ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

მაკა ბოჭორიშვილი – დღეს ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარდამჭერების საფარქვეშ მოქმედებს და ძალისხმევას არ იშურებს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს

ევროპარლამენტმა 14 დეკემბერს საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტის ყველა იმ დეპუტატს, რომლებიც საქართველოს გულწრფელი ქომაგები არიან, სურთ, საქართველო გახდეს ევროკავშირის ღირსეული წევრი და კეთილსინდისიერად გამოხატავენ საქართველოს მხარდაჭერას, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რაც მათ ეძლევათ, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოსთვის ძვირფასია ევროკავშირის ინსტიტუტების ყველა ის მოსაზრება თუ რეკომენდაცია, რომელიც ემსახურება საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას და საქართველოს მოქალაქეების უკეთეს მომავალს ევროკავშირში.

„ამავდროულად, რთულია სერიოზულად შეხედო ევროპარლამენტის იმ გზავნილებს, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს და მიზანმიმართული დამაზიანებელი კამპანიების საფუძველზე საქართველოს შესახებ მცდარი აღქმების შექმნას და განმტკიცებას ემსახურება. ბევრ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს და არასახარბიელო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა ის პროცესი, რასაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში ვაკვირდებით ევროპარლამენტში საქართველოსთან მიმართებაში. გულსატკენია იმის ყურება, თუ როგორ ხდება ამ მნიშვნელოვანი ევროპული ინსტიტუტის „მიტაცების“ მცდელობა ვიწრო ჯგუფების მიერ, საკუთარი პოლიტიკური ინტერესების და მიზნების გასახორციელებლად. სამწუხაროდ, დღეს ევროპარლამენტში არის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მხარდამჭერების საფარქვეშ მოქმედებს და ძალისხმევას არ იშურებს, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროპულ მომავალს, დეზინფორმაციის კამპანიებში აქტიური მონაწილეობით შელახოს საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი, უგულებელყოს საქართველოს ხელისუფლების ის მიღწევები, რაზეც უნდა დაშენდეს ჩვენი ევროპული მომავალი ქართველი ხალხის ნების შესაბამისად. მათი ასეთი ძალისხმევის მოტივაცია ცალკე განხილვის საკითხია, რაც მრავალ კითხვას ბადებს და აზიანებს, პირველ რიგში, თავად ევროპული ინსტიტუტების იმიჯს. სწორედ მათი მოქმედებს შედეგი გახლდათ ივნისის თვეში მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელიც ვითომდა მედიის თავისუფლების დაცვის ქვეტექსტით იქნა მიღებული და აბსურდული ბრალდებებით იქცა საბაბად ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უკრაინისგან და მოლდოვასგან განსხვავებით, კანდიდატობის სტატუსის გარეშე მიენიჭა“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

ამასთან, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდი ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული ევროკავშირში და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სწორად ინფორმირებული ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

„ევროპაში დღეს არ შეგხვდებათ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსი, რომელიც არ თვლის, რომ საქართველოსადმი ასეთი მიდგომა იყო შეცდომა. ახლა უკვე მეორედ, საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი იძულებული გახდა, მხარი არ დაეჭირა საკუთარი ანგარიშის საფუძველზე მომზადებული რეზოლუციისთვის, რომელიც ისევ ასცდა მიზანს და იქცა ინსტრუმენტად საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ვრცელ ანალიზს იმსახურებს პროცესი, რომლის შედეგადაც ანგარიშის ტექსტში არათუ მოხდა უზუსტობების აღმოფხვრა, არამედ მიზანმიმართულად დაბეტონდა მათ საფუძველზე შექმნილი მცდარი ნარატივები. აღარ აღვნიშნავ, რა ძალისხმევა იხარჯება ჩვენი გუნდის და პირადად ჩემს მიერ იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული ევროკავშირის სცენაზე და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს სწორად ინფორმირებული ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების და ამავდროულად იმ მიღწევების შესახებ, რაც ამტკიცებს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მხოლოდ ერთი მაგალითი მოწმობს იმას, რომ ჭეშმარიტების უგულებელყოფა არის ამ ჯგუფისთვის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საკუთარი დესტრუქციული მიზნების მისაღწევად. ფაქტები და სიმართლის ცოდნა მათთვის არასასურველი ტვირთია. სხვაგვარად ვერ შეფასდება იმ ევროპარლამენტარების მოქმედება, რომლებიც თავისსავე დასმულ კითხვებზე ევროკომისრების მხრიდან მიღებულ პასუხებსაც კი არაფრად აგდებენ, თუკი ეს მათ მავნებლურ პოლიტიკურ მიზნებს არ ემსახურება. ისიც გამოჩნდა, რომ ზოგიერთისთვის საქართველოს ყველაზე დიდი ტკივილი, რუსული ოკუპაცია, იგივეა, რაც მგლისთვის ცხვრის ქურქში გახვევა და ამ საკითხის ისე გამოყენება, როგორც ეს ტრენდში ჩაჯდება. რა ინტერესები დგას ამ ყველაფრის უკან, ხელისგულზე გადაიშალა ანგარიშის მიღებამდე ინიცირებული დებატებით, რაც საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ ხდება ყველანაირი რესურსის გამოყენება ოპერაცია „თავისუფლება მიშას“ წარმატებისთვის, ამასთანავე, ევროპული ჰუმანურობით მანიპულირება და ამ ოპერაციის ე.წ. „ჰუმანიტარული მისიით“ შეფუთვა“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ევროპა და ევროპული ფასეულობები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ვინმეს ხანმოკლე საქმიანობა პოლიტიკურ სცენაზე.

„ევროპა და ევროპული ფასეულობები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ჩვენი ხანმოკლე საქმიანობა პოლიტიკურ სცენაზე. ღირსება კი ის სამკაულია, რომელიც ყველა ადამიანს თუ ინსტიტუტს ყველაზე მეტად ამშვენებს. კიდევ ერთხელ, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, ეცადნენ საქართველოს ძალისხმევა ევროინტეგრაციის გზაზე არ დაეკარგათ და რეზოლუციაში აესახათ. მადლობა მათ, ვისთვისაც საქართველო ერთი კაცის ავანტიურაზე მეტია. მადლობა მათ, ვისთვისაც ევროპული ფასეულობები სიყალბეზე არ გადის და ვინც ევროკავშირს საბჭოთა კავშირის პრიზმიდან არ უყურებენ“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ დამარცხდა – გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 36-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სტუმრად „ალავესთან“ 0:1 დამარცხდა.საქართველოს ნაკრების მეკარე შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მიუხედავად იმისა, რომ 75-ე წუთზე „ვალენსიის“ კარში პენალტი მის მიერ წესების დარღვევას მოჰყვა, მაინც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. პენალტიდან კი შეხვედრაში ერთადერთი გოლი 79-ე წუთზე ჟოან ჟორდანმა გაიტანა.გიორგი მამარდაშვილმა თამაშის მანძილზე ოთხ მომენტში თავისი გუნდი გადაარჩინა. განსაკუთრებით ეფექტური მისი მოგერიებები პირველ ტაიმში იყო.„ვალენსია“ 36 ტურის შემდეგ ესპანეთის ლა ლიგაში 45 ქულით მე-11 ადგილზეა და კონფერენს ლიგის ზონამდე ორი ქულა აშორებს.

“ჩინეთთან ვაჭრობა და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?!. ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო,...

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოს ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობები ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არა აშშ-სთან ურთიერთობების დალაგების ხარჯზე."ჩინეთთან ვაჭრობა არ გვქონდეს და ურთიერთობა არ გვქონდესო, ეს ვინ თქვა?! - ღიად მოხდა ამერიკის გაგდება და ჩინეთის მოყვანა, თორემ ჩინეთის ხელისუფლებასთან სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს არ ჰქონდესო, ამას არავინ, არასდროს არ ამბობს. ჩვენი ხელისუფლების დროსაც ვითარდებოდა სავაჭრო ურთიერთობები და აქ სავაჭრო ურთიერთობების პრობლემა არავის არ აქვს.ისეთ სტრატეგიულ ობიექტში, როგორიც არის ანაკლიის პორტი, მნიშვნელოვანი იყო ის ძალა ყოფილიყო, რომლისკენაც ვართ ჩვენ ორიენტირებული, მაგრამ როდესაც ამ ძალას შენ გააგდებ დემონსტრაციულად და შემოგყავს ჩინეთი, ამით შენ ამბობ, ამერიკა-ჩინეთის კონკურენციას შორის რომლის მხარეს იჭერ. ეს ყველაფერი კი იმ კონტექსტში ხდება, როცა შენ NATO-ზე უარს ამბობ, ევროკავშირზე უარს ამბობ, ჩვენს ყველა მეგობარს მტერს უწოდებ და, ამავდროულად, "ჰამასთან" და ირანთან მეგობრობ, ეს ყველაფერი მთლიანობაში გამოკვეთილი სურათია. აქედან გამომდინარე, შანსი არ არის ამ რეჟიმმა რამე "დაალაგოს" ტრამპის ხელისუფლებასთან," - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

ცვლილება რომელიც 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება

ავტოსადგურები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. რეგულაციის ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლებია დარჩენილი - 1-ელი ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს.„ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი ავტოსადგურია - თითოეული მათგანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სერტიფიცირების მიღებისთვის ემზადება.„ავტოსადგურების ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან, რათა მათგან მიიღონ შესაბამისი თანხმობები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე, ასევე, მუშაობს ავტოსადგურთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დროულად დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1-ელი ივნისიდან“, - ამბობენ სააგენტოში.როგორც სააგენტოში განმარტეს, ავტოსადგურებს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც ექნება შესაძლებლობა, რომ სერტიფიკატი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან მიიღონ.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ველოდები, რუსეთიდან ვინ ჩამოვა და შემდეგ ნაბიჯებს განვსაზღვრავ, ასევე გვესმის, რომ თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს ტრამპი, ეს შეიძლება, ყველაზე ძლიერი არგუმენტი...

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთისგან ელოდება ინფორმაციას, ვინ იქნება თურქეთში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე მათი წარმომადგენელი.„ველოდები, ვინ ჩამოვა რუსეთიდან და შემდეგ განვსაზღვრავ, რა ნაბიჯები უნდა გადადგას უკრაინამ. მათგან მედიაში გაკეთებული სიგნალები ჯერჯერობით არადამაჯერებელია. ჩვენ ასევე გვესმის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს თურქეთში ჩასვლის შესაძლებლობას. ეს, შეიძლება, გახდეს ყველაზე ძლიერი არგუმენტი. ამ კვირამ მართლაც ბევრი რამ, შეიძლება, შეცვალოს, მაგრამ მხოლოდ შეიძლება. ყველაფერი ახლა წყდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, პარალელურად, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დაბომბვას.„მთელი მსოფლიო როდესაც პირდაპირი მოლაპარაკებების შეთავაზებაზე პუტინისგან ელოდება უბრალო პასუხს – „დიახ“, ის განაგრძობს უკრაინის დაბომბვას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მალტის პრემიერ-მინისტრი – საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურს მომავლისთვის, ვიმუშავებთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს მარტივი არაა

საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურს მომავლისთვის. ვიმუშავებთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს მარტივი არაა, – ამის შესახებ მალტის პრემიერ-მინისტრმა, იან ბორგმა განაცხადა.მისივე თქმით, საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და ახლა პატივი უნდა სცეს ამ ვალდებულებებს.„მე, როგორც მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი მას შემდეგ, რაც გასულ წელს ვიმსახურე ეუთო-ს თავმჯდომარედ, ვიყავი საქართველოში და შევხვდი ყველა დაინტერესებულ მხარეს – პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს და სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ ველოდებით თანამშრომლობას და ველოდებით, რომ გვექნება კონსტრუქციული დიალოგი. ჩვენ მხარს დავუჭერთ გენერალურ მდივანს და მის ძალისხმევას. საქართველომ აიღო მკაფიო ვალდებულებები 2024 წლის დეკემბერში და აშკარაა, რომ ახლა მათ პატივი უნდა სცენ ამ ვალდებულებებს. ჩემმა კოლეგამ ლუქსემბურგიდან ძალიან მკაფიოდ გააჟღერა საკუთარი პოზიცია. საქართველოს და მის ხალხს სჭირდება მხარდაჭერა რეფორმებსა და გადაწყვეტილების მიღებაში, თუ რა სურთ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ერთად, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, ეს მარტივი არაა“, – განაცხადა იან ბორგმა.

ბოლო სიახლეები