ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკს, რომელიც ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ზაფხულის სეზონზე ფუნქციონირებს, პირველ ნაკადში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 240 სტუდენტი ეწვია.

ანაკლიის ბანაკი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა გახსნა. მინისტრმა პირველი ნაკადის სტუდენტებს ბანაკში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა, მათ ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის მიზნებზე ესაუბრა და სასიამოვნო დასვენება უსურვა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, პროგრამის მიზანი ახალგაზრდების აქტიური დასვენების, სოციალური ინტეგრაციის და მათი ფიზიკური თუ ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობის პარალელურად, ახალ თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და პატრიოტული ღირებულებების წახალისებაა.

ბანაკის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ვატო ბააკაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს შემეცნებითა და სიახლეებით დატვირთული დასვენება უსურვა და მათ ბანაკის ფარგლებში დაგეგმილ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

„განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ახალგაზრდობის სააგენტოს უშუალო ჩართულობით, ახალგაზრდულ ბანაკებისთვის შემუშავებულია მრავალფეროვანი აქტივობები იმ მიზნით, რომ სტუდენტებმა, სასწავლო წლის დასრულების შემდეგ, შეძლონ დასვენება, გართობა და თვალსაწიერის გაფართოება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან ანაკლიის ბანაკში 5 დღის მანძილზე დაგეგმილ ყველა ღონისძიებაში, როგორც საგანმანათლებლო-ინტელექტუალური, ასევე, სპორტული და კულტურული მიმართულებით. სასიხარულოა, რომ ბანაკი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისადაა აღჭურვილი – არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ასევე, დაცულია უსაფრთხოების ყველა მოთხოვნა. მადლობას ვუხდით სამინისტროს, პირადად მინისტრ გიორგი ამილახვარს იმ შესაძლებლობის შექმნისთვის, რაც ჩვენი ახალგაზრდების დასვენებას, მათ განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას გულისხმობს. შემეცნებითა და სიახლეებით დატვირთულ დასვენებას ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, ანაკლიის ბანაკის 5-დღიანი პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ შეჯიბრებებსა და კულტურულ აქტივობებში, ასევე, თემატურ ტრენინგებში, მათ შორის: ქართული ჯარისა და თავდაცვის ძალების საქმიანობის, ნარკოდამოკიდებულების საფრთხეების. ასევე, გლობალიზაციისა და ცვალებადი საერთაშორისო წესრიგის გავლენის შესახებ; Guest Speaker-ის ფარგლებში კი ახალგაზრდები ცნობილ პოლიტიკოსებს, სპორტსმენებსა და ხელოვანებს შეხვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 240 სტუდენტისგან შემდგარი პირველი ნაკადი ანაკლიის ბანაკიდან დღეს გამოემგზავრა.

წლევანდელი ზაფხულის სეზონზე ანაკლიის ბანაკი სტუდენტთა 13 ნაკადს მიიღებს და ჯამში 3 120 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მონაწილეთა შერჩევა პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქეთის საელჩო – ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი

საქართველოში თურქეთის საელჩო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.„უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ყველას, ვინც გლოვობს მის გარდაცვალებას.ამ მწუხარების ჟამს, გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას და სოლიდარობას“, – ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.„საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღესრულა. მარადიული ხსოვნა“,- წერს მთავარეპისკოპოსი ელია.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ისრაელის საელჩო – ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის

საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.ისრაელის საელჩოს განცხადებით, ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა გამოცხადდა

საქართველოში გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია.მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გააკეთა.ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.ილია მეორე (ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ორჯონიკიძეში (ჩრდილოეთ ოსეთი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.კათოლიკოს-პატრიარქად მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია.ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება.ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმინდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. ილია მეორემ ასევე დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.

ბოლო სიახლეები