ორშაბათი, მაისი 12, 2025

მამუკა მდინარაძე: როდესაც გაუბედურებული ოჯახების წევრები მოუწოდებენ პრეზიდენტს, არ შეიწყალოს სააკაშვილი, რატომ არის ეს ზეწოლა, ხოლო თვეების განმავლობაში დალაგებული კამპანია, რომ შეეწყალებინა სააკაშვილი, რატომ არ არის ზეწოლა?

რატომ არის ზეწოლა ის ერთდღიანი, აბსოლუტურად უწყინარი აქცია, როდესაც გაუბედურებული ოჯახების წევრები მოუწოდებდნენ, არ შეეწყალებინა სააკაშვილი, ხოლო თვეების განმავლობაში დალაგებული კამპანია, რომ შეეწყალებინა სააკაშვილი, რატომ არ არის ზეწოლა? როდესაც არასამთავრობოებს მოუწოდებს ორსაათიანი აქციის გაკრიტიკებისკენ, რატომ არ მოუწოდებს იგივეს თვეების განმავლობაში მის მიმართ არსებული მოწოდებების გამო?, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მართალი გითხრათ, სალომე ზურაბიშვილის რეაქცია და გაღიზიანება ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. გასაგებია, ეს რომ ვიღაცამ ჩვეულებრივ ურთიერთობაში თქვას, მაგრამ პრეზიდენტმა, რომელიც თავისი რეზიდენციის წინ გამოდის, ხალხს ასე ნამდვილად არ უნდა მიმართოს. რატომ მომივარდით – ამის ბევრჯერ გამეორება არის აბსოლუტურად მიუღებელი ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. არ გამოვტოვოთ კიდევ ერთი თემაც: ზურაბიშვილი ნამდვილად გვახსოვს განაწყენებული 2007 წელს, როდესაც ის სააკაშვილმა თანამდებობაზე აღარ გააჩერა, და ის სააკაშვილის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ 2011-2012 წლებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა და რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე აქტიური ბრძოლა დაიწყო, საერთოდ არ ცხოვრობდა საქართველოში, თუ სწორად მახსოვს… სალომე ზურაბიშვილი დაუბრუნდა პოლიტიკას მას შემდეგ, რაც ყველაფერი ნათელი გახდა, „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ივანიშვილმა თავისი სიცოცხლის და ოჯახის რისკის ფასად შეძლო რეჟიმის შეცვლა ქართველ ხალხთან ერთად. ახლა კომპრომატად იმის გამოყენება, რომ ვიღაც „ქართუში“ მუშაობდა, არასწორია მისი მხრიდან. არ ვიცი, ვისზე ლაპარაკობს. პირადად მე შემიძლია გითხრათ, რომ გია მაისაშვილი როცა 2004 წელს ჭადრაკის სასახლესთან აქციას ატარებდა, იქაც გახლდით“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ვინ რამდენ აქციაზე იყო, სად მუშაობდა, რატომ მუშაობდა – ასე წარსულზე აპელირება ზედმეტია.

„რაც შეეხება მთავარ კითხვას – რატომ ვერ ამბობს კატეგორიულად, გადაჭრით, იგივე ტონით და რიხით, როგორც შარშან, რომ არ შეიწყალებს სააკაშვილს – ამას აქვს ორმხრივი მიზეზი. პირველი – მან ზუსტად იცის ხალხის რეაქცია. ყველამ ვიცით, რომ 2008 წლის ომის დაწყებაზე რომ რუსეთს ხელი მოუწერა, ქართველ სამხედროებს დააბრალა ომის დანაშაული – ეს არის სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი დანაშაული. რეჟიმის შექმნა, თითოეული მოკლული ადამიანი მის კისერზეა და სალომე ზურაბიშვილს ეშინია ხალხის მძაფრი რეაქციის. მეორე მიზეზი არის, რომ მას აქვს გარკვეული ზეწოლა, შეიძლება ქვეყნის გარედანაც, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით ამას ყველანი ვხედავთ. ამ ორ ცეცხლს შუა არის პრეზიდენტი. რატომ არის ზეწოლა ის ერთდღიანი, აბსოლუტურად უწყინარი აქცია, როდესაც გაუბედურებული ოჯახების წევრები მოუწოდებდნენ, არ შეეწყალებინა სააკაშვილი; ხოლო თვეების განმავლობაში დალაგებული კამპანია, რომ შეეწყალებინა სააკაშვილი, რატომ არ არის ზეწოლა? როდესაც არასამთავრობოებს მოუწოდებს ორსაათიანი აქციის გაკრიტიკებისკენ, რატომ არ მოუწოდებს იგივეს თვეების განმავლობაში მის მიმართ არსებული მოწოდებების გამო?“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ბექა ლილუაშვილი – მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია, რაც მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი

მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია, რაც მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში უამრავი გამოწვევის ფონზე ოპოზიციაში რაღაც საკითხებზე შეიძლება დაპირისპირება იყოს.„სამწუხაროა, რომ იმ გამოწვევების ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს, რაც სახელმწიფოს არსებობისთვის მომავალში აქტუალურია თითოეული ადამიანისთვის, მიუხედავად „იმედის“ პროპაგანდისა, მიუხედავად ტყუილებისა, რასაც ხელისუფლება თავს ახვევს საზოგადოებას, უზარმაზარი სოციალური პრობლემები, უზარმაზარი მიგრაციული ნაკადი ქვეყნიდან, კორუფციის უზარმაზარი პრობლემები, ოპოზიციის შიგნით რაღაც საკითხებზე შეიძლება, ხდებოდეს დაპირისპირება. ერთი რამ ცხადია და ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის სივრცე ქართულ პოლიტიკაში ამოწურულია. ქართველი ხალხი მას ამ სივრცეს აღარ მისცემს. რაც უფრო მალე გაიგებს ამას „ნაციონალური მოძრაობა“, მით უმჯობესია. დღეს „ქართული ოცნების“ დამარცხების მნიშვნელოვანი შედეგი შეიძლება მოგვიტანოს, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისთვის პოლიტიკაში სივრცის გაქრობამ. ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, შიგნით რაღაც ბანერი აწიეს, ვიღაცას მოეწონა, ვიღაცას არ მოეწონა, ეს მათი შიდა საკითხია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი – მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში წინსვლისთვის, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია

დღესდღეობით, როდესაც ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, ფედერალიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის თაობაზე დებატები კონცენტრირებული უნდა იყოს ინტეგრაციის სიკეთეების მაქსიმიზაციაზე და, ამავდროულად, წევრი ქვეყნების ავტონომიისა და ტრადიციების პატივისცემაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით.პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზის ერთგულია.„ევროპული კავშირის ცენტრალური სტრუქტურების ზედმეტმა გაძლიერებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც საუკეთესოდ გამოხატავს თითოეული ქვეყნის უნიკალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ასპექტებს. საქართველო ერთგულია ევროკავშირში გაწევრიანების გზის. მე წარმოვადგენ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაზე მეტი გააკეთა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს წინსვლისთვის. ამავდროულად, პარლამენტის გადმოსახედიდან, ჩვენ ევროპული ინსტიტუტების მხრიდან გაუგებარი მოპყრობის მომსწრენი გავხდით. სამწუხაროდ, ევროკავშირის ზოგიერთი სტრუქტურის მხრიდან ვხედავთ ტენდენციას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს, ელაპარაკოს დირექტივებით, დაუწესოს ვალდებულებები უფლებების მინიჭების გარეშე. ვალდებულებების ქონა ხმის უფლების გარეშე, განსაკუთრებით ევროკავშირის იმ ინსტიტუტებში, სადაც საქართველო ჯერჯერობით არ არის წარმოდგენილი, არ შეესაბამება დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპს, რომელზეც დგას ევროკავშირი. ევროკავშირის ცენტრალიზებული სტრუქტურა ზოგჯერ ისეთ პირობებს აწესებს, რომელზეც თავად ევროკავშირი ვერ თანხმდება. ამ პრაქტიკის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენდა საქართველოსადმი მოთხოვნა, შეექმნა მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინალური სისტემა, რომელიც „ვეტინგის“ სახელითაა ცნობილი და უცხოელი აქტორების მიერ უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ეს სისტემა, დანერგვის შემთხვევაში, შეეწინააღმდეგებოდა დემოკრატიის მთავარ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება ხალხისგან მომდინარეობს. გამოდიოდა, რომ ხელისუფლების მთლიანი შტო დაკომპლექტდებოდა უცხოელი აქტორების მიერ, რაც ეროვნული სუვერენიტეტის არსს ეწინააღმდეგება. მეეჭვება, რომ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო თავის სუვერენიტეტში ასეთ ჩარევას დაუშვებდა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.მისი თქმით, ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება.„დემოკრატია გულისხმობს მსჯელობას და არა იძულებით თავსმოხვევას. კონსენსუსი უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების კოლექტიურად მიღებას, ყველა წევრი სახელმწიფოსა და პარტნიორის ინტერესებისა და გამოწვევების პატივისცემის საფუძველზე. ეს, ასევე, ნიშნავს ევროპას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ ცენტრალიზებულ ორგანოებში, რომლებიც პირდაპირი წესით არ არიან არჩეულნი, არამედ უფრო და უფრო ახლოს ხალხთან. ამ მხრივ, კარგი იქნებოდა, უფრო კრიტიკული თვალით შეგვეხედა მიმდინარე დისკუსიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის შეცვლას უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების პრინციპით. ერი-სახელმწიფოების საზოგადოებაში, პატარა ქვეყნების ხმა ისევე უნდა ისმოდეს, როგორც სხვა დანარჩენის, რადგან სიმართლე მხოლოდ რაოდენობით არ იზომება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია

ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ატყუებდნენ.„ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, ეს ყველამ ვიცით, ბავშვობიდან. ოპოზიციას სამართლიანი რისხვის შიში აქვს საკუთარი ამომრჩევლის მხრიდან, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ. ახლა იციან, სხვა გზა არ აქვთ და არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ, მაგრამ რაღაცნაირად უნდათ, დრო მოიგონ და ამომრჩეველი შეაგუონ აზრს, რომ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებელია. ამას ეტაპობრივად აკეთებდნენ, რადგან პირდაპირ ამის თქმა ეშინიათ და თან სამართლიანად, რადგან ამისთვის საკუთარი ამომრჩევლის რისხვას დაიმსახურებენ, რომელსაც ამდენი ხანი ატყუებდნენ და ქუჩაში ამყოფებდნენ ილუზორული ტყუილით“, – განაცხადა სამხარაძემ.

ლევან სანიკიძე – არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს, ევროპის დღის აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა

არავის აქვს უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ევროპის დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რა დროსაც სამოქალაქო აქტივისტმა, გოტა ჭანტურიამ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს მიხეილ სააკაშვილის ბანერის ტერიტორიიდან გატანა მოსთხოვა.„თუკი ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შეჩერებული, მაგრამ საზოგადოებას, რომელიც ყოველდღიურად ვაპროტესტებთ ივანიშვილის რეჟიმს, უნდა ჰქონდეს სამართლიანი პრეტენზია, რომ ამ ქვეყანაში ცივილიზებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტები უნდა იყოს დაცული. ამ ვითარებაში, როდესაც დემონსტრანტს აქვს კლასიკური პოლიტპატიმრის მიხეილ სააკაშვილის პოლიტმატიმრობის წინააღმდეგ საპროტესტო ბანერი გამოტანილი, არავის არ აქვს უფლება, საერთოდ არავის აქვს უფლება შეზღუდოს, მით უმეტეს, რაიმე სახის ცენზურა დააწესოს. ეს იყო ძალიან ცუდი, უსიამოვნო ფაქტი. ჩვენი ძალისხმევითაც ეს ძალიან უსიამოვნო შემთხვევა არის ამოწურული და პროტესტს ამით არ უნდა შეექმნას რამე დამატებითი პრობლემა. არ უნდა შევიტანმოთ დისონანსი. მაგრამ ხაზს ვუსვამ, რომ არავის არ აქვს ამ ქვეყანაში უფლება, ვინმეს განუსაზღვროს ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართულ აქციაზე, ევროპის დღის აღმნიშვნელ აქციაზე, მიიტანოს იმ კაცის პოლიტპატიმრობის გასაპროტესტებელი ბანერი, რომელმაც პირველად აღმართა ამ ქვეყანაში ევროპის დროშა, შექმნა აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ფორმატი და რომელიც არის ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგე ამ ქვეყანაში“,- განაცხადა სანიკიძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე – ბუდაპეშტში კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია

კონფერენციის მთავარი თემა ევროპის მომავალია. შესაბამისად, გამოსვლები სწორედ იმ ხედვებზე იქნება, რომელიც თითოეულ ქვეყანას ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ უნგრეთში ვიიზიტის შეფასებისას განაცხადა.მისივე თქმით, პუდაპეშტში იმყოფება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის დელეგაცია, ასევე კანდიდატი ქვეყნის დელეგაციები.„რა თქმა უნდა, ჩვენს გამოსვლაში მთავარი აქცენტი იმ საკითხებზე გვექნება, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობას ეხება, მათ შორის იმ პრობლემებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და ასევე იმ ხედვაზე, რაც ევროკავშირის მომავალთან და საქართველოს ევროკავშირში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით გვაქვს.ჩვენი მხრიდან ყურადღება გამახვილდება იმაზეც, რომ საქართველოსთან მიმართებაში, კონკრეტულ შემთხვევაში, უსამართლო მიდგომა იყო და ევროკავშირი არ ითვალისწინებდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს და იმას, რომ რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე მათი მიდგომა არ იყო მაინც და მაინც მეგობრული ჩვენს მიმართ. ასევე ვისაუბრებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის იმ რეფორმების გატარება, რაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებს“,- განაცხადა სამხარაძემ.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვიზიტით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც მონაწილეობს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში გათვალისწინებულ ორივე სესიაზე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი ბუდაპეშტში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

ბოლო სიახლეები