ოთხშაბათი, მარტი 18, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მიულოცა.

„დღეს საქართველოს იურისტთა დიდ არმიას 200-ზე მეტი ძლიერი, განათლებული ახალგაზრდა შეემატა, რომლებიც შევლენ ჩვენი ქვეყნის, მმართველობის, მეცნიერების და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში და ხელში აიღებენ სადავეებს. ჩემთვის, როგორც დეკანისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლისას სტუდენტებმა შეიძინეს, გადაიტანონ რეალურ ცხოვრებაში, გამოიყენონ სამშობლოს აღმშენებლობის საქმეში და ასახელონ ჩვენი ქვეყანა მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა.

კურსდამთავრებულებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი. პროფესორმა თამარ წერეთელმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და უნივერსიტეტში მიღებული ცოდნისა და მოპოვებული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თქვენ ხართ ძალა, რომელმაც პასუხი უნდა გასცეს არსებულს სირთულეებსა და გამოწვევებს, ჩვენმა ქვეყანამ თქვენთან ერთად უნდა დასძლიოს ყველა წინაღობა. საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენზე. თავისუფლება, რომელსაც მთელი ოთხი წლის განმავლობაში თქვენს ლექტორებთან ერთად შექმენით, არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თქვენ მოგცათ შესაძლებლობა მიგეღოთ ევროპული სტანდარტის განათლება, თქვენ მონაწილეობდით ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, ქმნიდით საინტერესო გარემოს, იმარჯვებდით და მიდიოდით წინ. ახლა დადგა დრო ეს ცოდნა და გამოცდილება „გარეთ გაიტანოთ“, სამშობლოს მოახმაროთ. წარმატებებს გისურვებთ“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

ინფორმაციისთვის: 2016 წლის 25 მაისიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი იყო, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი, ძლიერი სასწავლო და სამეცნიერო კერა დაარსებულიყო, რათა სტუდენტებს სრულფასოვანი და თანამედროვე განათლება მიეღოთ. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სასწავლო ლაბორატორიები, მათ შორის: კრიმინალისტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და ემსახურება სტუდენტებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სწავლების პროცესს. ამავე ლაბორატორიაში ხორციელდება პროფესიული სწავლების 4 საფეხურიანი პროგრამა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კრიმინალისტიკის ლაბორატორია არის პრეცედენტი სასწავლო ბაზაზე არსებული ლაბორატორიის სახით და გარანტი იმასა, რომ ფაკულტეტი მოამზადებს პროფესიონალ კადრებს; პრაქტიკული სამართლის კლინიკა სტუდენტებს ადვოკატის პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება. სტუდენტები პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების ზედამხედველობით, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ატარებენ; საჯარო სამართლის ლაბორატორია, რომლის ხელმძღვანელია პროფესორი ზურაბ მელქაძე, უნიკალურია თავისი ექსპონატებითა და ბიბლიოთეკით, მასში შეიძლება ნახოთ მსოფლიოს ორმოცდაათზე მეტი ქვეყნის კონსტიტუცია, სამართლებრივი აქტები და ქვეყნების სიმბოლიკა. მათ შორის წარმოდგენილია ძველი ქართული სამართლებრივი ძეგლები, საქართველოს პირველი და მოქმედი რესპუბლიკის ამსახველი ექსპოზიცია და ა.შ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი ელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.„საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აღესრულა. მარადიული ხსოვნა“,- წერს მთავარეპისკოპოსი ელია.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ისრაელის საელჩო – ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის

საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.ისრაელის საელჩოს განცხადებით, ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია საქართველოსთვის და მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის.„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას.ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, – ნათქვამია საქართველოში ისრაელის საელჩოს სამძიმრის წერილში.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა გამოცხადდა

საქართველოში გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია.მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.

გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გააკეთა.ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ილია მეორე თავდაპირველად ჩაფიძის კლინიკაში, ხოლო შემდეგ „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ იყო გადაყვანილი.ილია მეორე (ერისკაცობაში – ირაკლი გიორგის ძე შიოლაშვილი) 1933 წლის 4 იანვარს ორჯონიკიძეში (ჩრდილოეთ ოსეთი) გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. 1957 წელს ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა; 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად; 1959 წლის 10 მაისს წმინდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად; სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაინიშნა ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად; 1960 წლის 19 დეკემბერს აღყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად შემოქმედელი ეპისკოპოსის ტიტულით; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში; 1969 წელს აღყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ.კათოლიკოს-პატრიარქად მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი  1977 წლის 23 დეკემბერს, სიონის ტაძარში გამართულ მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ერთხმად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართა პატრიარქის ინტრონიზაცია.ილია მეორის სახელს უკავშირდება საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან ეკლესია-მონასტრების აღდგენა და აშენება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, სასულიერო სასწავლებლების და გიმნაზიების გახსნა, ეპარქიების, მრევლისა და სასულიერო პირთა რაოდენობის ზრდა, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავება, არაერთი მნიშვნელოვანი გამოცემა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო წამოწყება.ილია მეორის მოღვაწეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. ილია მეორეს დაწერილი აქვს 20-ზე მეტი ხატი, რომელთა შორის გამორჩეულია ყოვლადწმინდა სამება. უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, არაერთი საღვთისმეტყველო კრებული, ბროშურა და წიგნი. ილია მეორემ ასევე დაამკვიდრა ჩვილთა საყოველთაო ნათლობის ტრადიცია.

საზღვარგარეთიდან ელოდებიან ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს – დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი

ექიმებმა დაადასტურეს, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა შეაფასონ პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, საპატრიარქოს თანამშრომელმა და დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა კავკასიის მედიცინის ცენტრთან ჟურნალისტებს განუცხადა.მისივე თქმით, როგორც ექიმები ამბობენ, კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა.„მუდმივად, პაუზის გარეშე მიმდინარეობს საჯანმრთელო პარაკლისების აღვლენა, რომელსაც საგანგებოდ მოწყობილ სიწმინდეებთან და ხატების კუთხესთან იხდის ესა თუ ის სასულიერო პირი. დაახლოებით 10-15 წუთის წინ მედპერსონალი შეხვდა როგორც სასულიერო პირებს, ასევე საერო ადამიანებს. მათ კიდევ ერთხელ ბოლო ინფორმაცია მიაწოდეს მისი უწმინდესობის არსებული ჯანმრთელობის შესახებ. განაცხადეს, რომ მდგომარეობა, სამწუხაროდ, არც თუ ისე სახარბიელოა, თუმცა მათ ხელთ არსებული ყველა სამედიცინო და ადამიანური რესურსი ჩართულია ამ განკურნების, სასწაულებრივი გაუმჯობესების ვითარებაში. მათ დაადასტურეს თავიანთ სიტყვაში, რომ საზღვარგარეთიდან ელოდებიან ძალიან გავლენიან და ავტორიტეტულ ექიმს ან ექიმთა ჯგუფს, რათა თავიანთი გამოცდილებით კიდევ ერთხელ შეაფასონ არსებული ვითარება და თავიანთი სიტყვა თქვან ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დეკანოზმა თეიმურაზ თათარიშვილმა.საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გვიან ღამით გადაიყვანეს.ექიმების ინფორმაციით, პატრიარქს კუჭიდან ძლიერი სისხლდენა ჰქონდა, რის გამოც მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდა და მოხდა სისხლდენის შეჩერება. ექიმების ინფორმაციით, ილია მეორე ამ ეტაპზე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბოლო სიახლეები