პარასკევი, დეკემბერი 27, 2024

ვარკეთილში იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი გაიხსნა

იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას ვარკეთილი-ვაზისუბნის 100 000-ზე მეტი მცხოვრები უკვე „ჰუალინგ ჯგუფის“ შენობაში გახსნილ ახალ ფილიალში შეძლებს. სავაჭრო ცენტრში გახსნილი ფილიალი სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის კარგი მაგალითია, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს მოსახლეობის დროსა და ფინანსებს; სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა კი, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

იუსტიციის სახლის ვარკეთილის ფილიალი იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მოადგილეებთან ერთად გახსნა. მინისტრი თანამშრომლებს შეხვდა, ადგილზე გაეცნო სამუშაო პროცესს და ინფორმაცია მიიღო მომხმარებელთა საჭიროებებზე.

ვარკეთილის იუსტიციის სახლი პირველი სექტემბრიდან სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს იუსტიციის სახლებისთვის დამახასიათებელ უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. ახალი ფილიალი ხელს შეუწყობს თბილისის ცენტრალური ფილიალიდან ნაკადების მართვა-გადანაწილებას, ლოდინისა და მომსახურების დროის ოპტიმიზაციას.

ახალ ფილიალში 45-მდე თანამშრომელი დასაქმდა.

თბილისში იუსტიციის სახლის ცენტრალური ოფისის გარდა, ვარკეთილსა და გლდანში იუსტიციის სახლის უკვე ორი ფილიალი მუშაობს

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გრიგოლ ლილუაშვილმა აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი აზერბაიჯანის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა და ქალაქ აქტაუსთან მომხდარი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო მიუსამძიმრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ღრმა მწუხარება გამოთქვა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულების გამო და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: იარაღის ტარების უფლება შემიჩერეს 3 წლით და ჯარიმა 2 500 ლარი

თბილისის საქალაქოს სასამართლომ "კოლიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააჯარიმა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება შეუჩერა. "იარაღის ტარების უფლება შემიჩერეს 3 წლით და ჯარიმა 2,500ლ ვაი ვაი" - წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე "ფეისბუკში". შეგახსენებთ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 2024 წლის 2 დეკემბერს  თამარაშვილის ქუჩაზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ. დალავებიდან რამდენიმე საათში "კოალიცია ცვლილებებისთვის"ლიდერმა სოციალურ ქსელში დაწერა: "გარეთ ვარ"

გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის საუკეთესო მოთამაშეა

"ლიონის" გულშემატკივრებმა გიორგი მიქაუტაძე დეკემბრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდს ხმა მისცა 13 500-ზე მეტმა ქომაგმა, რამაც ხმების 76% პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე რაიან შერკია (22%), ხოლო მესამეზე - ნიკოლას ტალიაფიკო (2%). შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ დეკემბერში 3 გოლი გაიტანა.

ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდეა – გაფრთხილება მოსახლეობას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. "აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები, სადაც წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხე-მცენარეები ან ტოტები იყიდება", - განმარტავს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი. წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში ან იმპორტირებულია. ამასთანავე, რეალიზატორს უნდა ჰქონდეს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველ ჯერზე 2000 ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5000 ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც ემატება გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.

გერმანიის საელჩო საქართველოს შესახებ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში გერმანიის საელჩო გერმანიის მიერ საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტების შეჩერების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ გადაწყვიტა, შეაჩეროს საქართველოს მთავრობასთან 237 მილიონი ევროს ღირებულების დაგეგმილი პროექტები. ამგვარად, ეს არის განვითარების მინისტრის სვენია შულცეს შემდგომი რეაგირება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირის დაახლოების გზიდან გადახვევასა და პროევროპული მასობრივი დემონსტრაციების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე. შეჩერებულ პროექტებში იგულისხმება საქართველოში მწვანე წყალბადის მეურნეობის განვითარების, ბათუმში წყლის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და საქართველოში ენერგეტიკული ქსელების გაფართოების პროექტების დაფინანსება. გერმანიის განვითარების პოლიტიკის დიდი ნაწილი საქართველოში მიზნად ისახავდა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების წინსვლას, რაც ასევე დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში. ამას საქართველოს ხელისუფლება დე ფაქტოდ აღარ აგრძელებს. ამავდროულად სისტემატურად ირღვევა ადამიანის უფლებები ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი პროტესტის შეჩერების მცდელობისას. სწორედ ამიტომ, განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ 3 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება, ჯერჯერობით აღარ განაცხადოს თანხმობა საქართველოსთან განვითარების სფეროში თანმშრომლობის ახალი პროექტების დაფინანსებაზე და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა გამოსაცდელი ვადით შეაჩეროს. 237 მილიონი ევროს ღირებულების პროექტების შეჩერება პირველი გადაწყვეტილებაა, რომელიც ურთიერთობების ამ გადახედვიდან გამომდინარეობს. სხვა მიმდინარე პროექტების გადახედვა ჯერ არ დასრულებულა. თუმცა, უნდა გაგრძელდეს პროექტები, რომლებიც უფრო მეტად სარგებელს მოუტანს პროევროპულ მოსახლეობას და რომლებითაც არსებულ პირობებშიც კი შესაძლებელი იქნება ევროპასთან დაახლოების გაგრძელება. ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ მიღების შემდეგ გერმანიამ 2024 წლის ზაფხულშივე დაიწყო დამატებითი მხარდამჭერი ღონისძიებების შეთავაზება სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის. ეს მოიცავს იურიდიულ კონსულტაციებს, კიბერუსაფრთხოების ტრენინგს ან ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა, სვენია შულცემ საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობა მოსახლეობის მიმართ და დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის კონსტიტუციით გამყარებულ გზას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები