პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის თემას გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სია “შედგეს სათანადოდ და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება”. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„მინდა, მოკლედ გამოვეხმაურო ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ერთად შევჯერდით ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სია შედგეს სათანადოდ და სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ზომების მიღება. ვადა არის განსაზღვრული და ჩვენ, ბუნებრივია, მივადევნებთ თვალს შესაბამის პროცესს. არის კონკრეტული ნაბიჯები გადასადგმელი პროკურატურის მხრიდან, სხვა უწყებების მხრიდან, რაც საფუძვლად უნდა დაედოს შემდეგ სიის შედგენას. ეს ყველაფერი იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენი დაკვირვების ქვეშ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საქართველო უმრავლესობას, პარლამენტის მიერ მიღებული ერთობლივი რეზოლუციის შემდეგ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის საკითხზე, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ერთობლივი წერილის გაგზავნას სთავაზობს
პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტი 106 ხმით მიიღო. რეზოლუციას, რომელიც ევროპულ საქართველოსა და ქართულ ოცნებას შორის პოზიციების შეჯერების შემდეგ შემუშავდა, ნაციონალურმა მოძრაობამ და პატრიოტთა ალიანსმა მხარი არ დაუჭირეს.