ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე არის ჩართული თხილის წარმოებაში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს დავეხმაროთ მაქსიმალურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ სექტორში და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.
„სამწუხაროდ, ფაროსანას ნეგატიური ეფექტი ჯერ კიდევ სახეზეა. 2017 წელს შემოვიდა ფაროსანა და ამან გამოიწვია ძალიან დიდი კლება თხილის წარმოების. წელსაც, მაინც და მაინც კარგი მოსავალი არ იყო, ხარისხი იყო შედარებით გაუარესებული, ამას ემატება ის, რომ მოთხოვნა არის შემცირებული მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს და ფიზიკურ პირებს დავეხმაროთ მაქსიმალურად. პროგრამა ითვალისწინებს თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობას, თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით. ამისთვის პირველ ეტაპზე გამოვყოფთ დაახლოებით 20 მილიონ ლარს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ სექტორში, განსაკუთრებით სამეგრელოში. ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ამ სექტორში და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, ისე როგორც ვეხმარებით რთველს, ყურძნის წარმოებას და ა.შ.“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.