კვირა, ოქტომბერი 6, 2024
spot_imgspot_img

კახა კალაძე – ცუდია, რომ გადაიდო „ღირსეული პარტნიორი 2024“, საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისა და მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთან სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ.

„ცხადია, ცუდია, რომ გადაიდო, თუმცა ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, მეგობრობისთვის, რაც ორმხრივი უნდა იყოს, ცალმხრივი ვერ იქნება აღნიშნული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ველოდებით, რომ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ვერავინ მოიყვანს მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკური კურსი შეიცვალა.

„ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანთ, რომ საქართველოს ხელისუფლების კურსი არის შეცვლილი. ბუნებაში არ არსებობს უბრალოდ. ეს არის ფარისევლობა. არანაირი მაგალითი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოს კურსი შეცვლილია. ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არადემოკრატიული, არაევროპული ნაბიჯები გადადგა. მოყოლებული 2012 წლიდან, ყველა ხელშესახები წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე გაკეთებულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ“, – განაცხადა მან.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ხელისუფლება არ დაუშვებს, ვინმეს კარნახით ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯი გადადგას.

„საქართველო ვერ იქნება ვინმეს ვასალი. შეუძლებელია. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს და არავის მიეცემა იმის შესაძლებელობა, რომ საქართველოს ხელისუფლებას უბრძანოს და გადაადგმევინოს ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ პრობლემური იქნება ჩვენი სახელმწიფოსა და მოსახლეობისთვის. გვახსოვს მოწოდებები სანქციებთან, მეორე ფრონტთან, სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები გაღრმავდეს, მოხდეს გადატვირთვა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბოლო სიახლეები