ხუთშაბათი, მარტი 19, 2026

თაკო ჩარკვიანი – მოსამართლემ ხელი შეუწყო, რომ სრულიად საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის მკვლელობაში

მოსამართლე არევაძემ საკუთარი თავი გაინადგურა და ხელი შეუწყო იმას, რომ სრულიად საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის მკვლელობაში, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.

„სასამართლო არ არსებობს, ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, სახელმწიფოს დავიცავთ თუ არა, ამაზეა უკვე საუბარი. ვიცხოვრებთ თუ არა როგორც მონები, ეს უკვე ჩვენი, ხალხის გადასაწყვეტია. მას არაფერი ჰქონდა მოსაფიქრებელი. ვიცოდით, რომ არაფერს ფიქრობდა, მის თავში არაფერი არ იყო გარდა ბრძანებისა, რომელიც იქამდე მიიღო. სათათბიროდ არ გასულა, რაში სჭირდებოდა რამის მოფიქრება, როცა უკვე ნაბრძანები და გაწერილი ჰქონდა. მოსამართლე არევაძემ დაკვეთა შეასრულა. საკუთარი თავი ხომ გაინადგურა და ხელი შეუწყო იმას, რომ სრულიად საზოგადოებამ მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის მკვლელობაში“,- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საბერძნეთი: ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შემდეგ, ნავთობის ფასები ძალიან გაიზარდა

ენერგეტიკულ ბაზარზე რადიკალური ცვლილებები ხდება, რაც მანამდე არსებულ სურათს მთლიანად ცვლის. თუ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა.18 მარტს, დილით, ნავთობის ფასი ბარელზე 101-102 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ ის უმალ გადასცდა 108 დოლარს, როგორც კი ირანისა და კატარის ერთობლივ გაზის საბადოებზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ამ ამბავმა ბაზრებზე ძლიერი რყევები გამოიწვია, რამაც ფასების მკვეთრი ზრდა განაპირობა.ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ნავთობზე ფასების ზრდამ, მთლიანობაში, 47%-ს მიაღწია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ნახტომია.ფასების ნახტომისებური ზრდა მომხმარებლებს მძიმე ტვირთად აწვება. არაეთილირებული (unleaded) საწვავის საშუალო ფასი, ქვეყნის მასშტაბით, ამჟამად ლიტრზე 1,94 ევროს შეადგენს, რაც თებერვლის ბოლოსთან შედარებით, დაახლოებით 19 ცენტით მაღალია.კიდევ უფრო თვალსაჩინოა ფასების ზრდა დიზელის საწვავზე. მისი ფასი 1 ლიტრზე 35 ცენტით გაიზარდა, ხოლო გათბობისთვის განკუთვნილ ნავთობზე ფასმა, 27 თებერვლის მონაცემებთან შედარებით, 31 ცენტით მოიმატა.ბაზრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდის ტენდენცია ჯერ არ დასრულებულა. ისინი, მომდევნო 24 საათის განმავლობაში, ახალ მატებას პროგნოზირებენ. იმის ალბათობა, რომ ბენზინის ფასმა, შესაძლოა, ლიტრზე 2 ევროს მიაღწიოს ან გადააჭარბოს კიდეც, რაც ძალიან მძიმე სცენარად მიიჩნევა, თუმცა ასეთი სცენარი უკვე ძალიან რეალურად გამოიყურება.ამავდროულად, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელები საწვავზე დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ ამან, შესაძლოა, სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესოს. 19 მარტიდან, კუნძულ ლესბოსზე გრძელვადიანი გაფიცვა დაანონსდა. ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქცია, შესაძლოა, საბერძნეთის სხვა რეგიონებშიც გაიმართოს.

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება

თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი – ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21-22 მარტს უფასოდ მოემსახურება.აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო.მუნიციპალური ტრანსპორტი, მთელი ქალაქის მასშტაბით, იმოძრავებს უკვე დადგენილი მარშრუტითა და ინტერვალებით, რაც შეეხება მეტროპოლიტენს, ისიც მგზავრებს ორივე დღეს ჩვეულ რეჟიმში – 06:00 საათიდან 00:00 საათამდე მოემსახურება.

კვიპროსის ეკლესია ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს დაძმობილებული საქართველოს ეკლესიის ტკივილს მისი უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია მეორის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია კვიპროსის ეკლესიის სამძიმრის ტექსტში.რენესანსის ეპოქის პატრიარქი – ასე იხსენიებს კვიპროსის ეკლესია უწმინდესს და აღნიშნავს, რომ ილია მეორემ პატრიარქის ტახტი საქართველოს ეკლესიისთვის უაღრესად რთულ დროს დაიკავა.როგორც სამძიმრის ტექსტშია ნათქვამი, „საბჭოთა კავშირის უღმერთო კომუნისტურმა არეულობამ საქართველოს ეკლესიას ავტოკეფალია ძალით წაართვა. ილია მეორის ხელმძღვანელობით ქართული ეკლესია ხელახლა დაიბადა და საზოგადოებაში თავისი ცენტრალური როლი დაიბრუნა“.„მისი უნეტარესი პატრიარქის, ილია მეორის სიყვარული კვიპროსის ეკლესიის მიმართ ყველაზე ნათლად გამოიხატა კვიპროსის უწმინდესი მთავარეპისკოპოსის, მისი უწმინდესობის, ქრიზოსტომოს II-ის მოწვევით 2014 წლის ოქტომბერში ჩვენს კუნძულზე ილია მეორის მომლოცველობითი ვიზიტის დროს. ექვსდღიანი ვიზიტის დროს, მისმა უნეტარესობამ პატრიარქმა კუნძულზე მომლოცველთა მთავარი წმინდა ადგილები მოინახულა. საზეიმო იერარქიული ლიტურგია ლარნაკაში, წმინდა ლაზარეს ისტორიულ ეკლესიაში აღევლინა. საღვთო ლიტურგიის დასასრულს, მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა პატრიარქს მიმართა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ გგრძნობთ თქვენთან ახლოს, როგორც ერთ-ერთ ჩვენგანს, რადგან ჩვენს ეკლესიებს შორის ბევრი მსგავსებაა და მათი რთული გზა ოცი ქრისტიანული საუკუნის განმავლობაში მსგავსია“. ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულეს კიკკოსის წმინდა მონასტერი, წმინდა ირაკლიდიოსის მონასტერი, პანაგია ანგელოქტისტის ეკლესია, წმინდა ნეოფიტოსის მონასტერი, ასევე პაფოსში მდებარე წმინდა პანაგია ქრისოგიალიოტისას ქართული მონასტერი, სადაც მისი კურთხევის მისაღებად უამრავი მომლოცველი შეიკრიბა.წასვლამდე ცოტა ხნით ადრე, კვიპროსის მართლმადიდებელ ხალხს დაემშვიდობა და მისმა უნეტარესობამ პატრიარქმა სულიერ მემკვიდრეობად დატოვა სიტყვები: „ვლოცულობ კვიპროსის მშვიდობის, სიყვარულისა და ერთიანობისთვის“. კვიპროსის ეკლესია გულთბილ სამძიმარს უცხადებს დაძმობილებულ საქართველოს ეკლესიას, მის სასულიერო პირებს, ხალხს და ლოცულობს, რომ უფალმა დაამკვიდროს ნეტარი პატრიარქის სული“, – ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.

ალი მოჯანი-ათასობით მორწმუნე სამებაში, სული, რომელიც საქართველოს ზეციდან დაიფარებს -საქართველო ილია მეორეს ემშვიდობება

,,წუხელ, ათასობით მორწმუნე ქართველთან ერთად, ფეხით მივედი თბილისის თავზე წამომართულ სამების ტაძარში, რათა გამოვთხოვებოდი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, — ამ ქვეყნის უდიდეს სულიერ ლიდერს, რომელმაც სამშაბათს სული უფალს მიაბარა. იქაურობა ერთდროულად აღსავსე იყო მწუხარებით, რწმენითა და სიმშვიდით; თითქოს განშორების ამ ცერემონიალში ერთდროულად გამოხატულიყო საქართველოს ისტორია, იდენტობა და სულიერება. რთულია, გადმოიცეს იმ ხალხის გრძნობები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ მსვლელობაში. ხალხს თვალები ცრემლით ჰქონდა დანამული, მათი სახეები კი გლოვას გამოხატავდა, როგორც იმ შვილებისა, რომელთაც მამა დაკარგეს. უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე განურჩევლად ყველა ქართველისთვის მხოლოდ რელიგიური ლიდერი არ ყოფილა; იგი წარმოადგენდა ქარიზმატულ და უაღრესად გავლენიან პიროვნებას თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის პერიოდის შემდეგ. რთულ წლებში, პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების პერიოდში, მან შეძლო სულიერების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და ღვთისმოშიშ საზოგადოებაში მორალური საფუძვლების განმტკიცება. ეკლესიის სულიერი ატმოსფერო და ზეციური ჰიმნების გალობა, რომელიც მეორე სართულიდან ისმოდა, თითოეული ადამიანის სულსა და სხეულზე გავლენას ახდენდა, თითქოს სული დროისა და სივრცის საზღვრებიდან თავისუფლდებოდა. რამდენიმე წუთის განმავლობაში, ამ გარემომ იმდენად მომხიბლა, რომ ღრმა მწუხარებამ, რომელიც შერწყმულიყო აღდგომის იმედთან, ჩემი მთელი სხეული მოიცვა, ხოლო თვალებზე ცრემლი ამიკიაფდა, რომლის დამალვაც აღარ შემეძლო. მე მივყვებოდი მის მსუბუქ, თუმცა ნათელ ცხედარს. რამდენიმე ნაბიჯის განმავლობაში, პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა. ილია მეორე იყო უნიკალური და გამორჩეული პიროვნება თავის ეპოქის მრავალი რელიგიური ლიდერისგან განსხვავებით. ხან, როგორც სასულიერო პირი, რომელიც პოლიტიკურ მორალზე იყო ორიენტირებული, ხალხის გულისთვის, მიმართავდა პოლიტიკოსებს, კულტურის სფეროსა და საზოგადოების ცნობილ სახეებს; ხანაც მონასტრის მდუმარებაში, ლოცვად დგებოდა და უფალთან შვებას პოულობდა. წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილების შემამსუბუქებელი იყო. საკუთარი მამობრივი როლით, ის არა მხოლოდ რელიგიური ლიდერი იყო, არამედ წარმოადგენდა სულიერ თავშესაფარს თავისი ხალხისთვის; ის გახლდათ პიროვნება, რომელიც ნათლობის საშუალებით ათასობით თანამემამულის სულსა და რწმენას ღრმად დაუკავშირდა და ნამდვილად გახდა მათი სულიერი მამა. ეს განშორება მხოლოდ ნეშტის გაცილება არ ყოფილა; ეს გახლდათ საქართველოს ცოცხალი ისტორიისა და სულის ნაწილის გაცილება, სულისა, რომელიც წმინდა სამების ეკლესიიდან ამაღლდა, რათა კვლავ შეეწიოს საქართველოს ცასა და მიწა-წყალს. ამინ”-წერს ირანის ელჩი ალი მოჯანი

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო მწუხარებას გამოთქვამს ილია მეორის გარდაცვალების გამო და აუქმებს „კლოჩე სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.ამის შესახებ ნათქვამია ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.„ეს არის უდიდესი დანაკლისი მთელი ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ერისათვის. მისი მოღვაწეობა ქვეყნის სულიერი აღორძინების, მშვიდობისა და ერთიანობის სიმბოლო იყო.ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წმინდა სინოდის წევრებს, სამღვდელოებას, მრევლსა და სრულიად საქართველოს.საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო აუქმებს „კლოჩე სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას“, – ნათქვამია საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადებაში.

ბოლო სიახლეები