ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

1 ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება

1 ივლისიდან საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელს ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა.

მინისტრმა განათლების სისტემის მზარდ ბიუჯეტზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც 2024 წელს უპრეცედენტო ნიშნულს – 2.51 მილიარდს ლარს მიაღწია.

სკოლამდელ განათლებაზე საუბრისას გიორგი ამილახვარმა ეთნიკური უმცირესობების გაძლიერების, მათთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისა და სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლების მიზნით ორენოვანი განათლების დანერგვაზე ისაუბრა. მისი თქმით, შესაბამისი მუნიციპალიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლების მჭიდრო თანამშრომლობით ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს – 2023-2024 სასწავლო წლისთვის პროგრამის მონაწილე არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებების 61% ჩართულია ბილინგვური განათლების პროგრამაში.

მინისტრმა განათლების პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც 2023 წელს დაფუძნდა, სასკოლო განათლების  სტრატეგიული მიმართულებების – ეროვნული  სასწავლო გეგმის, სასკოლო სახელმძღვანელოებისა და  მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის კომპლექსური შეფასების მიზნით,  გასულ წელს,   სამი ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა. კვლევების მიზანი იყო   სასკოლო განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ განსხვავებული მოსაზრებების და პოზიციების შეჯერება და ამის გათვალისწინებით სამომავლო გეგმების დასახვა.

გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. მათ შორის, განსაკუთრებით გამოყო –  ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტის დამტკიცების, ყველა საგნობრივი სტანდარტის რევიზიის, სკოლებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისა და სკოლებისთვის მეტი აკადემიური თავისუფლების მინიჭების საკითხები.

მინისტრმა მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით და გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნის მიზნით იცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა, რის შედეგადაც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა მოხდება.  მისი თქმით,  2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ გაიზრდება 500 ლარით.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გერმანიაში მდებარე შპანგდალემის აშშ-ის სამხედრო ბაზა მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა

გერმანიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა.ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. საუბარია ნატო-ს ერთ-ერთი უმსხვილეს ბაზა შპანგდალემზე.ასევე ცნობილი ხდება, რომ საბერძნეთის კუნძულ კრეტიდან საუდის არაბეთში გადაისროლეს კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი E-11A, რომელიც ბრძოლის ველზე შეუფერხებელ კომუნიკაციებს უზრუნველყოფს.

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

 1-5 თებერვალს, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღიკვეთა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 258 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 75, 186 ლარი შეადგინა.ორი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ერთი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად,  საერთო ჯამში  7763 ლარით დაჯარიმდა.

„ბიბისი“ – სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას

სი ძინპინმა ტრამპს განუცხადა, რომ აშშ-მა წინდახედულება უნდა გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას, – ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჩინეთის ლიდერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად ტაივანი დაასახელა.სი ძინპინმა მოუწოდა აშშ-ს, წინდახედულება გამოიჩინოს ტაივანისთვის შეიარაღების მიწოდებისას. მისივე თქმით, პეკინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვაშინგტონთან კავშირებს და იმედი გამოთქვა, რომ მხარეები განსხვავებების გადასაჭრელად გზებს გამონახავენ.სი ძინპინმა ტაივანს „ჩინეთის ტერიტორია“ უწოდა და თქვა, რომ „ჩინეთმა უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.ჩინეთის ლიდერის თქმით, ტაივანის დამოუკიდებლობის მხარდაჭერის მცდელობები „დააჩქარებდა ტაივანის სრუტეში სახიფათო და ძალადობრივი სიტუაციის ზრდას“.ცნობისთვის, დეკემბერში ტრამპის ადმინისტრაციამ ტაივანისთვის დაახლოებით 11 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის გაყიდვის შესახებ განაცხადა, რაც მოიცავს რაკეტების გამშვებ დანადგარებს, თვითმავალ ჰაუბიცებს და სხვადასხვა სახის რაკეტებს.დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან სატელეფონო საუბარს „შესანიშნავი“, „ხანგრძლივი“ და „სიღრმისეული“ უწოდა.ტრამპის ინფორმაციით, აშშ-ის და ჩინეთის ლიდერებმა საუბრისას ასევე განიხილეს რუსეთის ომი უკრაინაში, არსებული სიტუაცია ირანში, ჩინეთის მიერ ნავთობისა და ბუნებრივი აირის აშშ-ისგან შესყიდვის საკითხები. „ბიბისის“ ცნობით, დონალდ ტრამპი ჩინეთში ვიზიტს აპრილში გეგმავს.

პაატა სალია – მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო როგორც ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების, ისე ახალი პარტნიორების შესაძენად.მისი თქმით, სამიტის სესიებში მონაწილეობა, სადაც სახელმწიფოები სხვადასხვა სფეროში საკუთარ გამოცდილებას აზიარებდნენ, განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო შუა დერეფნის ქვეყნებისთვის.„მსოფლიოს მთავრობათა სამიტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, სადაც ხდება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება, საუბარი საერთაშორისო გამოწვევებსა და იმ საერთო ინტერესებზე, რომლებიც შესაძლოა, ამა თუ იმ ქვეყანას ჰქონდეს. გარდა ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც ხდება ურთიერთობის გაღრმავება არსებულ პარტნიორებთან და ახალი პარტნიორების შეძენა. ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ არაერთ სესიაში, რომლებიც ეძღვნებოდა გლობალურ სამხრეთს, ეძღვნებოდა შუა კორიდორის ქვეყნების ინტერესებს; ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მონაწილეობა სესიაში, სადაც განიხილეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საჯარო მმართველობაში. ჩვენ დამსწრე საზოგადოებას გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება, მოვისმინეთ საინტერესო იდეები ისეთი მოწინავე ქვეყნებისგან, როგორიცაა სამხრეთ კორეის რესპუბლიკა“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კირილ დმიტრიევი – უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა პოზიტიური მიმართულებით მიდის, ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას

უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების საკითხში პროგრესია, წინსვლა კარგი და პოზიტიური მიმართულებით მიმდინარეობს, – ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან ინვესტიციებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა.დმიტრიევის თქმით, „ევროპიდან და ბრიტანეთიდან ომის მომხრეები გამუდმებით ცდილობენ ამ პროცესში ჩარევას“.„რაც უფრო მეტი ასეთი მცდელობა ხდება, მით უფრო მეტად ვხედავთ, რომ, რა თქმა უნდა, პროგრესი არსებობს“, – აღნიშნა კირილ დმიტრიევმა.

ბოლო სიახლეები