პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

ის, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც – პრემიერი

ის, რომ საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„დეკემბერი იყო ძალიან მნიშვნელოვანი თვე, 15 დეკემბერი იყო მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის, არამედ რეგიონისთვისაც. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ აუცილებელია გაგრძელდეს მაღალი ტემპით რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე მუშაობა. ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ფაშინიანის დადასტურებული ინტერესი ისეთი პროექტებისადმი, როგორიც არის შავი ზღვის კაბელის პროექტი და სხვა პროექტები, რომელზეც ჩვენ ახლა ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე იყო მნიშვნელოვანი, ისტორიული. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს, კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს და მის გუნდს“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ეწვია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანჩისხატის ტაძრის წინამძღვრის ინფორმაციით, დღეს დილით ტაძრის შესასვლელი ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი

ანჩისხატის ტაძარზე მომხდარი ვანდალური ფაქტთან დაკავშირებით ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში წერს. „ანჩისხატის ტაძარზე მომხდარი ვანდალური ფაქტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ამავე ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ▪️ მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას! ▪️ სამწუხაროდ, დღეს დილით ღვთისმსახურებაზე მოსულებს ვანდალიზმის ფაქტის დაფიქსირება მიგვიხდა. თბილისის უძველესი ტაძრისა და ნაგებობის, თავად წმინდა ვახტანგ გორგასლისა და დაჩი უჯარმელის მიერ აგებული ღვთისმშობლის შობის სახელობის ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადი და კარი (ძირითადი შესასვლელის მხარე) ნასროლი კვერცხებით იყო მოთხვრილი. ▪️ ღმერთმა ღირსეულად მოანანიებინოთ ამის ჩამდენთ უფლის ტაძრისა და საკუთარი თავის ასეთი შეურაცხყოფა. ▪️ გულდასაწყვეტია, რომ უკანასკნელ პერიოდში ეს არის საეკლესიო სივრცეების და სიწმინდეების, ჩვენი ქვეყნის ეროვნული მემკვიდრეობის მკრეხელურად წაბილწვისა და დაზიანების კიდევ ერთი შემთხვევა. ▪️ ანჩისხატის ტაძარი 1520 წელზე მეტია დგას საქართველოს დედაქალაქში როგორც ჩვენი ხალხისა და დედაეკლესიის გამძლეობის, ერთიანობისა და გამარჯვების მეტყველი სიმბოლო. უფლის მადლით ტაძარში ისევ გაგრძელდება ლოცვა საერთო მშვიდობისა და ღვთის წინაშე გამართლებისათვის. ▪️ ღმერთმა დაიფაროს ჩვენი სამშობლო და დედაეკლესია!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ეხმიანება გავრცელებულ დეზინფორმაციას, სააგენტოდან თანამშრომლების თითქოსდა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების შესახებ. „გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. თანამშრომლებს, რომლებიც სააგენტოში მოკლევადიანი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ეწურებათ 31 დეკემბერს, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობა სააგენტომ. ხაზგასასმელია, რომ ამ ცალკეული თანამშრომლებისთვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მათი ხელშეკრულებების ვადა იწურებოდა 31 დეკემბერს და ამ ვადის ავტომატურად გაგრძელების იურიდიული ვალდებულებაც არ არსებობდა, რაც ყველა საჯარო დაწესებულებაში წლების განმავლობაში არსებული სტანდარტული კანონისმიერი პრაქტიკაა. აღსანიშნავია, რომ მათ სრულად მიიღეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება და ასევე მიიღებენ საახალწლო სახელფასო დანამატს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა

პოლიტიკოსი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა გარდაიცვალა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. „წავიდა... ზეციურ საქართველოში.... ბაჩუკი ქარდავა. როგორ ვიფიქრებდი რომ ამას მე ჩემი ხელით დავწერდი...“,-წერს კატო შინდაგორიძე. ბაჩუკი ქარდავა 1989 წლიდან იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1990 წელს მუშაობდა სანქტ-პეტერბურგის საოლქო პროკურატურაში პროკურორის თანაშემწედ. 1991 წელს გახდა ედპ-ის თავმჯდომარის გიორგი ჭანტურიას აპარატის უფროსი. 1993 წელს ედპ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ-ის) დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი. 1996 წელს გახდა ედპ-ის მთავარი კომიტეტის წევრი და ედპ-ის გაზეთის „ქართული ქრონიკის“ რედაქტორი. 1999 წელს გახდა ედპ-ის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანი, ხოლო 2002 წელს - გენერალური მდივანი და მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან არის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რომელიც 2023 წელს დატოვა.  

ალექსანდრე რაქვიაშვილი: არგუმენტი, “ჩვენ არაფერი გვითხოვია, ცესკო თვითონ გვირიცხავს” – ფაქტობრივი ტყუილია, ყველა პარტიამ წერილი მიიღო ცესკოსგან – “თუ დაფინანსების მიღება არ გინდათ, მოგვწერეთ,...

"არგუმენტი, რომ „ჩვენ არაფერი გვითხოვია, ცესკო თვითონ გვირიცხავს“ - ფაქტობრივი ტყუილია, რადგან ყველა პარტიამ წერილი მიიღო ცესკოსგან, შინაარსის: „თუ დაფინანსების მიღება არ გინდათ, მოგვწერეთ, სხვა შემთხვევაში, ფული დაგერიცხებათ, 26 დეკემბრის შემდეგ“. ასე რომ, ვინმეს, თუ არ უნდოდა ფულის მიღება, ეს მარტივად მიღწევადი იყო." - ამის შესახებ პარტია "გირჩის" ერთერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: "საბიუჯეტო დაფინანსება - არჩევნებზე მიღებულ ხმებზეა დამოკიდებული, ამიტომ თუ ამ ფულს იღებ, ბუნებრივია, მინიმუმ ამ ნაწილში არჩევნების შედეგს აღიარებ. თუკი მთავრობას არალეგიტიმურს უწოდებ, ხოლო არჩევნების შედეგს პრინციპულად არ აღიარებ, მაშინ არც ამ დაფინანსებას უნდა იღებდე. და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. 2020-ის არჩევნების შემდეგ დეტალურად გვაქვს ეს ყველასთან გარჩეული და მაშინ ნამდვილ ბოიკოტში მარტო ჩვენ და ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ ვიყავით, რადგან მარტო ჩვენ ვთქვით მაშინ ამ დაფინანსებაზე უარი, ხოლო ნაცებმა, სტრატეგიამ, ევსაქებმა, ლელომ - „ფული გვჭირდებაო“. მაშინ არც გვარამია იყო ისტერიკაში და არ ლანძღავდა ნაცებს ამის გამო და არ გვაქებდა ჩვენ, რომ გირჩი თანმიმდევრულია. უბრალოდ, ახლა, ფულის პრობლემა, როგორც ჩანს, არ აქვს, და პრინციპულობანას თამაშობს. არგუმენტი, რომ „ჩვენ არაფერი გვითხოვია, ცესკო თვითონ გვირიცხავს“ - ფაქტობრივი ტყუილია, რადგან ყველა პარტიამ წერილი მიიღო ცესკოსგან, შინაარსის: „თუ დაფინანსების მიღება არ გინდათ, მოგვწერეთ, სხვა შემთხვევაში, ფული დაგერიცხებათ, 26 დეკემბრის შემდეგ“. ასე რომ, ვინმეს, თუ არ უნდოდა ფულის მიღება, ეს მარტივად მიღწევადი იყო. არგუმენტი, რომ „ეს ხალხის ფულია“ და „ქოცებმა საკუთარი ხმები გააყალბეს, თორემ ჩვენ ამაზე მეტიც უნდა აგვეღო, ამიტომ ეს ფული ნამდვილად გვეკუთვნის“, სასაცილოც კი არის, რადგან, თუ ეს ხმები ნამდვილად გეკუთვნით, ამ ხმებზე მიბმული ის საპარლამენტო მანდატებიც, ხომ მინიმუმ თქვენია, მათზე მიბმული ხელფასებით და ა.შ. ამ ყველაფერზე მაშინ რატომ ამბობთ უარს? (მეორე მხრივ, როგორც მახსოვს, გვარამიას პარტიის გარდა, არც არავის უთქვამს მანდატებზე უარი, ამიტომ აქ თანმიმდევრულები არიან). თუმცა მთავარი პრობლემა მაინც - პოლიტიკური პროცესის არარსებობაა. არავინ ზის ტელევიზიაში და ამ საკითხს არ არჩევს, არ მიდის დისკუსიები და ამომრჩეველი ხან ერთ სიურპრიზს იღებს, ხან მეორეს. არადა რა პრობლემა იყო, ერთი თვის მანძილზე ეს საკითხი გარჩეულიყო? გარჩეულიყო, დასაშვებია თუ არა ამ დაფინანსების აღება? დასაშვებია თუ არა საკრებულოებში ქოცებთან თანამშრომლობა და თუ კი, როგორ? საერთოდ, აქვს თუ არა მანდატებზე უარის თქმას რაიმე ღირებულება (იგივე გახარია, ხომ არც არასდროს აპირებდა ამის გაკეთებას და იქნებ მართალია და სხვები ცდებიან, ან პირიქით)? თუ ადრე „არლაპარაკი“ ქოცების ხელწერა იყო, დიდი ხანია ეს „ქარტიის ოპოზიციის“ სტილადაც იქცა, ამიტომ მათ პარტიულ მედიებში დისკუსია და პოლიტიკა კვდარია. ეს არის მთავარი პრობლემა და თუ ამას არ მოვაგვარებთ, და პოლიტიკოსები სულ არასასურველი კითხვებისგან გაქცევის რეჟიმში იქნებიან, არც არაფერი გვეშველება (მიუხედავად იმისა, თუ როგორი მთავრობა გვეყოლება".

სოზარ სუბარი: მოვითხოვ “ქართული ოცნებისგან”- როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე პარტიების განცხადებები მანდატების დატოვების მოთხოვნით და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან

პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის მიერ სახელმწიფო ბოუჯეტიდან დაფინანსების მიღებას ჟურნალისტებთან აფასებს. პარლამენტის წევრი განმარტავს, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის სცენარით მოქმედებს. „2020 წლის არჩევნებზეც ამბობდა, რომ არ აღიარებდნენ შედეგებს და არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ, მაინც შემოვიდნენ.“- განაცხადა სოზარ სუბარმა და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის შეკრებისთანავე, განიხილონ ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები მანდატების შეჩერებაზე, დააყენონ საკითხი განხილვაზე და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან. „კოლექტიური ნაცმოძრაობა 2020 წლის არჩევნებზეც ამბობდა, რომ არ აღიარებდნენ შედეგებს და არ შემოვიდოდნენ პარლამენტში, თუმცა შემდეგ, მაინც შემოვიდნენ. და არა მხოლოდ შემოვიდნენ, არამედ თვეების განმავლობაში იხვეწებოდნენ, რომ ის განაცდური, რამდენიმე თვის ხელფასები, რომლებიც მათ არ ჰქონდათ აღებული, დარიცხოდათ. ზუსტად იმავე გზით მიდიან ახლაც. 2020 წლის შემთხვევა რომ არ განმეორდეს, კატეგორიულად მოვითხოვ "ქართული ოცნებისგან"- როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება, დააყენონ განხილვაზე იმ პარტიების განცხადებები, რომელთაც მანდატების დატოვების მოთხოვნით მიმართეს პარლამენტს და ხმა მისცენ მათ გარიცხვას პარლამენტიდან,“- განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, ცესკოს ინფორმაციით,  26 ნოემბრიდან, სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება მოიპოვა შემდეგმა შვიდმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“,  „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო საქართველოსთვის“,  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“.

ბოლო სიახლეები