პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

ზურაბ ქადაგიძე: არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე კვაზი-ოპოზიციას, ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა – მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საქართველოში სიღარიბის სრულად დაძლევა.

ქადაგიძის თქმით, დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა უალტერნატიოვა პოლიტიკურ სივრცეში.

“იმისათვის, რომ ორივე უმთავრესი ამოცანა ამოიხსნას, აუცილებელია ეროვნული ინტერესებით ნაკარნახევი საშინაო და საგარეო პოლიტიკა. მოწოდების სიმაღლე, რომელსაც დღეს ირაკლი კობახიძის მთავრობა კომპეტენციით, პოლიტიკური ალღოთი და ეროვნული ინტერესების მიმართ ერთგულებით წარმოადგენს, უალტერნატივოა არსებულ პოლიტიკურ სივრცეში. სამწუხაროდ, ჩვენი კვაზი-ოპოზიცია კვლავ სუიციდის გზას ადგას. არც წარსულმა გამოცდილებამ და არც რეალობის შეფასებამ ასწავლა რამე. ისევ “აგენტოკრატიასა” და სხვის დაკრულზე ცეკვას აპირებენ. ამიტომაც, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს დაუჭერს ეროვნულ პოლიტიკას, რომელსაც ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრის რანგში განახორციელებს!” – წერს ქადაგიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო, არ დათმო ქვეყნის ინტერესები, დღევანდელი გადაწყვეტილებით არაფერი შეცვლილა

ბიძინა ივანიშვილის მიმართ დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილებით რეალურად არაფერი შეცვლილა. „ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დეფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო – ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები. თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას

შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული. „ერთადერთი, ვინც მათ ასულდგმულებს, ესენი არიან გარე პატრონები, თუმცა ესეც არის აბსოლუტურად სუსტი იარაღი. საბოლოო ჯამში ოპოზიციას უწევს პარლამენტის აღიარება, ჯერ „ლელომ“ აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც მათ ისარგებლეს საკუთარი კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე, იყო გვარამიას პარტია. ყველა დანარჩენმა აღიარა არჩევნების შედეგები. ეს ნიშნავს, რომ ის შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთ ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა მდინარაძე – კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის, ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება, მათ კი უცხოელების, ამიტომაც ვართ...

კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის – ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების, – ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც მდინარაძე აღნიშნავს, ამიტომ არის მმართველი გუნდი დაუმარცხებელი. „კიდევ ერთი მთავარი განსხვავება ჩვენსა და აგენტურულ ოპოზიციას შორის – ჩვენ ქართველი ხალხის გადაწყვეტილებები გვიხარია და გვეზეიმება ხოლმე და მათ – უცხოელების. ამიტომაც ვართ დაუმარცხებლები. ისე, რა საცოდავ დღეში არიან, სხვაგან დამარცხებულების უსუსურ და უშედეგო კუდისქნევას რომ ზეიმობენ“, – წერს მდინარაძე.

ჰელსინკის კომისია – ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში

ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში, – ამის შესახებ აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰელსინკის კომისიის ორივე პარტიის წევრები გამოდიოდნენ გაფრთხილებით ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და ქართული დემოკრატიის საბოტაჟის კოორდინირებული მცდელობების შესახებ. „დღეს ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოაცხადა სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ საქართველოს რუსეთისკენ და რუსული სტილის ავტოკრატიისკენ ძალით წაყვანაში მისი მთავარი როლის გამო. ამერიკელი ხალხი დგას ქართველების გვერდით ბიძინა ივანიშვილის ტირანიისგან ქვეყნის გადასარჩენად ბრძოლაში. წლების განმავლობაში, ჰელსინკის კომისიის ორივე პარტიის წევრები გამოდიოდნენ გაფრთხილებით ბიძინა ივანიშვილის კორუფციისა და ქართული დემოკრატიის საბოტაჟის კოორდინირებული მცდელობების, მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმებისა და საქართველოს მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზის ჩაშლის შესახებ“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ენტონი ბლინკენი – მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ

მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. როგორც ბლინკენი აღნიშნავს, აშშ ვალდებულია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში. „ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს ბიძინა  ივანიშვილს საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლის ძირგამომთხრელად რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ქმედებებმა შეასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელება საქართველოში. გარდა ამისა, მათ ჩაშალეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი. მომავალი, რომელსაც ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. შედეგად საქართველო დაუცველი დარჩა რუსეთის წინაშე, რომელიც კვლავ აგრძელებს ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტის ოკუპაციას. ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ ქმედებებს ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მათ შორის მიმდინარე და ძალადობრივ რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების, პროტესტანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციური ფიგურების მიმართ. შეერთებული შტატები ვალდებულია, ხელი შეუწყოს პასუხისმგებლობის დაკისრებას მათთვის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საქართველოში. ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სექცია 1(a)(ii)(C)-ის შესაბამისად, რადგან პასუხისმგებელია ან თანამონაწილეა, ან პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩართული იყო ან ცდილობდა ჩართულიყო ისეთ ქმედებებში ან პოლიტიკაში, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებში ან საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის სახელით ან სასარგებლოდ, პირდაპირ თუ არაპირდაპირ“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები