კვირა, მაისი 11, 2025

სოზარ სუბარი: “ნაცმოძრაობის” დროს საბავშვო ბაღში ბავშვის შეყვანა 40-დან 80 ლარამდე ჯდებოდა, დღეს კი უფასოა და სახელმწიფო ბაღები კარგი პირობების გამო კერძო ბაღებს უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ

„საბავშვო ბაღში ბავშვის შეყვანა ჯდებოდა საშუალოდ 40-დან 80 ლარამდე, აღარ ვლაპარაკობთ, იქ კვება როგორი იყო და ა.შ. დღეს საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნა არის უფასო, თან იმდენად აიწია სტანდარტებმა და იმდენად კარგი პირობებია, რომ უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ სახელმწიფო ბაღები კერძო ბაღებს, რომ იმ მშობლებმა, რომელთაც აქვთ საშუალება კერძო ბაღში წაიყვანონ შვილი, აღარ იციან სად ჯობია შეიყვანონ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა, პარლამენტის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ბევრ ისეთ პროექტს ახორციელებს ბავშვების სასარგებლოდ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირობებში უბრალოდ არ არსებობდა. გარდა ამისა, ახლა გაცილებით დიდი ყურადღება ეთმობა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას, ვიდრე ეს წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა.

„მინდა დღევანდელი დღე მილოცვით დავიწყო – 40 000-ზე მეტმა ბავშვმა სკოლა დაამთავრა, მათ შორის არის ჩემი შვილიც , რომელმაც, მე-12 კლასი დაამთავრა და მინდა წარმატება ვუსურვო ცხოვრებაში, რადგან ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდნენ და მშვიდობიან საქართველოში ვცხოვრობთ და დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან მალე მოესწრებიან იმას, როდესაც ერთიან და მთლიან საქართველოში იცხოვრებენ. ამაზე დიდი ოცნება, საფიქრალი და სადარდებელი ჩვენ არ გვაქვს. კარგი იქნება, რაღაცაში მაინც ვიყოთ ერთიანები, იმიტომ, რომ პრობლემა, რისთვისაც ბატონი მინისტრი და მისი გუნდი აქ მობრძანდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნებოდა ამ ერთ თემა მაინც ჩაევლო სპეკულაციების გარეშე.

რადგან ეს სპეკულაციები უკვე იყო, მომიწევს რამდენიმე ფაქტი შევახსენო საზოგადოებას და ოპონენტებს, რომლებიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა. მანამდე კი აღვნიშნავ, რომ თემა ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცი, რომ ამაზე დიდი ხანია მუშაობს განათლების სამინისტრო, განათლების კომიტეტი პარლამენტში, სხვა კომიტეტებიც. სხვათა შორის, როცა ვიყავით ევროპაში გარკვეული მისიით, (ქალბატონი ნინო და ხატია წილოსანი იყვნენ) , იქ იყო სოფლის მეურნეობის მიმართულება, თუმცა, ერთ-ერთი საკითხი, რასაც ყველა შეხვედრაზე ვსვამდით, როგორ იყო ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ვიყავით, (მათ შორის იყო უნგრეთი და ავსტრია),  გადაწყვეტილი ნუტრიციის პრობლემა. მომზადება სჭირდება ამ საკითხს, არ შეიძლება ასე, ერთი ხელის დაკვრით გავაკეთოთ, რაც მერე, შეიძლება თავში საცემი და სადარდებელი გვქონდეს. თორემ, პრობლემა რომ არსებობს და გადასაწყვეტია, ამაზე ორი აზრი არ არის. თუმცა, ამ პრობლემაშიც ძალიან ბევრი სპეკულაცია და არასწორი ციფრები და მონაცემებია. როდესაც ლაპარაკობენ, რომ ყოველი მეოთხე თუ მეხუთე ბავშვი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და არის შიმშილობის ზღვარზე, რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე სიღარიბის ზვარს მიღმა იყო. ეს იყო ყოველ მეორეზე მეტი ადამიანი. დღეს ეს რიცხვი შემცირდა ნახევარ მილიონამდე. ანუ განახევრდა. ნახევარი მილიონი ადამიანი როცა არის სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს არის ძალიან მაღალი რიცხვი, მაგრამ ესეც არის განახევრებული.

დღეს რომ პრობლემას აყენებენ, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში, რამდენიმე მონაცემი გავიხსენოთ:

საბავშვო ბაღში ბავშვის შეყვანა ჯდებოდა საშუალოდ 40-დან 80 ლარამდე, აღარ ვლაპარაკობთ, იქ კვება როგორი იყო და ა.შ. დღეს საბავშვო ბაღში ბავშვის ყოფნა არის უფასო, თან იმდენად აიწია სტანდარტებმა და იმდენად კარგი პირობებია, რომ უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევენ სახელმწიფო ბაღები კერძო ბაღებს, რომ იმ მშობლებმა, რომელთაც აქვთ საშუალება კერძო ბაღში წაიყვანონ შვილი, აღარ იციან სად ჯობია შეიყვანონ. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით 2012 წელს, საბავშვო ბარში, გარდა იმისა, რომ იყო ფასიანი, ბავშვის კვებაზე გამოყოფილი თანხა იყო რამდენიმე თეთრი, – 10, 20, 30 თეთრის ფარგლებში. ძირითადად, ბავშვის მშობლებს თვითონ დაჰქონდათ ბაღში საჭმელი. პირველივე წელს, როდესაც მოვედით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვანაირად, მაგრამ, დაახლოებით, საშუალოდ 3 ლარამდე გავზარდეთ ეს – 3.50 ლარი იყო მესტიის მუნიციპალიტეტში და 5 ლარამდეა დღეს ასული – ეს არის განსხვავება იმ მონაცემებსა და დღევანდელ მონაცემებს შორის.

ბატონ რომან გოცირიძეს ენამ წინ გაუსწრო და მაინც თქვა, ვაშლები ვერ დაარიგეთო. მაინტერესებს, თვითონ რას არიგებდნენ სკოლებში. ერთი სკოლაც არ იყო ისეთი, რომელშიც ელემენტარულად სველი წერტილები იქნებოდა მოწესრიგებული. იმ 33 სკოლის გარდა, რომელიც ააშენა ფონდმა „ქართუმ“ და ბიძინა ივანიშვილმა – ადამიანმა, რომლისთვის სანქციების დაწესებასაც ასე დაჟინებით ითხოვენ დღეს. ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა ინვენტარიზაციისა და კომპიუტერიზაციის პროგრამა. ამ პროგრამის ნაწილი იყო „ირმის ნახტომიც“. ამ პროგრამით 2006-2010 წლებში მოხდა ქართული სკოლების კომპიუტერიზაცია და ინვენტარიზაცია სასკოლოო მერხებით თუ სხვა საჭირო ნივთებით, სახელმწიფოს კი ამაში არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს. რა თქმა უნდა, დღეს ამას კრებითი „ნაციონალური მოძრაობა“ არ ახსენებს და ითხოვს იმ ადამიანისთვის სანქციების დაწესებას, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა.

ბატონი ხაბეიშვილი მინისტრს ეკითხებოდა, რამდენს იხდით ფასიანი სკოლის მოსწავლეთა დაფინანსებაშიო. მეც ვკითხავ: ბატონო გიორგი, შემთხვევით თქვენი შვილების სწავლის საფასურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხომ არ იხდით, როგორც მათი მინისტრი იხდიდა თავისი შვილის სწავლის საფასურს ამერიკასა და სხვა ქვეყნებში?

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, დღეს არ დარჩა სკოლიდან მოშორებით მცხოვრები ბავშვი, რომელსაც არ ემსახურება ტრანსპორტი. მოვიყვან სვანეთის მაგალითს, რა ჯდებოდა და რა ძალისხმევა დაგვჭირდა ამის გასაკეთებლად. იყო, მაგალითად, სოფელი ლახამულა, სადაც ზამთარში ბავშვებს უწევდათ იმ ადგილებზე გამოვლა, სადაც საშიში იყო სიარული, რადგან შეიძლებოდა, მგელი დახვედროდათ გზაზე. დღეს ეს პრობლემა აღარ აქვთ, მაგრამ ეს პრობლემა იყო მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში.

სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვი დღეს 200 ლარით ფინანსდება. ეს 200 ლარი არის დამატებული იმ დახმარებაზე, ჯანდაცვის სპეციალურ პაკეტებსა და უამრავ სხვა შეღავათზე, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენ სახელმწიფოსგან. რამდენი ლარი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ დროს? – გეტყვით: ნული. არც ერთი ბავშვი არ ფინანსდებოდა, დღეს კი ფინანსდებიან 200 ლარით. ამას ემატება ის, რომ ყოველი მესამე ბავშვი, სანამ გახდება 2 წლის, ყოველთვიურად ფინანსდება სახელმწიფოსგან 150 ლარით. მაღალმთიან რეგიონებში ეს თანხა შეადგენს 200 ლარს, ოღონდ იქ არა მხოლოდ მესამე და შემდგომი, არამედ პირველი და მეორე ბავშვიც ფინანსდება სახელმწიფოსგან. ეს არის ის პროგრამები, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით ახორციელებს დღევანდელი ხელისუფლება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები? – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს, გეგმაზომიერად ცდილობენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი სიყვარული, პატრიოტული გრძნობები – მამა საბა

გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა - მამა საბა ჭიკაიძე, დათა თავაძის სპექტაკლს, სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა. "შექმნეს თავიანთი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა. ნუთუ ასეთი ძნელი დასამარხია ეს. ჩვენ დღეს უკვე შედეგი მივიღეთ, მაგიტომ გავამახვილე ყურადღება ჩემი შვილების თაობაათქო, ზუსტად ის თაობაა, რომლებიც ამ უმაღლეს სასწავლებლებში აღიზარდნენ. უღმერთობაში გაიზარდნენ. შეგნებულად გამოცალეს ამ ადამიანებს ღმერთი, ის რაც ღირებულია და რაზეც იდგა მუდამ საქართველო და აი, შედეგი, სადამდე მივედით. ეს სიკვდილია ხალხო, სულიერი სიკვდილი, ამაზე უარესი აღარაფერი აღარ არსებობს. ღმერთმა ინებოს და სინანული მისცეს ამ ადამიანებს. საცოდაობაა, როგორ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს ჩვენთან- ქრისტიანულ ქვეყანაში. ეს მოაქვს ღირებულებების ცვლილებებს. ამის გვეშინია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს. შეიძლება მცირე ნაწილია ისინი, ვინც გულშემატკივრები არიან უღმერთობის, მაგრამ ხომ არიან. ჩვენ ისედაც ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, ჩვენ არცერთი დასაკარგი არ გვყავს დასაკარგი, ყველას უნდა გავუფრთხილდეთ.ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვიდეოს შემდეგ შეიძლება ხელისუფლების პროპაგანდისტის იარლიყი მომაწეროს, მაგრამ არ არის ასე ჩემო ძვირფასებო, ვინც მე მიცნობს, იმან კარგად იცის ეს.თუ კრიტიკაა საჭირო, ერთ-ერთი პირველი მე ვარ კრიტიკოსი - გინდ ხელისუფლება იყოს და გინდ ოპოზიცია, მაგრამ დაუკვირდით რა ხდება. კი, ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, მეც ნამდვილად არ მომწონს ის რაც დღეს ხდება, ნამდვილად არ მომწონს ძალადობა, ვაპროტესტებ, რომ ბავშვები დაიჭირა ხელისუფლებამ და უსამართლოდ ჰყავს დღეს დაკავებული, ეს ნამდვილად სერიოზული შეცდომაა ხელისუფლების და შეცდომაა ისიც, რომ მათ თავადვე არ დაგმეს ის ძალადობა, რაც მათი მხრიდან ხდებოდა, თავადვე არ დასაჯეს ის ადამიანები თავის დროზე, ამით საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვიეს. თუმცა, მეორე მხრივ შეხედეთ რა ხდება იქით მხრიდან, ამას ვებრძვით ჩვენ, როცა ვსაუბრობთ, რომ დასავლეთიდან შემოსულ მახინჯ, ყალბ, დამანგრეველ იდეოლოგიას ვებრძვით. ეს უკვე გადაგვარებული ქართველია, რომელსაც სახელის და გვარის გარდა არაფერი აღარ აქვს ქართული შერჩენილი.ამისი უნდა გვეშინოდეს. თავისუფლება ჰქვია ამ სპექტაკლს, ხედავთ? თურმე ეს ყოფილა ამ და მსგავსად მოაზროვნე ადამიანებისთვის თავისუფლება, როდესაც ასე ღიად შეუძლიათ ღმერთს აგინონ, სცენიდან,"- განაცხადა მამა საბამ.

​”აღარანაირი ომი” – რომის ახალი პაპის მთავარი გზავნილი

"აღარანაირი ომი" - ეს ლეო მე-14-ის მთავარი გზავნილია. ვატიკანში შეკრებილ ადამიანებს ახალმა პაპმა, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა.რობერტ ფრენსის პრევოსტის უფრო ახლოს დანახვას და მის სიტყვას მოუთმენლად ელოდნენ მოედანზე შეკრებილები.პონტიფიკოსმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში სამხედრო დაპირისპირებების დასრულებასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე."პაპმა თავის პირველ სიტყვებში თქვა, რომ მსოფლიოში ომის დრო დასრულდა. ჩემთვის სწორედ ეს სიტყვები იყო ყველაზე სიმბოლური და მნიშვნელოვანი, ამიტომაც მგონია, რომ ის მთელ მსოფლიოს გააერთიანებს და მშვიდობის იმედს დაუბრუნებს", - აცხადებს ადგილობრივი.

მთავარია, ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში… – მეუფე შიოს ქადაგება

ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, - განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).მისივე თქმით, ქვეყნის ცხოვრებაშიც, ხალხშიც ხედავს ასეთ სულიერ სნეულებებს, რაც სამწუხაროა. მეუფე მიიჩნევს, რომ „უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა“.„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება განრღვეულის კვირა, რადგან წირვის დროს იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.იერუსალიმში ე.წ. „ცხვრის კარიბჭესთან“ იყო აუზი, რომელშიც დროდადრო ჩამოდიოდა ანგელოზი, წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა ამ წყალში, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო დაავადებული, იკურნებოდა. ამიტომ იქ იყო ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები; მათ შორის იყო ერთი განრღვეული კაცი, რომელიც 38 წელი ავად იყო, მაგრამ ვერ ახერხებდა წყალში ჩასვლას, რადგან არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მას დაეხმარებოდა ამაში.აი, უფალმა იგი დაინახა, შეებრალა და განკურნა თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით. სახარების ამ ეპიზოდში რამდენიმე მომენტი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. წარმოიდგინეთ, რომ ამდენ ხალხში ერთი ღვთისნიერი კაციც კი არ მოიძებნა, რომელიც გამოიჩენდა ადამიანობას და ადგილს დაუთმობდა, თავისზე წინ გაუშვებდა ამ სნეულს და წყალში ჩასვლაში დაეხმარებოდა. ასეთი რამ თანამედროვე ცხოვრებაშიც ხდება. შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდეს დიდ ქალაქში, მაგრამ სრულიად მარტო გრძნობდეს თავს. ვერ ამჩნევენ მის გაჭირვებას, მწუხარებას, მარტოობას. ადამიანი შეიძლება დაიღუპოს იმიტომ, რომ არავინ არის მისი შემწე.აი, ამაზე, ასეთ ადამიანებზე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს, ვინც არ ზრუნავს სიკეთეზე, ღვთის მცნებების შესრულებაზე, რომ ხშირად წმინდა წერილი მათ ადამიანებადაც კი არ იხსენიებს. მაგალითად, ნახეთ, რას ამბობს ისაია წინასწარმეტყველი შუაგულ იერუსალიმში: „მოვედი და არ იყო კაცი, ვიძახდი და არავინ იყო ხმის გამცემი“, იმიტომ კი არა, რომ ხალხი მართლა არ იყო იქ (იქაურობა სავსე იყო ხალხით, ეს მთავარი ქალაქი იყო), არამედ იმიტომ, რომ იქ მყოფნი არაფრით ჯობდნენ არმყოფებს, რადგან, როგორც ამბობს ისევ იოანე ოქროპირი, ადამიანს წმინდა წერილი უწოდებს და საერთოდ ადამიანად შეიძლება იწოდოს არა ის, ვინც გარეგნულად არის ასეთი, არამედ ის, ვინც ერიდება ცოდვას, ებრძვის და ამარცხებს არაწმინდა ვნებებს, იღვწის სათნოებებისთვის და ასრულებს უფლის მცნებებს.აი, ეს ადამიანი იესო ქრისტემ შეამჩნია და დაეხმარა მას. ამ განრღვეულმაც დაინახა უფალი, უპასუხა მის ხმას და განიკურნა. ასე რომ, ყველას, ვინც არის მწუხარებაში, განსაცდელში, თავს გრძნობს მარტო, უნდა ახსოვდეს, რომ უფალი ხედავს მათ, ახლოს არის და დახმარების ხელს უწვდის, მთავარია, ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში.ამ სახარებიდან ასევე ვხედავთ, რომ სნეულება დაკავშირებულია ცოდვასთან და განკურნება დამოკიდებულია გამოსწორებაზე, დაკავშირებულია შენდობასთან. ეს საიდან ჩანს? - უფალი იესო ქრისტე როცა ამ კაცს განკურნავს, ეტყვის ასეთ სიტყვებს: „აი, შენ განიკურნე, ამიერიდან ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი რამ არ დაგემართოს“ (ინ. 5,14).მართლაც, ფიზიკური სნეულებები, როგორც ვთქვით, დაკავშირებულია ცოდვებთან, მათგან განკურნება კი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ექიმებსა და წამლებზე, არამედ სინანულსა და გამოსწორებაზე. მაგრამ ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით.ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, - განაცხადა მეუფე შიომ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მიმდინარე საერთაშორისო საკითხები.საუბრისას ერდოღანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, რომლებიც მუდმივ გადაწყვეტამდე მიიყვანს მხარეებს.„გაიხსნა შესაძლებლობათა ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად, და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის აუცილებელ გარემოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა პუტინთან საუბრისას. 

ბოლო სიახლეები