ორშაბათი, თებერვალი 9, 2026

ალეკო ელისაშვილი: ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე ჩვენ, ოპოზიცია

ოპოზიციაში კიდევ ცოტა ტვინს წიხლი უნდა დავაჭიროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენს შეცდომებზე ვიფიქროთ, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ობიექტურად ვთქვათ, დღეს ხელისუფლება უფრო ყოჩაღად გამოიყურება, ვიდრე გამოვიყურებით ჩვენ, ოპოზიცია. ისინი უფრო მწყობრად მიდიან, ოპოზიციაში კიდევ ერთმანეთის ლანძღვა არის. „ნაციონალური მოძრაობა“ ხომ ამდენი ხანი ამრევი იყო და რჩება ძირითად დესტრუქციულ ძალად. რევოლუცია რომ უნდა და რომ არ გამოდის მეთორმეტე წელია, აი, ამ ძალად რჩება და დანარჩენების მოხრჩობას ცდილობს ისევე, როგორც „ქართული ოცნება“. ჯერ კიდევ ჰგონიათ, რომ ოპოზიციის წევრებზე შეტევა კარგი რამეა. ძალიან დაქსაქსულად გამოვიყურებით.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, ვურჩევ, რომ სხვის პროცენტებზე ფიქრს, ქვეყანაზე იფიქროს. ეგ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი არ არის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრია. იმ ქვეყნის, რომელიც ძალიან მძიმე დღეშია ყველა მიმართულებით. ოპოზიციაში კიდევ ცოტა ტვინს წიხლი უნდა დავაჭიროთ და სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. ჩვენს შეცდომებზე ვიფიქროთ. ყველას ყელი მოგვიღერებია. ყველას შეცდომა გვაქვს დაშვებული“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს საუკეთესო ქალი ძიუდოისტია

პარიზში მიმდინარე 2026 წლის პირველ გრანდ სლემზე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 2025 წლის შედეგების მიხედვით რვა ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა.მსოფლიოში საუკეთესო ქალი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა. ქართველმა 2025 წელს ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი დამაჯერებლად მოიგო.პარიზში ქართველებმა კიდევ ორ ნომონაციაში გაიმარჯვეს – ეთერ ლიპარტელიანი ასევე საუკეთესო გახდა ნომინაციაში „წლის მოვლენა“.მესამე ჯილდო – წლის „საუკეთესო სამწვრთნელო გუნდი“ კი, ლაშა გუჯეჯიანის ხელმძღვანელობით, საქართველოს ძიუდოს ნაკრების მწვრთნელებს ერგოთ.პარიზში დაჯილდოებაზე იმყოფებოდა ეთერ ლიპარტელიანი, რომელსაც ჯილდო ევროპის ძიუდოს გაერთიანების პრეზიდენტმა, ლასლო ტოტმა გადასცა.

გივი მიქანაძე: მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას – ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება, ხოლო ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი მილევად რეჟიმში გადავა

შეჯერებული პოზიციებით, რეფორმის კონცეფციის მთავარი პრინციპების დაცვით, ერთობლივად მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.მისივე თქმით, ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში გადავა.„ჩვენ ორიენტირებულები ვართ აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მივიღეთ მილევად რეჟიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, - აღნიშნა მინისტრმა.როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ერთხმად უჭერენ მხარს რეფორმის განხორციელებას და პროცესებში ჩართვისთვის მზად არიან.,,აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები და მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წარმომადგენლობა ერთხმად აღიარებს და მხარს უჭერს იმ რეფორმის კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. ისინი პროცესებში ჩართულობისა და მონაწილეობის სრულ მზაობას გამოთქვამენ.კომუნიკაცია რექტორებთან არაერთხელ შედგა - იყო კონსულტაციები ამ გადაწყვეტილებისა და არსებული არგუმენტების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ჯამში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ და, ვფიქრობ, ამ შეხვედრებმა კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, - აღნიშნა მინისტრმა.ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება.ამასთან, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა, მომდევნო აკადემიური წლისთვის სხვა დისციპლინებზე მიღება აღარ გამოცხადდება.

ხატია დეკანოიძე – ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყულევის პორტი რუსული კავშირებისა და რუსული ნავთობის ვაჭრობის გამო შეიძლება გაჩერდეს – „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს ეკონომიკური...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ყულევის პორტი „რუსული კავშირებისა და რუსული ნავთობის ვაჭრობის გამო“ შეიძლება გაჩერდეს.კერძოდ, ხატია დეკანოიძე ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ყულევის პორტს შესაძლოა ევროკავშირის სანქციები დაემუქროს.როგორც დეკანოიძე აცხადებს, „ქართული ოცნების“ პირობებში არ არსებობს ეკონომიკური სტაბილურობა ან მშვიდობა.„რადიო თავისუფლების ინფორმაციის თანახმად, ყულევის პორტს შეიძლება სანქციები შეეხოს.თვეებია ვლაპარაკობ ამ თემაზე, რომ ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკა უზარმაზარი საფრთხის ქვეშ დააყენა და სანქციების თავიდან აცილებისთვის რუსეთის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობის უფლება მისცა.ერთ-ერთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორტი რუსული კავშირებისა და რუსული ნავთობის ვაჭრობის გამო შეიძლება გაჩერდეს.ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური თუ სავაჭრო ინფრასტრუქტურა საფრთხეშია ივანიშვილის გამო.ქართული ოცნების პირობებში არ არსებობს ეკონომიკური სტაბილურობა ან მშვიდობა”, - წერს ხატია დეკანოიძე.ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა, საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ყულევის პორტი დასახელებულია სიაში, რომელიც ეხება „რუსეთს გარეთ, მესამე ქვეყნებში არსებულ პორტებს“. სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:„ გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“, - აღნიშნავს გამოცემა.

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, გამოვთქვით მზადყოფნა, კიდევ უფრო განვავითაროთ ისინი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ

სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და გამოვთქვით მზადყოფნა, კიდევ უფრო განვავითაროთ ისინი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისი თქმით, აშშ სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად ბევრს აკეთებს.„ჩვენ ვისაუბრეთ სომხეთში ინსტიტუციურ რეფორმებზე და ამ მიმართულებით შეერთებული შტატების მიერ გაწეული დიდი ხნის მხარდაჭერის გაგრძელებაზე, კერძოდ, სომხეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მათი შესაძლებლობების განვითარების მიზნით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით, მე ასევე ხაზი გავუსვი სომხეთისთვის გაწეულ მხარდაჭერას „მშვიდობის გზაჯვარედინის“ პროგრამის შესაძლებლობების განვითარებისთვის. ორივემ ხაზი გავუსვით, რომ სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე და გამოვთქვით მზადყოფნა, კიდევ უფრო განვავითაროთ ისინი ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ“, – განაცხადა ფაშინიანმა.ფაშინიანის თქმით, აშშ და სომხეთი არაერთ სფეროში აღრმავებენ თანამშრომლობას, მათ შორისაა ხელოვნური ინტელექტი და ინოვაციური ტექნოლოგიები.„ტრამპის გზის ფარგლებში, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთსა და თურქეთს შორის ნორმალიზაციის პროცესში მიმდინარე დიალოგის ლოგიკურ ეტაპს, მათ შორის გიუმრი-ყარსის რკინიგზის გახსნას. ჩვენ ასევე ერთობლივად დავაფიქსირეთ მნიშვნელოვანი მიღწევები ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში. კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ 8 აგვისტოს სომხეთსა და აშშ-ს შორის ნახევარგამტარებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ხელმოწერილი მემორანდუმის წყალობით, განხორციელდება Firebird-ის მიერ სომხეთში ხელოვნური ინტელექტის ქარხნისა და მონაცემთა ცენტრის მშენებლობის მეგაპროექტი. ამასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ NVIDIA-ს მიერ წარმოებული მაღალი სიმძლავრის ჩიპების შემდეგი პარტიის ექსპორტის ნებართვების გაცემა სომხეთში დამტკიცდა. იმედი მაქვს, რომ სომხეთსა და აშშ-ს შორის მაღალტექნოლოგიურ სექტორში მჭიდრო და გამჭვირვალე თანამშრომლობა კიდევ უფრო განავითარებს და გააძლიერებს სომხურ და ამერიკულ კომპანიებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ჯეი დი ვენსი – სომხეთთან პარტნიორობით აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს, ნამდვილად თვალშისაცემია, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ერთად მიაღწიეს

ეს არის ულამაზესი ქვეყანა, რომელთან პარტნიორობითაც აშშ-ის პრეზიდენტი ძალიან ამაყობს და ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი საუკეთესო მოკითხვებს გიგზავნით როგორც პირადად თქვენ, ასევე სომხეთის ხალხს. ნამდვილად თვალშისაცემია ის, რასაც პრეზიდენტმა ტრამპმა და პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა ერთად მიაღწიეს, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.სიტყვით გამოსვლისას ვენსმა ფაშინიანს უწოდა მომავალზე ორიენტირებული ადამიანი, რომელმაც სომხეთს მშვიდობა მოუტანა.„მშვიდობას ფრთხილი ადამიანები არ ქმნიან. მშვიდობას არ ქმნიან ადამიანები, რომლებიც ზედმეტად არიან ორიენტირებული წარსულზე. მშვიდობას ქმნიან ადამიანები, რომლებიც მომავალზე არიან ორიენტირებული. დღეს ჩვენ გვსურს, გამოვაცხადოთ დიდი ეკონომიკური თანამშრომლობის ნაწილი, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა თქვენი ლიდერობის გარეშე, იმ მშვიდობის გარეშე, რომელსაც ამ ქვეყანაში ვხედავთ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რეგიონში ისტორიული ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რაც გრძელვადიანი მშვიდობის საწინდარია.„ძალიან ვამაყობ, რომ ვსაუბრობ ისტორიულ ტრანსფორმაციაზე. ეს გახსნის ვაჭრობის, ტრანზიტისა და ენერგეტიკული ნაკადების სრულიად ახალ სამყაროს მსოფლიოს ამ რეგიონში და შექმნის უპრეცედენტო კავშირებს სომხეთსა და მის მეზობლებს შორის. ეს შესანიშნავია სომხეთის ხალხის კეთილდღეობისთვის, მაგრამ ასევე შესანიშნავია მშვიდობის მდგრადი პროექტისთვის, რადგან როდესაც თქვენ ქმნით ამ ურთიერთდაკავშირებულ ეკონომიკებს, ენერგეტიკულ სექტორებს და ა.შ., ეს ნიშნავს, რომ ამ რეგიონში შეიძლება იყოს მდგრადი მშვიდობა. ჩვენ არ გვინდა მხოლოდ მშვიდობის დამყარება პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ასევე გვინდა, მშვიდობა შენარჩუნდეს და ეს არის ის, რასაც დღეს აქ ვაღწევთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან კარგად იცის, რომ მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა არის რეალური შეკავების შექმნა, ხოლო რეალური შეკავების შექმნის საუკეთესო გზა არის მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო ტექნოლოგიის ფლობა და შეერთებულ შტატებს ეს გააჩნია. პირველად, ჩვენ ვაცხადებთ სამხედრო ტექნოლოგიის მნიშვნელოვან გაყიდვას – 11 მილიონი დოლარის ღირებულების სადაზვერვო დრონების ტექნოლოგიას სომხეთისთვის და ჩვენი კარგი მეგობრისთვის, პრემიერ-მინისტრისთვის. ის ამას გამოიყენებს თავისი ქვეყნის დასაცავად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მშვიდობა, რომელსაც ჩვენ ვქმნით, გამყარდეს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ბირთვული ენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. მედიის ცნობით, შეთანხმება მთავრობებს შორის ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი გამოყენების სფეროში თანამშრომლობას მოიცავს.

ბოლო სიახლეები