულია 4 ადამიანი

თბილისი - ბაკურციხის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარ ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტრაილერი გადაბრუნდა ავტომობილებს დაეცა. ავარიის შედეგად მიღებული ტრავმებით 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი დაშავდა.შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, ხოლო თბილისი- ბაკურციხის მაგისტრალი დროებით გადაკეტილია.

ბოლო სიახლეები