ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამება სისტემური ხასიათის იყო

2023 წლის 16 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ევროპული სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა ეფუძნება როგორც მომჩივან აკაკი ოჩიგავას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებულ ინფორმაციას, ისე სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფაქტების დამდგენი ვიზიტის საფუძველზე გამოქვეყნებულ ანგარიშებსა და დოკუმენტებს, ასევე, ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებს.

ამასთან, ევროპულმა სასამართლომ მიმოიხილა 2012 წლის სექტემბერში ქართულ მედიაში გავრცელებული კადრები ციხის სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის, გლდანის ციხეში (სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში) პატიმართა არასათანადო მოპყრობის/წამების შესახებ („ციხის სკანდალი“).

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან კიდევ ერთხელ დგინდება, რომ საქართველოს ციხეებში პატიმრების წამება ხდებოდა სისტემატურად, სხვებს შორის, შემდეგი ფორმებით: ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა – ე.წ. საკარანტინო პროცედურა; პატიმრების სისტემატური ცემა კვირაში რამდენიმეჯერ; ე.წ. კარცერსა და მცირე ზომის სამარტოო საკნებში დასჯის მიზნით ხანგრძლივი ვადით მოთავსება, სადაც მეტალის საწოლის გარდა არაფერი იყო და დღის განმავლობაში პატიმრებს უწევდათ ცემენტის იატაკზე ჯდომა. საწოლი აკეცილი და მიმაგრებული იყო კედელზე საკეტით. დაწესებულების თანამშრომლები საწოლს ხსნიდნენ და მომჩივანს ნებას რთავდნენ, გამოეყენებინა მხოლოდ საღამოს 10 საათიდან დილის 8 საათამდე;

პატიმრებს, ასევე, უწევდათ საკანში ერთდროულად რამდენიმე პატიმრის მოთავსების შემთხვევაში მთელი დროის განმავლობაში ფეხზე დგომა; პატიმრებისთვის საკვების მიღებისა და საპირფარეშოს გამოყენების შეზღუდვა; ოჯახის წევრებთან შეხვედრის გამუდმებით შეზღუდვა; პატიმრებისთვის სპეციალური სახის ჩაფხუტის ჩამოფარება და პირში ბურთის ჩაჩრა, რათა მათ არ ესაუბრათ; პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით.

ამ არასათანადო მოპყრობის მიზანი იყო პატიმრების მორჩილება ციხის ადმინისტრაციისადმი და მათთან თანამშრომლობის იძულება. მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. აღნიშნულ ფაქტზე პრეტენზიის გამოთქმის შემდეგ გამომძიებელმა ურჩია, განეცხადებინა, რომ ტრავმა მიიღო საწოლიდან გადმოვარდნისას. მომჩივანმა ამაზე უარი განაცხადა, რის გამოც დაწესებულების თანამშრომლებმა ბეისბოლის ჩოგნით დაუმტვრიეს თითები. მისი თითები უმეტესწილად დეფორმირებული იყო მრავლობითი მოტეხილობების შედეგად. ამასთან, მომჩივანს არ გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. გარდა ამისა, ერთ-ერთი ინციდენტის დროს ციხის თანამშრომლებმა იგი საშხაპე ოთახში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მომჩივანს ცემის გამო დაუკარგავს გონება, გონზე მოსვლის შემდეგ კი, თავი აღმოუჩენია ციხის მორგში მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვულს, გარდაცვლილებს შორის.

პენიტენციურ დაწესებულებაში ზემოხსენებული მოპყრობის შედეგად მომჩივანი 2014 წლის 28 მარტიდან არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანი გლდანის ციხეში დაექვემდებარა წამებას და ეს წარმოადგენდა ნაწილს იმ დროს არსებული სისტემური ხასიათის წამებებისა, რომლებიც მთელი სისტემისთვის იყო დამახასიათებელი.

აღსანიშნავია, რომ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები არ ახმაურებდნენ წამების შემთხვევებს როგორც არაპირადი, ისე პირადი (ოჯახური) კონტაქტების დროს. ეს ნაწილობრივ განპირობებული იყო სიტუაციის გაუმჯობესების იმედის ნაკლებობით, შემდგომი დასჯის შიშით და დაცვის მექანიზმების არაეფექტურობით.

თუმცა, როგორც მომჩივანმა პროკურორთან განაცხადა, ის თავს საკმარისად დაცულად გრძნობდა, რათა საჩივარი შეეტანა გლდანის ციხეში არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ციხის სკანდალისა და 2012 წლის ოქტომბრის სამთავრობო ცვლილებების შემდეგ.

საქართველოს პროკურატურის გამოძიების შედეგად აკაკი ოჩიგავას წამების ფაქტზე 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა არაერთი პირი, ხოლო 2018 წლის 6 თებერვალს ბრალდებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნენ დამნაშავედ. განაჩენი უცვლელად ძალაში იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოების მიერ. სხვა პირებთან ერთად, აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ყოფილი მსჯავრდებული აკაკი ოჩიგავა.

მიუხედავად ზემოთქმულისა, დარღვევის სისტემატურობისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ ხარვეზები დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურულ ნაწილშიც (გამოძიების ვალდებულება), რადგან პასუხისმგებელ პირთა დაკავება და გასამართლება მოხდა გასაჩივრებული ფაქტების დადგომიდან 5 წლის შემდეგ, რაც მართლმსაჯულების აღსასრულებლად ხანგრძლივ ვადად შეფასდა.

სასამართლომ მომჩივანს მიაკუთვნა 20 000 ევრო მორალური ზიანისთვის.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სარჯველაძე – წინა შემთხვევაში სამინისტრომ ალექსი თირქიას სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა, ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული

ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია. სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, არასწორ ადგილას, არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც ალექსი თირქიას დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კონკრეტული კლინიკა სწორ დოკუმენტაციას ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომელიც რეალობასა და სიმართლესთან შესაბამისი არაა. რეალობა ასეთია: ერთ-ერთი კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არ ხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს. წინა სხვა შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან ამ კონკრეტულ პიროვნებას სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. მაგ: როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს, დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია – ამბულატორიული იქნებოდა ეს, თუ კვლევები – უწყების მხრიდან, ყოველთვის ფინანსდება. მანამდე, სამედიცინო დოკუმენტაცია რეფერალურ პროგრამაზე იყო ატვირთული და დაფინანსდა კიდეც, მორიგ ჯერზე ამავე რეფერალზე არ ატვირთეს. ამ ადამიანებმა გამოსავალი მშვენივრად იციან, უბრალოდ, ამ შუალედით ისარგებლა ვიღაცამ. როგორც კი სწორად შემოვა განაცხადი, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს. როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვიდრე ადამიანები, რაღაც ხმამაღალ ბრალდებებს წამოაყენებენ, ცოტა უფრო დაფიქრებული იყვნენ, თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან. ეს ერთადერთი სწორი ქცევაა მათი მხრიდან. ამიტომ, მოვუწოდებ კლინიკებს, ასე დაუდევრად პაციენტების ინტერესებს ნუ მოეპყრობიან. საბედნიეროდ, კლინიკების უმრავლესობა ამას ასე არ აკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარყოფითი გამონაკლისებიც. როგორც ჩანს, ასეთთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა – ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აქვს აკრძალული. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული, ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეიცვალოს.ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში – ლევან სანიკიძე

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.ლევან სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია აშშ-ის გადაწყვეტილება სირიისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.„იმ კატასტროფის შემდეგ, რასაც ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმი ერქვა, ბუნებრივია, შეუძლებელია, დღეს სირიაში ასე სწრაფად იყოს დამყარებული დემოკრატია, მაგრამ, რასაც ვუყურებ, ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმზე უკეთესი მდგომარეობა არის. მათ ძალიან ბევრი და სწორხაზოვანი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, რათა დემოკრატიული სახელმწიფო გახდნენ. სანქციები დაწესებული იყო ბაშარ-ალ-ასადის ავტოკრატიული დიქტატორული რეჟიმისთვის, რომელიც პირდაპირ ხვრეტდა განსხვავებული მოსაზრების ადამიანებს. ჩემი აზრით, ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ისინი შანსს მისცემენ, შანს აძლევენ სირიის ახალ ხელისუფლებას, რამენაირად მოხდეს ამ სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე შეყენება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.როგორც სანიკიძემ აღნიშნა, აშშ საქართველოს არ უწესებს სანქციებს, სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“.„საქართველოს არ უწესებენ, უწესებენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს კრიტიკული სხვაობაა. ხელისუფლებას და სახელმწიფოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქციაა მე და თქვენ რომ არ შეგვიშვან და თქვან, საქართველოს მოქალაქეებს აღარ ვიღებთო, მაგრამ შალვა პაპუაშვილზე თუ იტყვიან, არ ვუშვებთო, ეს პრობლემა არაა ჩემთვის. ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ არის სხვადასხვა. ისინი სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო. ამ ვითარებაში ჩემი და მათი აზრი ემთხვევა ერთმანეთს. სირიის და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი. საქართველოში მათი თუნდაც ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა არაღიარების პოლიტიკასთან, შეიარაღებული ძალების შენებასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის განუზომლად დიდი, ვიდრე სირიაში. შესაბამისად, სირიასთან მათ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არ ჰქონიათ გაფორმებული, რაც საქართველოსთან ჰქონდათ. ჩვენ ერთ ნაბიჯში ვიყავით 2012 წელს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან. „მეგობარ აქტში“ რატომ ხედავს „ქართული ოცნება“ მაინც და მაინც ცუდს, იქ უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე არაა საუბარი? რითაც თითოეული ჩვენგანი იხეირებს. ირაკლი ზარქუას თუ დაასანქცირებენ, ამაზე ნამდვილად ვერ ვიჯავრებ, პირიქით, გამიხარდება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – ექსპერტები უფრო ძლიერ ბიძგებსაც არ გამორიცხავენ

თურქეთში, მუგლას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა, როგორიცაა დენიზლი, ანტალია, აიდინი, იზმირი, ისპარტა, ბურდური და მანისა, ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 20.41 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.როგორც ადგილობრივ მედიასთან პროფესორმა სულეიმან პამპალმა განაცხადა, "თუ ამ რეგიონში უფრო ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდება, ეს მოულოდნელი არ იქნება".

ურსულა ფონ დერ ლაიენის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ არის მიმართული

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტი შეათანხმეს.როგორც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, შემზღუდავი ზომების ახალი პაკეტი ძირითადად მიმართულია რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ.„ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვზღუდავთ წვდომას ტექნოლოგიებთან, რომლებიც ბრძოლის ველზე გამოიყენება. სიაში დავამატეთ კიდევ 189 ხომალდი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტიდან“, რათა დავარტყათ რუსეთის ენერგეტიკულ ექსპორტს. ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ მზარდ ზეწოლას კრემლზე“, – დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა.„დოიჩე ველეს“ ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შემდეგ შეზღუდვები, მთლიანობაში, დაწესებული იქნება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის შემადგენლობაში შემავალი 340-ზე მეტი ხომალდის მიმართ. ეს ის ხომალდებია, რომლებიც რუსული ნავთობით  უკანონოდ ვაჭრობენ.ამასთან, ახალ პაკეტში შევა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების თავის არიდებაში მხილებული 30 კომპანია და 75 ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან.ოფიციალურად, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 17-ე პაკეტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე დაამტკიცებენ.როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ევროკავშირმა ასევე შექმნა სამართლებრივი ბაზა, რომელიც საშუალებას იძლევა, სანქციები დაუწესდეს პროპაგანდისტებს. როგორც ნავარაუდებია, ამ სიაში მოხვდება 20 პირი და ორგანიზაცია, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებს.ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციები დაუწესდებათ იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებიც დაკავშირებულები არიან რუსი ოპოზიციონერების ალქსეი ნავალნისა და ვლადიმირ ყარა მურზას საქმეებთან. ამ სიას 20 ადამიანი დაემატება.ამასთან, ქიმიური იარაღის გამოყენების აკრძალვის ფარგლებში ევროკავშირი დააწესებს შეზღუდვას იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტზე, რომელთა გამოყენებაც რაკეტებში ხდება.

ბოლო სიახლეები