სამშაბათი, ნოემბერი 11, 2025

მამუკა მდინარაძე – რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვა რატომ დაუკავშირა „გირგვლიანის შესწორებებს“, თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ე.წ გირგვლიანის შესწორებებთან არაფერ შუაში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

რაც შეეხება ე.წ გირგვლიანის შესწორებებს, მდინარაძის თქმით, ის დარეგისტრირებულია და ბიუროს ხვალინდელ სხდომაზეც გავა.

„მემორანდუმთან, რომელიც დაკავშირებულია 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატების საქმეების გადახედვასთან, არაფერ შუაში არ არის „გირგვლიანის შესწორებები“. რატომ თქვა პრეზიდენტმა, თავად უნდა ჰკითხოთ.

თავის მხრივ, „გირგვლიანის შესწორებები“, რომელიც უკვე დარეგისტრირებულია და ხვალინდელ ბიუროზე გავა, შეეხება სამომავლო პრევენციას, პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს და ხელს უწყობს მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან. მეორეს მხრივ, ეს არის ძალიან მაღალი გარანტია იმისა, რომ მომავალში ვერავინ შეძლოს მსგავსი ქმედებების ჩადენა“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და ადვოკატთა ასოციაციას შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მემორანდუმი ე.წ. გირგვლიანის შესწორებებს უკავშირდება და მისი მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის N76-ის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლას, სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენას უზრუნველყოფს.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ პრეზიდენტმა წინა ხელისუფლების დროს არსებულ სისტემურ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური შეფასების გარდა, პარლამენტმა 2012 წელს საკანონმდებლო აქტიც შექმნა, რომელშიც პოლიტიკური დევნის ფაქტები და პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანების სიაც იყო, თუმცა საქმე ამ ნაბიჯის იქით არ წასულა. ამასთან, მისი თქმით, მან მხარი დაუჭირა ე.წ. გირგვლიანის შესწორებების ინიციატივას, თუმცა დღემდე რამე რეალური დოკუმენტი, რომელზეც საუბარი შედგებოდა, არ არსებობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან, სავარაუდოდ, თურქეთის საფრენი აპარატი ჩამოვარდა

ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ჩამოვარდა, სავარაუდოდ, თურქეთის საფრენი აპარატი.ვიდეოს ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.დამატებით დეტალებს ვარკვევთ. 

„მოკლულია წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობა მურა დათვი“ – დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა.დაცულ ტერიტორიაზე მოკლულია „წითელი ნუსხის“ სახეობა - მურა დათვი.ფაქტზე გამოძიება დაიწყო შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 301-ე მუხლის II ნაწილის საფუძველზე (უკანონო ნადირობა). სამართალდამცავებმა ამოიღეს რეგისტრირებული იარაღები და ნადირის ხორცი, რომლებიც ნივთმტკიცების სახით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს.აღსანიშნავია, რომ ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები სასაზღვრო ზონებს მოიცავს, სადაც რეინჯერები და მესაზღვრეები ერთობლივად ახორციელებენ მონიტორინგს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლაში.დაცულ ტერიტორიებზე ნადირობა და იარაღით გადაადგილება მკაცრად იკრძალება და ისჯება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით“,- ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიის საგადასახადო შეღავათს 2028 წლამდე ახანგრძლივებს

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტს, რომელიც ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის საგადასახადო შეღავათის - კერძოდ კი ნედლეულის იმპორტის შეღავათის მოქმედებას 2028 წლამდე ახანგრძლივებს. საუბარია თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისან გათავისუფლების შეღავათზე. შეღავათის წინა გახანგრძლივებას პარლამენტმა მხარი 2022 წელს დაუჭირა და ის 2026 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდა.ცვლილება პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა წარადგინა."ასევე თამბაქოს ნედლეულის იმპორტთან დაკავშირებული შეღავათი მოქმედებს დღეს. მოგეხსენებათ, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნითაა ეს შეღავათი დაწესებული და მისი მოქმედების ვადა იწურება 2026 წლის 1 იანვარს. ასევე კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ ეს ეს ნორმაც, რომლის მოქმედებაც გაგრძელდეს 2028 წლის 1 იანვრამდე,"- განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.საქართველოში თამბაქოს უმსხვილესი ადგილობრივი მწარმოებელია კომპანია “თბილისის თამბაქო”, რომელიც ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის “სმარტ კაპიტალ ჯგუფის” შემადგენლობაშია. 2024 წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა 45 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 14.8 მილიონი ლარი შეადგინა.ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის 8 თვეში 281 მილიონი კოლოფი სიგარეტის აქციზური მარკა გაიცა, აქედან 263 მილიონი კოლოფი იმპორტირებული საქონელი, 18.1 მილიონი კოლოფი კი ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იყო.

თინა ბოკუჩავა – ევროპაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვეუბნებოდი, რომ წარმოუდგენელია, ევროპული ბიუროკრატია იყოს ისეთი მოუქნელი, ვერ ახერხებდეთ, იმოქმედოთ, დაიცვათ ქართველი ხალხი, დაასანქციროთ რეჟიმი

ევროპაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვეუბნებოდი, რომ წარმოუდგენელია, ევროპული ბიუროკრატია იყოს ისეთი მოუქნელი, რომ ვერ ახერხებთ, იმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესში, დაიცვათ ქართველი ხალხი და დაასანქციროთ რეჟიმი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.ბოკუჩავას თქმით, ამის თაობაზე იმედგაცრუება არ დაუმალავს.„მაშინ, როცა საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა კანდიდატის სტატუსი, აღნიშნულთან დაკავშირებითაც არსებობდა გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის ოპოზიციაში. რას ვლობირებდით ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და ევროკომისიასთან? მე ყოველთვის მქონდა პოზიცია, რომ ევროკავშირს უნდა მიენიჭებინა კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხისთვის. ეს ძალიან კარგად იცის „ოცნებამ“. ახლაც გადასარევად იცის პროპაგანდამ, სინამდვილეში, რაზე ვმუშაობ, როდესაც დავდივართ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევხვდით რადოსლავ სიკორსკის პოლონეთში, ვარშავაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე ვესაუბრეთ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიეტუვაში, ვილნიუსში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა ევროკომისიაში, მათ შორის რამდენიმე თვის წინ საკითხზე ორმხრივი შეხვედრა მქონდა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ისევე როგორც კაია კალასთან, საგარეო საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელთან და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე გაფართოების კომისარ მარტა კოსთან, რომელმაც წარადგინა ძალიან მძიმე ანგარიში საქართველოზე. გაფართოების კომისარი არის ადამიანი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია გაფართოების პოლიტიკაზე. ანუ მიიღებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს თავის დიდ პოლიტიკურ ოჯახში. ბრიუსელის გარდა, ბოლო შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა გერმანიაში, ბერლინში, მათ შორის საგარეო უწყებაში. რისთვის? რათა საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ ეს უმნიშვნელოვანესი სიკეთე, უვიზო მიმოსვლის სახით, რომლის მიღებასაც დასჭირდა მრავალწლიანი მუშაობა საქართველოს მხრიდან და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნების გამოვლენა ევროკავშირისკენ სწრაფვის თვალსაზრისით. თუ ახლა დავკარგეთ უვიზო მიმოსვლის პრივილეგია, ამის რევერსირება, შეტრიალება მარტივი არ იქნება. ევროპარლამენტმა პოლონეთის პრეზიდენტობის პერიოდში მიიღო გადაწყვეტილება, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს მხოლოდ ტარგეტირებულად, ანუ მიზნობრივად კონკრეტულ ჯგუფებზე. მანამდე ეს შესაძლებელი არ იყო. ზუსტად ამას ვეუბნებოდი ევროპაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ წარმოუდგენელია, ევროპული ბიუროკრატია იყოს ისეთი მოუქნელი, რომ ხდება დიქტატურის კონსოლიდაცია საქართველოში, რომელიც არის პროევროპული ქვეყანა, რომლის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა იბრძვის საკუთარი თავისუფლების, რიგ შემთხვევაში, სიცოცხლის ფასად, რათა გავხდეთ თქვენი დიდი პოლიტიკური ოჯახის ნაწილი და იმის გამო, რომ ევროპული ბიუროკრატია ასეთი მოუქნელია, გაქვთ ორბანის ვეტო, ვერ ახერხებთ, იმოქმედოთ. იმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესში, დაიცვათ ქართველი ხალხი და დაასანქციროთ რეჟიმი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.კითხვაზე, „თქვენი ტონი მათთან საუბარშიც ასეთი მკაცრი იყო?“, ბოკუჩავამ აღნიშნა: „მინდა, გითხრათ, რომ, დიახ“.კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ იღებდნენ ამას, ხომარ ღიზიანდებოდნენ, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ძალიან კარგად“.„შეიძლება, თქვენთან კიდევ უფრო გულწრფელი ვარ ემოციაში, მაგრამ, მერწმუნეთ, არც იქ დამიზოგავს ერთგვარი იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირს სწორედ ბიუროკრატიის მოუქნელობა ვერ აძლევს მოქმედების თავისუფლებას, დაიცვას ქართველი ხალხის ეროვნული, ისტორიული მისწრაფება ევროკავშირისკენ, აამოქმედოს სასანქციო მექანიზმები“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

გურამ მაჭარაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს, უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ

„ნაციონალურ მოძრაობაში“ საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს, შესაძლოა, სარჩელის მომზადებას თავად არც ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უცხოელებმა დაავალეს, – ამის შესახებ  პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მისი თქმით, უბედურება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უცხოეთის დაკვეთით მოქმედებს.„ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აღიარა, რომ საკუთარ თავს არ ეკუთვნის. ეს კარგია იმ გაგებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მტკიცებულების სახით ექნებათ, რომ ეს ხალხი უცხოური ინტერესებით მოქმედებს და არა, ქართული ინტერესების შესაბამისად. საჯაროდ თქვეს, რომ საკონსტიტუციო დავის დაწყება უცხოელებმა დაავალეს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ შეიძლება, სარჩელის მომზადებას თავად არც ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უცხოელებმა დაავალეს. ეს იმას ნიშნავს, რაც მათ პროკურორის მხრიდან ბრალი წარედგინათ, რომ უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ცუდის მეტი არაფერია იმაში, რომ საკუთარი ხალხის ნაცვლად, სხვებს ითვალისწინებენ. მთელი უბედურება ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ უცხოეთის დაკვეთით მოქმედებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, „ქართულო ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელების შეტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება.

ბოლო სიახლეები