სწორედ კონსტიტუციით არის განსაზღვრული, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა იზრუნოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „ქრონიკაში“ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები გამარტივდება.
იუსტიციის მინისტრის თქმით, ნებისმიერ ცვლილებას ჰყავს კრიტიკოსები, რაც მისაღებია, თუმცა მთავრობა ვალდებულია, კრიტიკის მიუხედავად, ხალხის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედოს.
„პატარა ბავშვისთვისაც გასაგებია, რომ ამ ცვლილებების შედეგად მოქალაქეობის მიღების პროცედურები გონივრულ ფარგლებში იქნება გამარტივებული და ბევრად უფრო სამართლიანი იქნება მოქალაქეობის მსურველი პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს“, – აღნიშნა მინისტრმა.
საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურები მარტივდება. ამის შესახებ რატი ბრეგაძემ 5 ივნისს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.