ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საქართველო პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საზეიმო მიღებაზე განაცხადა, რომელიც, მთავრობის მეთაურის სახელით, საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა.
ღარიბაშვილის თქმით, საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად.
„ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით დღეს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ დღეს კაცობრიობა დგას იმ უზარმაზარი ტრაგიკული შედეგების წინაშე, რომელიც მოიტანა რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულმა მოქმედებამ უკრაინაში. ამ ომმა შეარყია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და მშვიდობა. ჩვენი ქვეყნისთვის, რომელმაც თავად გადაიტანა რუსეთის თავდასხმა 2008 წელს და რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. საქართველო, აცნობიერებს რა იმ საშინელებას, რომელიც ახლავს ომს, პირველივე დღიდან უცხადებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უკრაინელ ხალხს და მათ ქვეყანას. საერთაშორისო თანამშრომლობას და კონსოლიდირებულ მიდგომას დღეს, როგორც არასდროს, ენიჭება სასიცოცხლო მნიშვნელობა, კანონზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.