ოთხშაბათი, დეკემბერი 17, 2025

სოზარ სუბარი – კარგი იქნება, თუ ჩვენი კოლეგები მკაფიოდ დააფიქსირებენ თავის პოზიციას აშშ-ის საელჩოს ინსტრუქციებში გამოთქმულ პრობლემებზე

კარგი იქნება, თუ ჩვენი კოლეგები მკაფიოდ დააფიქსირებენ თავის პოზიციას აშშ-ის საელჩოს ინსტრუქციებში გამოთქმულ პრობლემებზე, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში წერს.

„გუშინ სასამართლოს თემაზე ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ წერილს საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა პარლამენტის არაერთი წევრისგან, ამიტომ, კარგი იქნება, თუ ჩვენი კოლეგები მკაფიოდ დააფიქსირებენ თავის პოზიციას საელჩოს ინსტრუქციებში გამოთქმულ პრობლემებზე:

– ეთანხმებით თუ არა აშშ-ის საელჩოს ინსტრუქციას, რომ საქართველოს პარლამენტმა უნდა შეცვალოს ხუთი კონსტიტუციური ნორმა, თანაც ის ნორმები, რომლებიც ვენეციის კომისიის მიერ უკვე არის სამართლიანად და უხარვეზოდ შეფასებული? მიგაჩნიათ თუ არა, რომ ამ მოთხოვნების ასეთი ფორმით დაყენება სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა?

– ეთანხმებით თუ არა საელჩოს ინსტრუქციას, რომ საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უნდა აირჩიოს არა ჩვეულებრივი, არამედ 3/5-ის უმრავლესობით, ხოლო იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეები უნდა დანიშნოს და წარადგინოს ორმაგი 2/3-ის უმრავლესობით? აქვე შეგახსენებთ, რომ საელჩოს ინსტრუქციაში შემოთავაზებულ ამ ნორმებს დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არ აქვს.

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ საელჩოს ინსტრუქცია, უვადოდ დაინიშნოს უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლე, არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, უხეში ჩარევა ორი კონსტიტუციური ორგანოს – საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში და სახელმწიფოს მიმართ უპატივცემულო და უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა?

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ საელჩოს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგნორირებით ფავორიტი მოსამართლეების გამორჩევა, რომლებიც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ საელჩოს მიერ ორგანიზებული ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას, არის გაუმართლებელი, დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენების გაძლიერებას და კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრებას?

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ელჩის ვიზიტები სასამართლოებში არის უპატივცემლობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ?

– მიგაჩნიათ თუ არა ნორმალურ პრაქტიკად, როდესაც საელჩოს წარმომადგენლები სამუშაო ჯგუფებში უშუალოდ სხედან და კანონშემოქმედებით პროცესში იღებენ მონაწილეობას?

– მიგაჩნიათ თუ არა, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობა ნიშნავს სასამართლო სისტემაში პოლიტიკის შეტანას, მოსამართლეებს შორის პერსონალური კონფლიქტების პროვოცირებასა და სისტემის დესტაბილიზაციას და ეთანხმებით თუ არა ამ ინსტრუქციას? აპირებთ თუ არა ამ ინსტრუქციის განხორციელებას? და თუ თქვენთვის მიუღებელია ამ ინსტრუქციის განხორციელება, როგორ ფიქრობთ, რატომ იძლევა საელჩო ასეთ ინსტრუქციას?

აქვე გავიმეორებ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევითობას განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში ანალოგი არ აქვს.

– და ბოლოს, საინტერესო იქნება კოლეგების აზრი – როდესაც მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ღიად ლაპარაკობს მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე და არაფორმალურ სანქციაზე, მიგაჩნიათ თუ არა, რომ საზოგადოება იმსახურებს ამ თემაზე უფრო მკაფიო და დამაჯერებელ პასუხს?“, – წერს სოზარ სუბარი „ფეისბუქზე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია: „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს

დიდი ხნის მანძილზე ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.მისივე თქმით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს პარტიებიდან ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს.„ჩვენ თვითონ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ  ქართულ პოლიტიკაში არსებობს სამი პოლიტიკური ძალა „ქოცები“, „ნაცები“ და „გირჩები“. მგონი, აწმყოში პრობლემა სხვა რამეა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ ტრიალით ქართულ პოლიტიკას თავბრუ იმდენად დაეხვა, რომ ფაქტობრივად პოლიტიკა საერთოდ არ გვაქვს. პარტიები ვინ არიან და ვინ ვის ირგვლივ ტრიალებს ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება გარე ძალებს, გარე ზეწოლა რამდენიც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე, მაგდენი მგონი არასოდეს ყოფილა. თუმცა, იმის გამო, რომ შიგნით გასაკეთებელი საქმის გაკეთება არავის არ უნდოდა და პირიქით, ყველაფერი სიგიჟეს წააგავდა, გარე ზეწოლები ამას ვერ შველის. ზოგადად არ შეიძლება ქვეყნის შეცვლა გინდოდეს და გარე ძალების იმედად იყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში განაცხადა: ქართული პოლიტიკა ტრიალებს „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, ოპოზიციური პარტიები იდენტობას იშენებენ, რომ „ნაცები“ არ არიან, აბა, ვინ არიან?“.

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი

ხალხის ძალის“ დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ლატვიის ტელევიზიის ( LTV ) გადაცემა De facto - ში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ გასულ წელს ევროკავშირიდან ლატვიის გავლით, რუსეთში თითქმის ორი ათასი ტონა ნატურალური კაუჩუკი იქნა ექსპორტირებული.ქადაგიძის შეფასებით, მაშინ როცა რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, არ არის გასაკვირი კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას.„ნატურალური კაუჩუკი რუსეთში, ლატვიის გავლით შედისო...რა არის გასაკვირი ამაში?- სადაც რუსულ გადამუშავებულ ნედლ ნავთობს, მესამე ქვეყნის გავლით იღებდა ევროკავშირი და სადაც, ლიეტუვამ ყველა რეკორდი მოხსნა ღვინის ექსპორტში 2023 წელს, კაუჩუკსაც რომ აწვდიდეს ლატვია რუსეთის ფედერაციას, რა გასაკვირია?დიახ, ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენ გვიკიჟინებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და თვითონ, მანიპულაციებითა და მაქინაციებით არიდებდნენ თავს, ყველა არის, რუსეთის სამხედრო ბიუჯეტის მთავარი კონტრიბუტორი!“ - წერს ქადაგიძე.

,,წითელი ხიდის“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი -,,წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 165 გრამი) გამოვლინდა. სამართალდამრღვევი მოქალაქე, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, შეეცადა პოლიეთილენის შეფუთვაში განთავსებული ძვირფასეულობა ავტომობილის სალონში მალულად განეთავსებინა.არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 907 ლარი შეადგინა.საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 16:39-ზე ქალაქ გურჯაანიდან დასავლეთით 7 კმ-ში, სოფელი ჭერემიდან 4 კმ-ში დაფიქსირდა.ბიძგების სიმძლავრემ 3.5 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შალვა პაპუაშვილი – რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს

რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დაგეგმილ დებატებსა და საქართველოს მოლოდინებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.მისი თქმით, ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფებია, რომლებიც სულო უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს.„რა მოლოდინი უნდა გვქონდეს იმ ევროპარლამენტისგან, ევროპარლამენტის იმ ჯგუფისგან, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დემოკრატად აღმერთებს. ესენი არიან ღირებულებადაკარგული პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირის უმაღლეს საბჭოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები