კვირა, მარტი 15, 2026

“ქართული ოცნება”: შანტაჟი ვერ გვაიძულებს, ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ, სანქციები კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს

შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ასევე წერია, რომ, ენტონი ბლინკენის განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით დაანონსდა სავიზო შეზღუდვების შესაძლო დაწესება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც არის იმ ანტიქართული რიტორიკის გაგრძელება, რომელსაც 2012 წლიდან ვისმენთ და რომელიც განსაკუთრებით 2021-22 წლებში გააქტიურდა. შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, რომელიც ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

ენტონი ბლინკენის სახელით გაკეთებული განცხადება და სავიზო შეზღუდვებით შანტაჟი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შეზღუდვის უხეში მცდელობა, რაც განსაკუთრებით ცინიკურად წარმოგვიდგება იმ ფონზე, რომ საქართველო ორ დღეში ეროვნული დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ეს არის უპრეცედენტო მოვლენა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი ემუქრება მეორე ქვეყნის კანონმდებელს სანქციებით მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. ეს მოვლენა ნაცრისფერი ასოებით ჩაიწერება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგოდ დღემდე ვერავინ ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა. აღარც იმაზე ვამბობთ აღარაფერს, რომ მსგავსი კანონები ბევრად უფრო მკაცრი ფორმით მოქმედებს თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, არაერთ სხვა სახელმწიფოში, რომელთა მიმართაც აშშ-ს არავითარი სანქციები არ დაუწესებია. აგრეთვე, ამგვარი კანონპროექტი აქტიურად განიხილება ევროკავშირშიც. მეტიც, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში დაინიცირებული კანონი მისი საარჩევნო კამპანიის წამყვანი ხაზი იქნება, რადგან დღეს ევროპისთვის უცხოური გავლენები და ჩარევა ყველაზე დიდი გამოწვევაა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სანქციების გავრცელება ოჯახის წევრებზე, მათ შორის არასრულწლოვან შვილებზე, არის სანქციის ფორმა, რომელზეც არა მხოლოდ ევროპამ თქვა გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან მკაცრად უარი, არამედ 60-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირშიც კი აღარ გამოიყენებოდა. ცივილიზებულ სამყაროში ათწლეულების მანძილზე საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ ე.წ. სუბიექტური შერაცხვის პრინციპის უარყოფა, ანუ სანქციის ოჯახის წევრებზე გავრცელება ფაშისტურ-ბოლშევიკური მოვლენაა. ახლა კი, სანქციის ამ ფორმას ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენელი იყენებს, რაც გამაოგნებელია.

თუმცა, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა ძალებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან საუბარში ერთ-ერთი ევროკომისარის პირით სლოვაკეთის პრეზიდენტზე ტერორისტული თავდასხმა მაგალითად მოიყვანეს და ამით, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები სიცოცხლის მოსპობით დააშანტაჟეს, სავიზო შეზღუდვის დაწესებაზე საუბარი აღარც მოულოდნელია და აღარც გასაკვირი.

იმასაც შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ ანალოგიური სავიზო შეზღუდვა, ასევე ყოველგვარი დასაბუთების და ფაქტების გარეშე, ბლინკენის სახელით ქართველ მოსამართლეებს დაუწესდა, შემდეგ კი ცინიკურად განაცხადეს, რომ ფაქტების მოწოდებას არ აპირებდნენ და საკითხი ჩვენ თავად უნდა გამოგვეძიებინა. სავიზო შეზღუდვის მიუხედავად, სასამართლო სისტემა აგრძელებს გამართულად ფუნქციონირებას და ამ გადაწყვეტილებამ ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახდინა. მეტიც, მას შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ კიდევ არაერთგზის დაადასტურა, რომ ქართული სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებებს იღებს და სამართალს ემსახურება.

იმასაც შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირის ორი კანდიდატი ქვეყნის – სერბეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირებს აქვთ აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციები, თუმცა, ორივე ქვეყანა აგრძელებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და ამ მხრივ არავითარი შეფერხება არ იქმნება.

დასასრულს, კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტითა და უსაფრთხოებით ვაჭრობას. ვერავითარი შანტაჟი ვერ გვაიძულებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადავდგათ. ასეთ ვითარებაში, სანქციები მხოლოდ კონტრპროდუქტიულია და თავად სანქციის დამწესებელს აზიანებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ პრაგმატულად და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის, რაც თანაბრად შედის როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ხალხის ინტერესებში“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულის მერი: სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი  ექიმები და ფსიქოლოგები მოსახლეობას ეხმარებიან… ქუთაისი-ტყიბულის გზა ისევ გადაკეტილია

12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.„სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავის შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „ტყუილების გავრცელების გამო“

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელმა ამერიკული მაუწყებლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისა დროს „ტყუილებისა და დამახინჯებული ახალი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.ბრენდან კარმა, რომელიც კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარეა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში „ყალბი ამბები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ მაუწყებლობის ინდუსტრია „გეზს არ გამოასწორებს“, მათ შესაძლოა, მაუწყებლობის ლიცენზიები გაუუქმდეთ.„მაუწყებლებმა უნდა იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ლიცენზიებს“, – თქვა კარმა.მის ჩანაწერს ერთვოდა სოციალურ ქსელში, „თრუს სოშიალში“ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ის ამერიკული მედიის ნაწილის მიერ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებას „შეცდომაში შემყვანსა“ და „საშინელს“ უწოდებს.

ჰაკან ფიდანი – აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ თუ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განაცხადებით, თუ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს.„სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი, თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი  გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი“, – განაცხადა ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარის შეტევები „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ საბრძოლო მოქმედებები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას“. ფიდანმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს მდგომარეობა მუდმივ ხასიათს არ მიიღებს“.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამით მან კომენტარი გააკეთა იმ ინციდენტებზე, როდესაც ირანიდან გაშვებული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.„ჩვენი გულწრფელი ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ასევე ჩვენი გაგება და კონსტრუქციული მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კომპრომისზე წავალთ. როგორც იცით, კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისკენ იყო მიმართული, ჰაერში განეიტრალდა. ამ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ირანელ კოლეგებთან“,- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამასთან, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მიუხედავად შესაძლო პროვოკაციებისა.

დონალდ ტრამპი – მოვისმინე, რომ მოჯტაბა ხამენეი აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ცოცხალია, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ ცნობებს „ჭორები“ უწოდა.„არ ვიცი, საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება“, –  განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „ენბისისთან“ სატელეფონო ინტერვიუში.„მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.მოჯტაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს დაინიშნა, თუმცა მას შემდეგ არცერთი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა, სადაც ის თავად ჩანს. ამ კვირის ბოლოს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მისი მიმართვა გაავრცელა, თუმცა ტექსტი წამყვანმა წაიკითხა.ზოგიერთი ინფორმაციით, ხამენეი, შესაძლოა, დაჭრილი იყოს. ეს ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.13 მარტს აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა  განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეი „დაჭრილია და, სავარაუდოდ, დასახიჩრებული“.

დონალდ ტრამპი – ზელენსკისთან შეთანხმება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „შეთანხმება ბევრად უფრო რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.ტრამპმა კითხვას უპასუხა, რომელიც რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ აშშ-ის მხრიდან რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკას ეხებოდა.ცნობისთვის, აშშ-მა დროებით დაუშვა იმ რუსული ნავთობის გაყიდვა, რომელიც უკვე ტანკერებზეა, რათა შემცირდეს ენერგომატარებლების ფასები, რომლებიც მკვეთრად გაიზარდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.ტრამპმა განაცხადა, რომ მას „მხოლოდ მსოფლიოსთვის ნავთობის მიწოდება სურს“.მისივე განმარტებით, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ დაბრუნდება, როგორც კი კრიზისი დასრულდება. შემდეგ კი მან უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა.„მიკვირს, რომ ზელენსკის არ უნდა შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, წავიდეს შეთანხმებაზე, რადგან პუტინს უნდა შეთანხმება“, – თქვა ტრამპმა.ამავე ინტერვიუში ტრამპმა უარყო უკრაინის შეთავაზება, დაეხმაროს აშშ-ს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში.მან განაცხადა, ზელენსკი ბოლო ადამიანია, რომლისგანაც ვაშინგტონს დახმარება სჭირდება.ტრამპს ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე, რომ რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.„შესაძლოა, რუსეთი აწვდის ინფორმაციას, შესაძლოა – არა“, – თქვა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მისი ქვეყანა „იმავეს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ“:„ჩვენც ვაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას უკრაინას და ვცდილობთ მშვიდობის დამყარებას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები