საქართველოს ევროპულ არჩევანს ჩაუსაფრდნენ და ყველანაირად ცდილობენ, რაიმე ნეგატივი შეიტანონ ამ პროცესში, რომ საქართველოს ეს შანსი არ მისცენ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვინ ვის შანსს არ მისცემს, ეს არჩევნებზე გამოჩნდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ ჩართვისას რადიკალურ ოპოზიციაზე განაცხადა.
მან 12 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეკომენდაციების მიღების დღიდან რადიკალურმა ოპოზიციამ თავისთვის საშინაო დავალება დაისახა, დააზიანონ პროცესი. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის ინტერესია, საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„12 პუნქტის მიღების დღიდან რადიკალურმა ოპოზიციამ მიიღო საშინაო დავალება, რომ გაეკეთებინა ყველაფერი იმისთვის, რათა საქართველოში არ შესრულებულიყო 12 პუნქტით ნაკისრი ვალდებულებები – თუ სადმე, მათ აქვთ იმის შანს, რომ ეს პროცესი მათ როგორმე დააზიანონ. გვახსოვს სხვა შემთხვევები, როცა მათი როლი არ იყო განმსაზღვრელი, ამიტომ მათ ზემოქმედება ვერ მოახდინეს გადაწყვეტილებების მიღებაზე. ასეთი იყო საარჩევნო რეფორმა, ის მიმართულებები, რაც სტრასბურგის სასამართლოს აღსრულებასაც ეხებოდა და ასე შემდეგ. პოლარიზაციის საკითხი იქნება ეს თუ კვალიფიკაციური უმრავლესობით არჩევა, აქ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ვალდებულებები და რეკომენდაციები არ შესრულდეს და ისინი ამაში საკუთარ შანსს ხედავენ. ანუ, ესენი არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროპულ არჩევანს ჩაუსაფრდნენ და ყველანაირად ცდილობენ, რაიმე ნეგატივი შეიტანონ ამ პროცესში, რომ საქართველოს ეს შანსი არ მისცენ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ვინ ვის შანსს არ მისცემს, ეს არჩევნებზე გამოჩნდება. გამოჩნდა შუალედურ არჩევნებზე, სადაც მათ ვერც კი გაბედეს, საკუთარი კანდიდატები დაეყენებინათ ჩვენი მაჟორიტარებისთვის და ეს ასევე გამოჩნდება 2024 წლის არჩევნებზე, სადაც მათ ძალიან მძიმე მარცხი ელით“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

