ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

მაია მენაღარიშვილი-სიუჟეტი ისე გავიდა, თითქოს მე ირიბად დავადასტურე პრეზიდენტ ალიევის და ბატონი ბიძინას კერძო შეხვედრის შესაძლებლობა, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა

„მინდა გამოვეხმაურო „ტვ პირველის“ეთერში გასულ ჩემს კომენტარს და გულდაწყვეტით ვთქვა, რა მეთოდებს იყენებს ზოგიერთი ჟურნალისტი რესპონდენტთან ურთიერთობისას. საქმე შეეხებოდა პრეზიდენტ ალიევისა და ბატონ ივანიშვილის ვითომ საიდუმლო შეხვედრას, რომელიც, თითქოს, სადღაც კერძო სივრცეში გაიმართა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მაია მენაღარიშვილმა „იმედინიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტმა პროვოკაციულად დაუსვა კითხვა, მისი კომენტარი კი ეთერში არასრული სახით გავიდა, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, თითქოს მან ივანიშვილის და ალიევის შეხვედრა ირიბად დაადასტურა.

მენაღარაშვილი ტელეკომპანიას სთხოვს, უწყვეტად გადაღებული კადრები გაასაჯაროოს:

„ჟურნალისტმა დამისვა ეს კითხვა, რაზედაც სრულიად გულწრფელად ვუპასუხე, რომ არ ვიყავი საქმის კურსში და მისგან მესმოდა პირველად ასეთი შეხვედრის შესახებ. დაახლოებით ხუთი წუთის განმავლობაში ვუხსნიდი ჟურნალისტს, რომ ასეთი ინფორმაცია მე არ შეიძლებოდა მქონოდა (რაც კომენტარშიც ისმის), ამავე დროს იქვე ვუთხარი, რომ პოლიტიკიდან წასული, კერძო პირის შეხვედრების შესახებ ინფორმაცია არ შეიძლებოდა მე მცოდნოდა. როდესაც სასურველი პასუხი ვერ მიიღო ჩემგან, ჟურნალისტმა პროვოკაციულად დამისვა კითხვა: დაშვება რომ გავაკეთოთ, თუ შეიძლება პრეზიდენტი კერძო პირს შეხვდეს ოფიციალური ვიზიტისასო. რატომაც არა, თუ მათ აქვთ ასეთი ურთიერთობები, მე ეს არ ვიცი-მეთქი. ჟურნალისტმა მხოლოდ ბოლო ფრაზები დატოვა და სიუჟეტი ისე გავიდა, თითქოს მე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირიბად დავადასტურე პრეზიდენტ ალიევის და ბატონი ბიძინას კერძო შეხვედრის შესაძლებლობა. მიმაჩნია, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, რომელიც, პირველ რიგში, ადამიანის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, რასაც სამწუხაროდ, ბოლო დროს ზოგიერთი ჟურნალისტი ხშირად მიმართავს. სწორედ ამიტომაა, რომ პარლამენტის წევრებს კომენტარებზე უარის თქმა გვიწევს ცალკეულ ტელევიზიებთან და ნუღარავის უკვირს, თუ ზოგიერთი ჟურნალისტის კითხვა პასუხგაუცემელი რჩება.

თხოვნით მივმართავ ტელეკომპანია „ტვ1-ს“, უზრუნველყოს უწყვეტად გადაღებული კადრების გასაჯაროება, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია“, – განაცხადა დეპუტატმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 ოქტომბერს საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი „შატო მუხრანში“ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, რასაც „ქართულ ოცნებაში“ კატეგორიულად უარყოფენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ის, რაც ჩათვალა რომ გასაკეთებელი იყო – ნიკა მელია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას "კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე, ნიკა მელია ეხმაურება. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა ის, რაც ჩათვალა, რომ უნდა გაეკეთებინა."ირაკლი ოქრუაშვილმა, ჩემი აზრით, გააკეთა ის, რაც მან ჩათვალა, რომ გასაკეთებელი იყო. წარმოიდგინეთ, წულუკიანი გიბარებს არალეგიტიმურ პარლამენტში, არალეგიტიმური შექმნილი კომისიის ფარგლებში, სადაც შავით თეთრზე უწერიათ, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიის ნახევარი წევრები ოპოზიციონერები უნდა იყვნენ, მხოლოდ მაშინ ექნება ამ კომისიას ძალა და არც ერთი ოპოზიციონერი იქ არ არის", - აცხადებს ნიკა მელია.ცნობისთვის, სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა - ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს გამართულ პროცესზე გამოაცხადა. მანამდე პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე პროკურორმა დააყენა, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო შეფარდებული 20 ათას ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ოქრუაშვილს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან.

მიხეილ სარჯველაძე – წინა შემთხვევაში სამინისტრომ ალექსი თირქიას სამედიცინო მომსახურება დაუფინანსა, ამ შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულების მხრიდან არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული

ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია. სამედიცინო დაწესებულების მხრიდან, არასწორ ადგილას, არასწორი დოკუმენტაცია იყო ატვირთული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომელიც ალექსი თირქიას დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კონკრეტული კლინიკა სწორ დოკუმენტაციას ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს.„ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია, რომელიც რეალობასა და სიმართლესთან შესაბამისი არაა. რეალობა ასეთია: ერთ-ერთი კლინიკის, ექიმისა თუ პერსონალის დაუდევრობის გამო, განაცხადი და ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, არასწორი მიმართულებით იქნა გამოგზავნილი. კერძოდ, დოკუმენტაცია არასწორად იქნა ატვირთული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წესით დაფინანსება არ ხდება. ეს გადასარევად იცის თავად კლინიკამაც და თანამშრომლებმაც, რომლებმაც არასწორ ადგილას, არასწორი ფორმით ეს დოკუმენტაცია ატვირთეს. წინა სხვა შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან ამ კონკრეტულ პიროვნებას სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდა. მაგ: როდესაც ამ კონკრეტულ ადამიანს, დასჭირდა კონკრეტული მანიპულაცია – ამბულატორიული იქნებოდა ეს, თუ კვლევები – უწყების მხრიდან, ყოველთვის ფინანსდება. მანამდე, სამედიცინო დოკუმენტაცია რეფერალურ პროგრამაზე იყო ატვირთული და დაფინანსდა კიდეც, მორიგ ჯერზე ამავე რეფერალზე არ ატვირთეს. ამ ადამიანებმა გამოსავალი მშვენივრად იციან, უბრალოდ, ამ შუალედით ისარგებლა ვიღაცამ. როგორც კი სწორად შემოვა განაცხადი, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს. როდესაც კლინიკას ეშლება და სამინისტროს ჩირქს სცხებენ, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩემი მოწოდება იქნებოდა, რომ ვიდრე ადამიანები, რაღაც ხმამაღალ ბრალდებებს წამოაყენებენ, ცოტა უფრო დაფიქრებული იყვნენ, თავი შეიკავონ უსამართლო და არასწორი ბრალდებების გამოცხადებისგან. ეს ერთადერთი სწორი ქცევაა მათი მხრიდან. ამიტომ, მოვუწოდებ კლინიკებს, ასე დაუდევრად პაციენტების ინტერესებს ნუ მოეპყრობიან. საბედნიეროდ, კლინიკების უმრავლესობა ამას ასე არ აკეთებს. მაგრამ, სამწუხაროდ, არის უარყოფითი გამონაკლისებიც. როგორც ჩანს, ასეთთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა – ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეუცვალა. შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე მიიღო, რითაც გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აქვს აკრძალული. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული, ეს ვადა 8 მაისს ამოიწურა. პროცესზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაკისრებული 20 000 ლარიანი გირაო პატიმრობით შეიცვალოს.ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში – ლევან სანიკიძე

სირიისა და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი, საქართველოში მათი ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა განუზომლად დიდია, ვიდრე სირიაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.ლევან სანიკიძეს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია აშშ-ის გადაწყვეტილება სირიისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.„იმ კატასტროფის შემდეგ, რასაც ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმი ერქვა, ბუნებრივია, შეუძლებელია, დღეს სირიაში ასე სწრაფად იყოს დამყარებული დემოკრატია, მაგრამ, რასაც ვუყურებ, ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმზე უკეთესი მდგომარეობა არის. მათ ძალიან ბევრი და სწორხაზოვანი ნაბიჯი აქვთ გადასადგმელი, რათა დემოკრატიული სახელმწიფო გახდნენ. სანქციები დაწესებული იყო ბაშარ-ალ-ასადის ავტოკრატიული დიქტატორული რეჟიმისთვის, რომელიც პირდაპირ ხვრეტდა განსხვავებული მოსაზრების ადამიანებს. ჩემი აზრით, ეს არის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ ისინი შანსს მისცემენ, შანს აძლევენ სირიის ახალ ხელისუფლებას, რამენაირად მოხდეს ამ სახელმწიფოს დემოკრატიულ რელსებზე შეყენება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.როგორც სანიკიძემ აღნიშნა, აშშ საქართველოს არ უწესებს სანქციებს, სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“.„საქართველოს არ უწესებენ, უწესებენ საქართველოს ხელისუფლებას. ეს კრიტიკული სხვაობაა. ხელისუფლებას და სახელმწიფოს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. სახელმწიფოსთვის დაწესებული სანქციაა მე და თქვენ რომ არ შეგვიშვან და თქვან, საქართველოს მოქალაქეებს აღარ ვიღებთო, მაგრამ შალვა პაპუაშვილზე თუ იტყვიან, არ ვუშვებთო, ეს პრობლემა არაა ჩემთვის. ქართული სახელმწიფო და „ქართული ოცნება“ არის სხვადასხვა. ისინი სანქციებს უწესებენ „ქართულ ოცნებას“, რათა გადარჩეს ქართული სახელმწიფო. ამ ვითარებაში ჩემი და მათი აზრი ემთხვევა ერთმანეთს. სირიის და საქართველოს მიმართ აშშ-ს აქვს სხვადასხვა სტანდარტი. საქართველოში მათი თუნდაც ინვესტიცია, გაწეული შრომა და ჯაფა არაღიარების პოლიტიკასთან, შეიარაღებული ძალების შენებასთან, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით არის განუზომლად დიდი, ვიდრე სირიაში. შესაბამისად, სირიასთან მათ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება არ ჰქონიათ გაფორმებული, რაც საქართველოსთან ჰქონდათ. ჩვენ ერთ ნაბიჯში ვიყავით 2012 წელს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან. „მეგობარ აქტში“ რატომ ხედავს „ქართული ოცნება“ მაინც და მაინც ცუდს, იქ უვიზო მიმოსვლაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე არაა საუბარი? რითაც თითოეული ჩვენგანი იხეირებს. ირაკლი ზარქუას თუ დაასანქცირებენ, ამაზე ნამდვილად ვერ ვიჯავრებ, პირიქით, გამიხარდება“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში – ექსპერტები უფრო ძლიერ ბიძგებსაც არ გამორიცხავენ

თურქეთში, მუგლას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.მედიის ცნობით, ბიძგები მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა, როგორიცაა დენიზლი, ანტალია, აიდინი, იზმირი, ისპარტა, ბურდური და მანისა, ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ დაფიქსირებულა.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 20.41 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.როგორც ადგილობრივ მედიასთან პროფესორმა სულეიმან პამპალმა განაცხადა, "თუ ამ რეგიონში უფრო ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდება, ეს მოულოდნელი არ იქნება".

ბოლო სიახლეები