ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026

მეუფე შიო: ვიფხიზლოთ სანამ გვაქვს ეს დრო, ჩვენი სულის ლამპრები შევავსოთ სიკეთით

როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა ნინოს ხსენების დღეს, ქადაგებისას განაცხადა.

„წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) მის შესახებ ამბობს ასეთ სიტყვებს: „მოგვევლინა წმინდა ნინო, რომელმაც გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული, რამაც განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალი ცხოვრებისთვის და წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არა მხოლოდ სულიერად, არამედ ხორციელადაც“.

მისი ხსენების დღეს ყოველთვის იკითხება სახარებისეული იგავი ათი ქალწულის შესახებ, ვინაიდან წმინდა ნინო იყო ბრძენი ქალწულის ნამდვილი მაგალითი. ეს იგავი მოგვითხრობს, რომ ქალწულები ანთებული ლამპრებით ელოდნენ სიძის მოსვლას, მაგრამ ჭკვიანმა ქალწულებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც მოიმარაგეს. ამიტომ, როდესაც სიძემ დააყოვნა და ღამით მოვიდა, ისინი ანთებული ლამპრებით შეეგებნენ მას, ხოლო სულელ ქალწულებს ზეთი მოაკლდათ. ამიტომ ჩამქრალი ლამპრებით შეხვდნენ სიძეს და ქორწილში ვერ შევიდნენ ამის გამო. სიძემ მათ უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ გიცნობთ მე თქვენ“ (მთ. 25:12).

ამ იგავში საუბარია ღმერთთან შეხვედრაზე, რომელიც ყოველ ადამიანს მოუწევს გარდაცვალების შემდეგ. ასევე იმაზე, შეძლებს თუ არა ადამიანი, თავისი კეთილი საქმეების გამო, ღმერთისთვის ანგარიშის ჩაბარებას. ეს იგავი გვასწავლის, რომ რწმენასთან ერთად აუცილებელია, გვქონდეს კეთილი საქმეებიც, ვინაიდან მათ გარეშე სულიერი წარმატება შეუძლებელია. სულელ ქალწულებს ეს კეთილი საქმეები არ ჰქონდათ, ჭკვიან ქალწულებს კი ჰქონდათ იმიტომ, რომ მათ იზრუნეს სიძესთან სათანადო შეხვედრისთვის.

როგორც არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ნებისმიერ შემთხვევაში მისი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა ქრისტესთან შეხვედრისკენ მიმავალ გზაზე სიარული. ყველა ადამიანს მოუწევს მასთან შეხვედრა. ამიტომ ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა ვემზადებოდეთ ამ შეხვედრისთვის.

ეს იგავი გვაფრთხილებს, რომ ჩვენი უზრუნველობის გამო, შეიძლება, სავალალო შედეგი მივიღოთ, მოუმზადებელი აღმოვჩნდეთ ღმერთთან შეხვედრისთვის. ეს უზრუნველობა ჩვენთვის ძალიან ნაცნობია, რომელიც ზარმაცობს, რომელიც თავისი სულის გადარჩენისთვის არაფერს აკეთებს და იმედოვნებს, რომ შემდგომ, მომავალში, მოასწრებს ცხოვრებასაც, მოასწრებს სინანულსაც, მოასწრებს გამოსწორებასაც, ისწავლის სიყვარულსაც, და ა.შ. ის ფიქრობს, რომ ნუთუ მოულოდნელად მოვა სამსჯავრო და ღამით მოვა უფალი? ამიტომ ჯერ დრო მაქვს, ჩემი სიამოვნებისთვის ვიცხოვრო, შემდგომ მოვასწრებ მომზადებას, როცა შემატყობინებენ სამსჯავროს მოახლოებას. ასე ფიქრობს ის, მაგრამ ასეთი ადამიანისთვის სამსჯავრო ყოველთვის მოდის ღამით და მოულოდნელად. რატომ? იმიტომ, რომ როცა ადამიანს სძინავს, მისთვის ნებისმიერი დრო ღამეა. ამ იგავს უფალი იესო ქრისტე ასრულებს შემდეგი სიტყვებით: „მაშ, იფხიზლეთ, რადგან არ იცით, არც დღე და არც ჟამი, როდესაც ძე კაცისა მოვა“ (მთ. 25:13).

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენც ვიფხიზლოთ, რომ სანამ გვაქვს ეს დრო, ჩვენი სულის ლამპრები შევავსოთ სიკეთით, გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის ქორწილში და ღირსი გავხდეთ, ღმერთისგან მივიღოთ მარადიული სიკეთეები, რაშიც შეგვეწიოს წმინდა მოციქულთასწორი, ქართველთა განმანათლებელი ქალწული ნინო, რომელმაც დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა.

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, მისი ღვაწლი ნამდვილად შეიძლება იწოდოს წმინდა ნინოს მოციქულებრივი მსახურების გაგრძელებად, რისთვისაც ვმადლობთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას და ვუსურვებთ დღეგრძელობას და ჯანმრთელობას.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ნინოობის შესანიშნავ, დიდებულ დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ, წმინდა ნინომ დაგლოცოთ და წმინდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ,-განაცხადა ქადაგებისას მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით – უპირველეს ყოვლისა,...

თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებით. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, სიბრძნის დასაწყისია ღვთის შიში.“გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ახალი საეკლესიო წლის დაწყებას. ახალი წლის დასაწყისში, ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ეს წელი იქნება უფრო ბედნიერი, უფრო კარგი, მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულსა და ცხოვრებაშიც.დღეს ასევე იწყება სასწავლო წელიც. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, მთავარი სიბრძნე არის თვით სიბრძნის მოხვეჭა და მისი მოხვეჭა უმჯობესია ყოველგვარი ოქროსა თუ ვერცხლის მოხვეჭაზე. სიბრძნის დასაწყისი რა არის? - ღვთის შიში. ასე, რომ თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებისთვის. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ალექსანდრე ტაბატაძე – არ ვფიქრობ, რომ სუს-ის უფროსის ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როცა საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს...

არ ვფიქრობ, რომ ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.მისივე თქმით, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატი თამაზ ბორაშვილი კვალიფიციური კადრია.„ძალიან მახარებს, რომ თამაზ ბორაშვილი წამოსულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წიაღიდან. მას გავლილი აქვს თითქმის ყველა თანამდებობრივი პოზიცია. ის არის კვალიფიციური კადრი.არ ვფიქრობ, რომ ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ, გარდა იმისა, რომ უნდა ეცადო, სამსახური ისევ იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ასრულებდეს თავის ფუნქციებს“, - განაცხადა ტაბატაძემ.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს – მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.„პრემიერმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იგი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბერს დაამტკიცებს

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბერს დაამტკიცებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.მან სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, გელა გელაძეს, ამ თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის გამო, მადლობა გადაუხადა.„ოთხშაბათს დილას ჩაინიშნება თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს სხდომა. პარლამენტში კანდიდატურაზე კენჭისყრა გვექნება ოთხშაბათს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

სალომე ზურაბიშვილი – მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება

რეალურად მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებს.როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი წერს, „პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა“.„ანუ პოლიტიკურმა, პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და „პირველად 30 წლის მანძილზეო“, სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერა-გამოვლილ ადამიანსო. ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე?! რეალურად, მმართველ გუნდს რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება. თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი „გენერალი“ და მისი კლანი?“ - წერს ზურაბიშვილი.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, სოციალურ ქსელში თავად დაწერა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღესვე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ბოლო სიახლეები