ოთხშაბათი, იანვარი 1, 2025

გიორგი გუგავა: პარლამენტში რომ 50 მულტიმილიონერი გვიზის, ეს სწორედ კორუფციის დამსახურებაა

ამის შესახებ გიორგი გუგავამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა:

“პარლამენტის სიის ფორმირება, რომელსაც ივანიშვილთან ერთად კობახიძე ედგა სათავეში მოხდა კორუფციის საფუძველზე. ჩვენ რომ 50 მულტიმილიონერი გვყავს პარლამენტში, მათ ფული გამოართვეს და ამ ნიშნით ჩასვეს სიაში, ამავე დროს იყიდეს მათი დუმილი, მათი თანხმობა, სამაგიეროდ ისინი იმარჯვებენ ტენდერებში და ის ფული რომელიც უნდა ხმარდებოდეს ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს, ეს ფული მიდის კორუფციულ საერთოში “ობშიაკში”,- განაცხადა გუგავამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს

მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი, სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა, მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. „გილოცავთ ახალ წელს! გილოცავთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ შვილს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თითოეულ მკვიდრს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! 2024 წელი იყო მრავალი სირთულით სავსე ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს კვლავაც უწევდა უთანასწორო ბრძოლა მშვიდობის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად; უწევდა ბრძოლა გარედან თავს მოხვეული სიძულვილის წინააღმდეგ. თუმცა, მთავარი ისაა, რომ საქართველო 2024 წელს ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა. საქართველომ გაიმარჯვა 26 ოქტომბრის რეფერენდუმშიც, სადაც ქართველი ხალხი მტკიცედ დადგა თავისუფლების, დამოუკიდებლობის, მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის მხარეს! საქართველოს წარმატებას 2024 წელს, ისევე, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში, მრავალი ადამიანი ქმნიდა. მადლობა პედაგოგებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ექიმებს, გლეხებს, ფერმერებს, მუშებს, მეწარმეებს, საჯარო მოსამსახურეებს, ყველა პროფესიის წარმომადგენლებს, რომლებსაც თქვენი წვლილი შეგაქვთ სამშობლოს წარმატებაში. ახალ წელს გილოცავთ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უამრავი სირთულის მიუხედავად, დღემდე მოიტანეთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და წარმატება. ახალ წელს გილოცავთ ახალგაზრდებს, რომლებმაც თქვენი განათლებითა და პატრიოტიზმით უნდა შექმნათ საქართველოს ნათელი, წარმატებული, ევროპული მომავალი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, უსაფრთხოების სტრუქტურების წარმომადგენლებს. თითოეულ თქვენგანზე განსაკუთრებულად არის დამოკიდებული ქართული სახელმწიფოს თავისუფლება და ძლიერება. მადლობა თქვენი ერთგული და ღირსეული სამსახურისთვის სამშობლოს წინაშე. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს დედა-ეკლესიას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თითოეულ სასულიერო პირს, რომელთა ღვაწლი საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირებულებების დაცვასა და შენარჩუნებაში ფასდაუდებელია. მადლობას ვუხდი ყველა რელიგიურ კონფესიას ტრადიციული ფასეულობების დაცვაზე ზრუნვისთვის. 2024 წელი იყო გამარჯვებებით სავსე წელიწადი. ჩვენი გამარჯვებები ყველაზე უკეთ სპორტულ წარმატებებში გამოიხატა. პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, სადაც დაუვიწყარი დღეები გვაჩუქა. ასეთივე წარმატებას მიაღწიეს ახალგაზრდა ფეხბურთელებმა. ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს ქართველმა ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები გვაჩუქეს ჩვენმა კალათბურთელებმა, მორაგბეებმა, წყალბურთელებმა, ხელბურთელებმა. 2024 წელი იყო უპრეცედენტოდ წარმატებული სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობისთვის. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რამდენად ძლიერია ქართული გენი, რომელსაც ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. 2024 წელი იყო წარმატებული ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. განხორციელდა არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქმნის მყარ საფუძველს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. დარწმუნებული ვარ, 2025 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. რაც მთავარია, მინდა ვისურვო, 2025 წელი ყოფილიყოს სიძულვილის დამარცხებისა და სიყვარულის გამარჯვების წელიწადი. სადაც ქართველებს ერთმანეთი გვეყვარება, იქ ვერავითარი გარე მტერი ვერ დაგვამარცხებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ დამდეგ შობას! გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას, სიყვარულით, სიკეთით და გამარჯვებებით სავსე 2025 წელს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს! ღმერთი ფარავდეს თქვენს ოჯახებს!“, - აღნიშნავს პრემიერი.

შალვა პაპუაშვილი – მჯერა, 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება – ჩვენ გავიმარჯვეთ მშვიდობისთვის, ახალი წლიდან კი უნდა გავიმარჯვოთ კეთილდღეობისთვის და...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაშია აღნიშნული, გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ, მისი თქმით, ახალი 2025 წელი საქართველოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ,,ძვირფასო თანამემამულენო, საქართველოში და უცხოეთში მცხოვრებო თანამოქალაქეებო. ყველას გილოცავთ დამდეგ 2025 წელს. გილოცავთ ახალი, იმედითა და გამარჯვებით აღვსილი წლის დადგომას. ახალ წელს თითოეულ თქვენგანს და სრულიად საქართველოს განსაკუთრებით მინდა ვუსურვო ორი რამ - მშვიდობა და ერთობა. ჩვენი სამშობლოს ისტორიული გზა არასდროს ყოფილა იოლი, მაგრამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველომ და მსოფლიომ ურთულესი პერიოდი გაიარა. გლობალური პანდემია, დამანგრერეველი ომები ჩვენს გარშემო, საშიში გეოპოლიტიკური დაპირისპირება. განვლილმა წლებმა განსაკუთრებით დაგვანახა მშვიდობის ფასი, სიმტკიცის ფასი, სიბრძნის, სიფრთხილისა და წინდახედულების ფასი. ჩვენ გავაცნობიერეთ და აღვიქვით, რას ნიშნავს გქონდეს პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდე ღვთისგან ბოძებულ და წინაპართაგან დატოვებულ საუნჯეს, ჩვენს ქვეყანას, მის ისტორიას, წარსულს, აწმყოს და მომავალს. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, ერთადერთი სწორი და ბრძნული არჩევანი მშვიდობის პოლიტიკაა. ამავე დროს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ, მშვიდობასთან ერთად, წარმატება საქართველოსთვის მოაქვს ერთადერთ პრინციპს, რომელიც ასევე დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ძალა ერთობაშია - ეს მარტივი ფორმულა იტევს მთელი საქართველოს ისტორიას, ჩვენს აწმყოსა და მომავალს. როდესაც ვართ ერთად, მაშინ ვართ მტკიცედ, და როდესაც ვართ მტკიცედ, ყოველთვის ვიმარჯვებთ. სწორედ ერთობამ, თანხმობამ და სიმტკიცემ განაპირობა საქართველოს გადარჩენა, წინსვლა და განვითარება. გასული 2024 წელი იყო არაერთი გამარჯვების წელი, მაგრამ ჩვენი დიდი და მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინაა. მჯერა, დამდეგი 2025 წელი ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამარჯვებისთვის გარდამტეხი წელი იქნება. ჩვენ გავიმარჯვეთ ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ ეროვნული თვითმყოფადობის გაძლიერებისთვის, ჩვენ გავიმარჯვეთ მშვიდობისთვის. ახალი წლიდან კი ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი კეთილდღეობისთვის და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის. გილოცავთ ახალ წელს! ღმერთმა დაიფაროს საქართველო და დალოცოს ჩვენი ოჯახები!”– აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვაში.

მიხეილ ყაველაშვილი – მჯერა, 2025 იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი – საზოგადოების ერთიანობა სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის

მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი - საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის , - ამის შესახებ საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა საახალწლო მილოცვისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ „ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს“. „ჩემო ძვირფასო საქართველოს მოქალაქეებო, გილოცავთ ახალ წელს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და სიხარულს. განსაკუთრებული სიყვარულით მინდა, მივულოცო ჩვენს პატარებს. ვისურვებ, სწორედ დღევანდელი ახალი წლის ჯადოსნური ღამე ყოფილიყოს მათი ოცნებებისა და სურვილების ასრულების დასაწყისი. სიყვარული, სითბო და სიხარული შემოსულიყოს 2025 წელს თითოეული ჩვენგანის ოჯახში. სწორედ განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა მივულოცო ახალი წელი ჩვენს აფხაზ და ოს და-ძმებს. ახალი წლის სიხარული ყოფილიყოს ჩვენი საერთო, ბედნიერი მომავლის საწინდარი. მე მჯერა, ეს იქნება კეთილის ბოროტზე გამარჯვების, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებისა და გაძლიერების წელი. საზოგადოების ერთიანობა ჩვენი სამშობლოს გარშემო, მაგალითის მიმცემი უნდა იყოს პოლიტიკოსებისთვის, რათა მათაც მოახერხონ საერთო ენის გამონახვა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. სწორედ სიყვარულზე და ურთიერთპატივისცემაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი მომავალი ერთობა. ისეთ უანგარო სიყვარულზე, როგორც ქართველ ბებია-ბაბუებს უყვართ საკუთარი შვილიშვილები და პატივისცემაზე, რაც ქართულ ტრადიციულ ოჯახში ბებია-ბაბუების მიმართ დამოკიდებულებაში ვლინდება. დაე, ყოფილიყოს 2025 წელი ქართველების დიდი სიყვარულისა და ერთიანობის წელი. დაე, გაიმარჯვოს სიყვარულის ძალამ ყველა იმ ცდუნებაზე, რაც შეიძლება გვყოფდეს და გვაპირისპირებდეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი...“, - აღნიშნავს მიხეილ ყაველაშივლი.

გიორგი გახარია – “ქართულმა ოცნებამ” პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, დანიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა. „ოცნებამ" შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გირგი გახარიამ რუსთაველის გამზირზე განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები და უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები. „დღეს რაც ხდება, ეს არის ნამდვილი გამოვლინება იმ ჭეშმარიტი ქართული სულისკვეთების, რომელიც გააღვიძა „ქართულმა ოცნებამ". ამისთვის „ქართულ ოცნებას“ მადლობა უნდა ვუთხრათ. გრძელვადიან, ისტორიულ პერსპექტივაში „ქართულმა ოცნებამ" ეს მადლობა რომ დაიმსახუროს, პირველ რიგში უნდა გაათავისუფლოს უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანები, უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები და შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება იქნება შესაძლებელი. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ნამდვილი ქართული სულისკვეთება აქაა. „ოცნებამ" შეძლო და საქართველოს მოქალაქეებს ჯერ ხორუმი აცეკვა რუსთაველზე, ხოლო დღეს სუფრა გააშლევინა. ვინ არის ჭეშმარიტი პატრიოტი და ვის ესმის, რა არის ქართული კულტურული იდენტობა, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა და საქართველოს მოქალაქეებიც კარგად ხედავენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შობა–ახალი წლის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

ახალი წელი მსოფლიოში განსაკუთრებული დღესასწაულია. საქართველოში საახალწლო ტრადიციები დიდი ხნის წინ დამკვიდრდა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ჩვენთან ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. IV საუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან –მარტიდან იწყება. იანვარში კი ახალი წლის აღნიშვნა ჯერ კიდევ X საუკუნეში დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. სწორედ ამ პერიოდში დაწესდა ძალიან ბევრი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალი. ნახეთ, როგორ ხვდებოდნენ და ახლა როგორ ეგებებიან ახალ წელს საქართველოს კუთხეებში: ქართლ-კახეთი ქართლსა და კახეთში ახალი წლისთვის ჩამიჩიან პურებს, იგივე ნაზუქებს აცხობენ. ოჯახის ყოველს წევრს თითო ჩამიჩიანი პური უნდა შეხვდეს. ახალი წლის ღამეს ყველა თავის ჩამიჩიან პურს ტეხს. ახალი წლის ღამეს  ჩურჩხელებს, ჩირს,  ღორის თავს ჩამიჩიან პურებთან ერთად ხახალაზე აწყობენ და თან არაყსა და ღვინოსაც მიუდგამენ გვერდით. გამთენიისას ოჯახის უფროსი გარეთ გადის და სახლს სამჯერ შემოუვლის. შინ შემობრუნებისას კი ოჯახის წევრებს ახალ წელს ულოცავს და საგანგებოდ მომზადებული ჯამიდან ყველას თითო ლუკმა პურს უდებს პირში. ქართლი ქართლში თავდაპირველად აცხობენ ბასილას ქანდაკებას, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. გამთენიისას ოჯახის უფროსი ხონჩაზე ღორის თავს დადებს, ირგვლივ ბედის კვერებს შემოუწყობს და ზედვე ბასილას ქანდაკებას დაასვენებს. ხონჩის ერთ გვერდზე “დასაბერებლად” თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს ჯამით მოათავსებს და ანთებულ სანთლებს მიაკრავს. ამ საახალწლო ხონჩას ქართლში,,აბრამიანს” უწოდებენ. თუშეთი თუშეთში, ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებენ. ამიტომ,  თუშებიც თავიანთ „წელწდობას“ მოწიწებით ეგებებიან. საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს „ქრისტეს საგძალს“, კაცზე „ბაცუკაცს“ და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და „კერის კვერს.“ საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!“ ფშავი მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.“ ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, „დააბერებს“ და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან. ხევსურეთი ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო. რაჭა საახალწლოდ ორ ბაჭულს აცხობენ, ერთს ახალი წლისთვის, მეორეს ძველისთვის. აცხობენ აგრეთვე ადამიანის სახის კაც-ბასილას და ერთ დიდ პურს "კერია-ბერიას", რომელსაც სხვადასხვა სახეებით აჭრელებენ. ამ ნამცხვრებს ოჯახის უფროსი ცხრილზე დაალაგებს და ბეღელში შეინახავს. მამლის პირველი ყივილისას "მაკვრიელი" ან მეკვლე ცეცხლს დაანთებს. შემდეგ გარეთ გავა, მარხილზე დაწყობილ ნეკერს მოტეხს, ჩიჩილაკს აიღებს და ბეღელში შევა. შემდეგ შინ შემოვა ლოცვით: "შემოვდგი ფეხი გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: შეძენის და მოგების, მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის, პურიანობის",  შემდეგ წყლის მოსატანად წავა.  მეკვლე ყველას ხელპირს დააბანინებს. საუზმის დროს კი ოჯახის ყველა წევრს "კერია-ბერიას" უნაწილებენ. რაჭაში თუ წინა წლის მეკვლეს ოჯახი კარგად დასცდიდა, მას კიდევ სამი წლით ირჩევდნენ. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში პირველი ულოცავდა. რაჭულ საახალწლო სუფრას ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი ამშვენებს. ლეჩხუმი ლეჩხუმში ახალ წელს, ნაშუადღევს, ოჯახის უფროსი მამაკაცი ზურგზე მოიკიდებდა მეორე მამაკაცს და ვენახისკენ გასწევდა. თან მიჰქონდა ტაბლა, რომელზდაც ეწყო ღვინიანი ჭიქა, ღორის შემწვარი ხორცი, ანთებული სანთელი და ხორბლის ერთ-ერთი ჯიშის – ზანდურის თავთავების კონა. ამის შემდეგ კაცს ჩამოსვამდა, თავთავების კონას სარზე ჩამოაცვამდა, ტაბლას წაღმა შეატრიალებდა, მერე ღვინით დაილოცებოდნენ და მიტანილ სანოვაგეს შეექცეოდნენ. სვანეთი სვანეთში ახალი წლის ღამეს ყველიან პურს აცხობენ, რომელთაგან ერთი სხვებთან შედარებით დიდია და შუაში ჯვარი აქვს გამოსახული. მეკვლე კარებზე დააკაკუნებს სიტყვებით: კარი გააღეთ, ღვთის წყალობა მომაქვს, სახლში შესვლისას კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვარიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ფულს, ყველას დაუვლის და დღესასწაულს ულოცავს. რაც შეეხება მეკვლეს, ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩააწყობენ თაფლს, ყველს, ხორცსა და სხვა სანოვაგეს და სახლის კარზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. იმერეთი საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა. ერთ-ერთი მარნისთვის იყო განკუთვნილი. ახალი წლის დილას შინაური მეკვლე წყაროდან წყალს მოიტანდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისევ მეკვლის წინამძღოლობით მარნისკენ წავიდოდნენ. მიჰქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი. მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა. მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდა, ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ. ამ ტრადიციიდან, დღეს ცოტა თუა შემორჩენილი. სამეგრელო სამეგრელოში ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამდენიმეჯერ თოფს ისვრიან. გათენებისას ოჯახის უფროსი ხელში ჩიჩილაკს იღებს და გარეთ გადის. მეგრულ საახალწლო სუფრაზე ტრადიციული კერძების გარდა (ღომი, ელარჯი, საცივი და სხვა) აუცილებლად კეთდება რაიმე უცხო, მეგრული სუფრისათვის ნაკლებად დამახასიათებელი საჭმელი. ეს სუფრას განსაკუთრებულ ლაზათს აძლევს. ადრე, სამეგრელოში ახალი წლის წინა ღამეს ჩიჩილაკი მზადდებოდა, მისალოციდან ყველაფერი იდებოდა გობზე. ტკბილეულთან ერთად ეს იყო სუროს ტოტები და თხილის ხვიხვილის თაიგული. რიტუალი იწყებოდა მთვარის ამოსვლასთან ერთად, რადგან ძველად დიდი ყურადღება ექცეოდა მთვარეზე მკითხაობას. გურია გურიაში, ისევე როგორც სამეგრელოში, შობა-ახალ წელს კალანდობას უწოდებენ. ახალ წელს აუცილებლად იკვლება ღორი, ცხვება გურული კვერები ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდება კუპატი, საცივი. კალანდობის მთავარი ატრიბუტი  ჩიჩილაკია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირთას. გურიაში ახალი წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში, წითელი ღვინით და დალოცავს ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიან და მღერიან, აგროვებენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს. სამცხე-ჯავახეთი 31 დეკემბერს მზის ჩასვლისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ხელში რკინის ჯოხით სახლს სამჯერ შემოუვლიდა და ფუძის ანგელოზს სთხოვდა, მისი ოჯახი ეშმაკის გზიდან აეცდინა. საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა. მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმინდა ბასილას მადლი.“ აჭარა აჭარაში საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია აჩმა და ბაქლავა. მარცვლეული და, განსაკუთრებით, ხორბალი. ხორბალი მთელ საქართველოში  ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება, ამიტომ, აჭარაშიც ბარაქის მოსატანად ოთახის ყველა კუთხეში მარცვლეულს ყრიან და თან ილოცებიან. ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სოფელში და ყველა ოჯახს ახალი წლის დადგომას სიმღერით ულოცავდნენ: „შემოვდგი ფეხი, გილოცავთ, გწყალობდეთ წმინდა ბასილი, იმისი მადლით იყავით პურით და ღვინით ავსილი.“ მასპინძლები საჩუქრებს აძლევდნენ მომლოცველებს. ძველად, აჭარაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ფერხვას (იგივე მეკვლეობა). უპირატესობა ენიჭებოდა ბავშვის, უფრო კი ბიჭი ბავშვის მეკვლეობას. აფხაზეთი აფხაზეთში ახალ წელს განსაკუთრებულად არა 31 დეკემბერს, არამედ 13 იანვარს ხვდებიან. ამ დღეს „განახლებას", ანუ „სამყაროს შექმნას" უწოდენ. აჯირნიხუა ანუ ხეჩხუამა - ასე უწოდებენ ძველ ახალ წელს, რომელიც აფხაზეთში ოფიციალურადაა აღიარებული არასამუშაო დღედ.

ბოლო სიახლეები