ორშაბათი, მაისი 12, 2025

სტუ-ში, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,  ღონისძიებას – „ინტელექტუალური საკუთრების მართვა მეცნიერებაში“ უმასპინძლა.

ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“  ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები და რუსთაველის ფონდის გრანტიორები, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის, „საქპატენტის“ და მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ინტელექტუალური საკუთრებისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების სამეცნიერო კვლევების წვლილზე ისაუბრა და  ყურადღება გაამახვილა იმ პროცესებზე, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კვლევების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის მიმართულებით მიმდინარეობს.

„ინტელექტუალური საკუთრება ადამიანის გონებრივი და შემოქმედებითი საქმიანობის ნაყოფია და მას განეკუთვნება მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინოვაციები – ყველაფერი, რაც ერთობლიობაში ქმნის პროგრესისა და ქვეყნის განვითარების მძლავრ შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინტელექტუალური საკუთრების დაცვასა და მისი არსის გააზრებას. ნიშანდობლივია, რომ ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღინიშნება, რისთვისაც მადლობას ვუხდით ღონისძიების ორგანიზატორებს. ჩვენი უნივერსიტეტი უძველესი და ძლიერი საინჟინრო-ტექნოლოგიური ჰაბია რეგიონში. ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიური შეხება გვაქვს საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულების ინტელექტუალურ საკუთრებასთან, რომელსაც ჩამოყალიბების საუკუნოვანი ისტორია აქვს. ინტელექტუალური საკუთრების შექმნა-განვითარების პროცესები დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნივერსიტეტში აქტიურად ვმუშაობთ სამეცნიერო კვლევების ტექტრანფერისა და კომერციალიზაციის მიმართულებით. სასიხარულოა, რომ გამოცდილ მეცნიერებთან ერთად, თავიანთ გამოგონებებსა და აღმოჩენებს ახალგაზრდა მკვლევრები და ჩვენი სტუდენტებიც აპატენტებენ იმ ფონზე, რომ საქართველოს მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევითა და ქმედითი მხარდაჭერით, საერთაშორისო სამეცნიერო სივრცე გახსნილია ჩვენი მკვლევრებისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო კოლაბორაციებში – CERN-ში, იაპონიის KEK-სა და  J-PARC-ში, ამერიკის FERMILAB-ში და სხვ. გაწეული მნიშვნელოვანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის მადლობას ვუხდით ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო და აკადემიურ წრეებს, ფაკულტეტებს, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და ცენტრებს, ჩვენს ნიჭიერ და იმედისმომცემ ახალგაზრდებს, რომლებთან ერთადაც წარმატებით ვქმნით ინტელექტუალურ საკუთრებას“, – აღნიშნა სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი,  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, პროფესორი ერეკლე ასტახიშვილი და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე.

როგორც ზაზა მარუაშვილმა აღნიშნა, შემთხვევითი არ არის, რომ ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო დღე ქართული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ფლაგმანში – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღინიშნება. მისი განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარს უჭერს ინტელექტუალური საკუთრების ადმინისტრირების მიმართულებით, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისათვის ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემას, რაც საბოლოო ჯამში, მეცნიერების ხარისხის გაუმჯობესებასა და სამეცნიერო კვლევების რაოდენობრივ ზრდას წაადგება.

ერეკლე ასტახიშვილის ინფორმაციით, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაცია და  ინდუსტრიალიზაცია რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. როგორც მან აღნიშნა, ღონისძიების მიზანია ინტელექტუალური საკუთრების ეფექტური მართვისა და დაცვის, გამოგონების პატენტის მნიშვნელობის წარმოჩენა მეცნიერების, გამოყენებითი და ტექნოლოგიური ხასიათის სამეცნიერო კვლევების განვითარებაში. ამ მიზნით რუსთაველის სამეცნიერო ფონდი ახორციელებს გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს, რომელიც ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევის ტექნოლოგიურ ტრანსფერს და მეცნიერების ეფექტურ ჩართვას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საკონკურსო პირობების თანახმად, კონცეფციის დამტკიცებისთვის პროექტებს,  კვლევების პროგრამის ფარგლებში, გამოგონების  პატენტუნარიანობაზე „საქპატენტის“ მიერ გაცემული დადებითი დასკვნა უნდა ჰქონდეს, ხოლო საპილოტე და დანერგვითი კვლევების პროგრამების ფარგლებში, კვლევითი იდეა საქართველოში ან უცხოეთში გაცემულ პატენტს უნდა ეფუძნებოდეს.

სოსო გიორგაძის განცხადებით, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელობის შესახებ საუბარი მეცნიერების დარგის მხარდაჭერისა და სამეცნიერო პროცესებში საზოგადოების ინტეგრირებისთვის არის აუცილებელი. მისი თქმით, ყველა მეცნიერი, შემოქმედი, ავტორი, რომელიც ქმნის ინტელექტუალურ პროდუქტს, დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გარანტი სახელმწიფო იქნება.

ღონისძიებაზე ინტელექტუალური საკუთრების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოხსენებით წარსდგნენ რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის უფროსი ქეთევან გაბიტაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სტუ-ის შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი თამაზ ურთმელიძე და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის  – „საქპატენტის“  გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი მერაბ კუცია.

ღონისძიების დასასრულს, მეცნიერების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და რუსთაველის ფონდის გრანტიორებისთვის „საქპატენტის“ გამოგონებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ კუციამ ინტელექტუალური საკუთრების ტიპების, პატენტის მოპოვებისა და ინტელექტუალური საკუთრების დარეგისტრირების პროცედურების შესახებ ვორქშოფი ჩაატარა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ცალ ფეხზე დგომა არის რადიკალური ოპოზიციის წესი და ნირი, ვერ გამოვიდნენ საბჭოთა აზროვნებიდან, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არის ოპოზიცია...

ცალ ფეხზე დგომა არის რადიკალური ოპოზიციის წესი და ნირი, ვერ გამოვიდნენ საბჭოთა აზროვნებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.პაპუაშვილის თქმით, ამას ხედავს ქართველი ხალხი და იმიტომაც არის ოპოზიცია მუდმივი „ლუზერი“ არჩევნებში.„საერთო ჯამში, ეს აჩვენებს ერთ რამეს, რომ მთლიანი ოპოზიცია შეკრა ერთმა გამონათქვამმა – ცალ ფეხზე დგომა, რომელიც ასე კარგად მოერგო ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. ცალ ფეხზე დგომა არის მათი წესი და ნირი. სინამდვილეში, ეს არის ხალხი, რომელიც ვერ გამოვიდა საბჭოთა აზროვნებიდან. მათ უბრალოდ მოსკოვი ჩაანაცვლეს ბრიუსელით ან სხვა დედაქალაქით. როგორც საბჭოთა კავშირის დროს ელოდებოდა ზოგიერთი ინსტრუქციას მოსკოვიდან, ახლა ელოდებიან ინსტრუქციებს ბრიუსელიდან. 21-ე საუკუნეში რადიკალურ ოპოზიციაში არის საბჭოთა მენტალიტეტის ხალხი, რომებლსაც აქვთ ცალ ფეხზე მდგომი მონური მენტალიტეტი. ასე რომ, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და იმიტომაც არიან ისინი მუდმივი „ლუზერები“ არჩევნებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 900 მილიონ ევროს გამოუყოფს.როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენელმა, ჩარლზ ფრისმა უკრაინა-ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის მეორე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული თანხა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებიდან დაიფარება და, საერთო ჯამში, უკრაინის თავდაცვითი მრეწველობის მხარდასაჭერად განსაზღვრული თანხის ოდენობა 3.3 მილიარდ ევროს მიაღწევს.ფრისის თქმით, გასულ კვირაში ლვოვში ასევე ხელი მოეწერა კონტრაქტებს, რომლის ფარგლებში მოხდება თანხების ინვესტირება უკრაინის თანამედროვე თავდაცვითი მრეწველობის სფეროებში, მაგალითისთვის კი რაკეტებისა და დრონების წარმოება დაასახელა.

რომის პაპი ლეო XIV – დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი

რომის პაპი ლეო XIV დაპატიმრებული ჟურნალისტების გათავისუფლების მოწოდებით გამოვიდა, – ამის შესახებ მან ვატიკანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას ისაუბრა.„ამ დაპატიმრებული ჟურნალისტების ტანჯვა გამოწვევაა ერების სინდისისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის და მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს, დავიცვათ სიტყვისა და პრესის თავისუფლების ძვირფასი საჩუქარი“, – განაცხადა რომის პაპმა.ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს მონაცემებით, მსოფლიოში 361 ჟურნალისტია დაპატიმრებული.რომის პაპმა ასევე დაპირისპირების დაძლევის საჭიროებაზე ისაუბრა.„მშვიდობა იწყება თითოეული ჩვენგანით: იმით, თუ როგორ ვუყურებთ სხვებს, ვუსმენთ სხვებს და ვსაუბრობთ სხვებზე. ამ თვალსაზრისით, იმას, თუ როგორ ვურთიერთობთ, აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა. ჩვენ უნდა ვუთხრათ „არა“ სიტყვების ომს“, – თქვა ლეო მე-14-მ.მედიასთან შეხვედრისას პონიფიკოსმა ასევე ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის საკითხზე და აღნიშნა, რომ მისი გამოყენება უნდა მოხდეს პასუხისმგბელობით.

ბექა ლილუაშვილი – მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია, რაც მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი

მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია, რაც მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში უამრავი გამოწვევის ფონზე ოპოზიციაში რაღაც საკითხებზე შეიძლება დაპირისპირება იყოს.„სამწუხაროა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, რაც სახელმწიფოს არსებობისთვის მომავალში აქტუალურია თითოეული ადამიანისთვის, მიუხედავად „იმედის“ პროპაგანდისა, მიუხედავად ტყუილებისა, რასაც ხელისუფლება თავს ახვევს საზოგადოებას, უზარმაზარი სოციალური პრობლემები, უზარმაზარი მიგრაციული ნაკადი ქვეყნიდან, კორუფციის უზარმაზარი პრობლემები, ოპოზიციის შიგნით რაღაც საკითხებზე შეიძლება, ხდებოდეს დაპირისპირება. ერთი რამ ცხადია და ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია. ქართველი ხალხი მას ამ სივრცეს აღარ მისცემს. რაც უფრო მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უმჯობესია. დღეს „ქართული ოცნების“ დამარცხების მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკაში სივრცის გაქრობამ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, შიგნით რაღაც ბანერი აწიეს, ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას არ მოეწონა, ეს მათი შიდა საკითხია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლისთვის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია

დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით.პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია.„ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი. ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა, შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც „ვეტინგის“ სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.„დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავსმოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას, ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს, ასევე, ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, რომლებიც პირდაპირი წესით არ არიან არჩეულნი, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან. ამ მხრივ, კარგი იქნებოდა, უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები