ორშაბათი, დეკემბერი 29, 2025

გიორგი კვირიკაშვილი – საქართველოსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს, დელეგაციასთან ერთად, მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

შეხვედრის დაწყებისას, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტ ლუკაშენკოს განსაკუთრებულ წვლილს და ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურებაში, მისი 2015 წლის ვიზიტის მნიშვნელობას  გაუსვა ხაზი. პრემიერმა აღნიშნა, რომ გასული სამი წლის განმავლობაში,  სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი.

ასევე, მთავრობის მეთაურმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში აღმოჩენილი მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და  ბელარუსი მეხანძრეებისა და მფრინავების პროფესიონალიზმი აღნიშნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილ შეთანხმებებს, რომლებიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გიორგი კვირიკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს მადლობა გადაუხადა პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ, რაც ვიზიტის ფარგლებში დოკუმენტურად გაფორმდა.

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელმოწერილ დოკუმენტებს ისტორიული უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პოზიტიური დინამიკა. მისი განცხადებით, ბელარუსი არა მხოლოდ მზად არის, საქართველოსთან ერთად შექმნას ერთობლივი საწარმოები, არამედ ადგილობრივ მოსახლეობას შეასწავლოს, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ექსპლუატაციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ  მზადყოფნა გამოთქვა, ბელარუსმა ყოველთვის დაუჭიროს მხარი საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს იქ, სადაც მათ დასჭირდებათ.

მხარეებმა საუბრისას ასევე აღნიშნეს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მზარდი მონაცემები და იმედი გამოთქვეს, რომ არსებული პოზიტიური ტენდენცია შენარჩუნდება და წარმატებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრმა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ალექსანდ ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს გუშინ ეწვია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომელი სერვისების მიღება იქნება შესაძლებელი 5-6 იანვარს

შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს და იმ სერვისების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლის მიღებაც 5 და 6 იანვარს ჩვეულ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 დეკემბრის №563 დადგენილებისა და შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის გათვალისწინებით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, გაფორმების განყოფილებები, საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო (სატელეფონო კომუნიკაციის, ჩათის და სხვა დისტანციური არხების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ საბაჟო ფორმალობაზე ინფორმაციის მიწოდებისას/მის გამოყენებაზე კონსულტაციის გაწევისას/საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე და მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებისას) ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას.აღნიშნულ თარიღებში, 18:00 საათამდე გაწეულ მომსახურებზე, არ გაორმაგდება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.ამასთან, შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2026 წლის 5 და 6 იანვარს საქართველოს მასშტაბით არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები და საინფორმაციო სატელეფონო ცენტრი 2 299 299.

გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ცილისმწამებლური სიუჟეტის გამო, „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. მისი განცხადებით, „შაბათის ფორმულას“ ეთერში გავიდა მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ ცილისმწამებლური რეპორტაჟი, სადაც, ხაინდრავას განმარტებით, ყველა სიტყვა სიცრუესა და უსაფუძვლო ბრალდებებზე იყო დაფუძნებული.ასევე, გოგა ხაინდრავას განცხადებით, დააფუძნებს ფონდს, რომელიც ხელს შეუწყობს „მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული უფლებების აღდგენას“.გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, კანონმდებლობაში ჩაიწეროს ისეთი მუხლი, რომელიც მედიის მხრიდან დეზინფორმაციისა და ცილისწამების გავრცელებაზე რეაგირებას მოახდენს.„21 დეკემბერს „შაბათის ფორმულაში“ გავიდა სიუჟეტი ჩემზე და ჩემს ოჯახზე, სადაც პირველი სიტყვიდან ბოლო სიტყვამდე, აბსოლუტურად ყველაფერი იყო სიცრუე. თექვსმეტი ცილისმწამებლური განცხადება იყო სიუჟეტში ჩემ მიმართ, ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანობის მიმართ. იყო გაცხადებული იმის შესახებ, რომ მე, როგორც „ქართული ოცნების“ მყარმა და ჩაბეტონებულმა პროპაგანდისტმა, „ქართული ოცნებისგან“ საჩუქრად მივიღე მიწის ნაკვეთები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ახალშენში. რეალური სურათი შემდეგია – როდესაც ჩვენ, ჩვენმა კომპანიამ ეს ნაკვეთები შევიძინეთ, ის ადამიანი, ვინც სიუჟეტი გააკეთა, მაშინ დაბადებული არ იყო. 35 წლის წინ მოხდა ეს ამბავი.ყველა სიტყვა, რომელიც არის ტრამპის საჩივარში, ანუ – ცრუ, ცილისმწამებლური, შეცდომაში შემყვანი, ღირსების განზრახ შემლახავი, მაპროვოცირებელი, ბოროტგანზრახული წარმოჩენის გამო – ეს ყველაფერი იყო განხორციელებული ჩემ მიმართ. შებღალული ჩემი ღირსება, ჩემი ოჯახის და ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობა.აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში, სადაც მოვითხოვ ყველა ტყუილზე თითო მილიონის გადახდას. მთელ ამ ფულს შევიტან ფონდში, რომელიც უნდა დავაარსო და დღეს ოფიციალურად ვაცხადებ, რომ დაარსდება ფონდი, რომელიც ხელს შეუწყობს მედიატერორისა და მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებულ მოქალაქეებს, მათი იურიდიული უფლებების აღდგენას. დავაყენებთ საკითხს, რომ საქართველოს კანონმდებლობაში იყოს შეტანილი მუხლი, რომლითაც გარანტირებული იქნება ცილისწამებისგან მოქალაქის დაცვა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

თამარ ჩიბურდანიძე: მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე, სოციალური ქსელით ეხმაურება ხელისუფლების ინიციატივას, დარეგულირდეს ფასები მედიკამენტებსა და პროდუქტზე:„2026 წლის ბიუჯეტი სოციალური პოლიტიკის უპირატესობაზე მიუთითებს და მრავალმხრივ საინტერესო ინიციატივებია ჩადებული. რჩებოდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, რაც მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ამ საკითსაც შეეჭიდებოდა ხელისუფლება“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.ის ხაზს უსვამს ქართული ოპოზიციის გამოხმაურებასაც დაანონსებულ ინიციატივაზე და წერს, რომ „ხალხზე მზრუნველი“ ოპოზიცია გადაიქცა იმ მონოპოლისტების მფარველად, რომლებიც კონკრეტულ პარტიებს აფინანსებენ.„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ქართველმა ხალხმა დააფასა ხელისუფლებისგან შენარჩუნებული მშვიდობა ქვეყანაში და ეს არჩევნებით დადასტურდა. მაგრამ მშვიდობასთან ერთად, მოსახლეობა სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებას ითხოვდა. ეს შეეხება როგორც სოციალურ პაკეტებს სხვადასხვა ჯგუფისთვის, ასევე, ფასების რეგულირებას, რომელიც თითქმის ყოველდღიურად იზრდებოდა. 2026 წლის ბიუჯეტი აშკარად სოციალური პოლიტიკის უპირატესობაზე მიუთითებს და მრავალმხრივ საინტერესო ინიციატივებია ჩადებული. რჩებოდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების რეგულირება, რაც მძიმე ტვირთად აწვა მოსახლეობას. ალბათ, არავის სჯეროდა, რომ ამ საკითსაც შეეჭიდებოდა ხელისუფლება. მშვიდობა უმთავრესია, მაგრამ ამის შემდეგ საარსებო პირობებია საჭირო და სწორედ ამიტომ, ფასების რეგულირება ნამდვილი საჩუქარია ხალხისთვის. რაც შეეხება ოპოზიციას, რატომღაც დაავიწყდათ, რამდენი სიუჟეტი აქვთ გაკეთებული პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების მატებაზე და ამაში ხელისუფლების „დანაშაულზე“. „ხალხზე მზრუნველი“ ოპოზიცია ხელისუფლების ინიციატივის გაჟღერებისთანავე, უმალვე გადაიქცა კონკრეტული მონოპოლისტების მფარველად, რომელთა ფინანსებითაც დღემდე სულდგმულობენ. ეს კარგია, ხელისუფლებამ ისინი კიდევ ერთხელ გააშიშვლა. რაც შეეხება ფასების რეგულირებას, იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა ამ მხრივაც ამოისუნთქებს და ქვეყანაზე ზრუნვა არა მხოლოდ პოლიტიკოსების, არამედ, ზოგიერთი გაზულუქებული ბიზნესმენის ვალდებულებაც გახდებ“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ირაკლი კობახიძის განკარგულებით, „ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი, სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორები გაგზავნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.მათივე ცნობით, აღნიშნული ტვირთი მოიცავს ცხრა ერთეულ, სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრის გენერატორს.„აღსანიშნავია, რომ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ გენერატორების შესყიდვისა და ტრანსპორტირების პროცესი მოკლე დროში (დათქმულ ვადებში) უზრუნველყო.ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს საელჩოს გადაეცემა, შემდგომში უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით. საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინა სახმელეთო გზით რამდენიმე დღეში მიიღებს“,- აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციაში.

შალვა პაპუაშვილი – ორკესტრირებული თავდასხმა იყო ქართულ სახელმწიფოზე „ბიბისის“ მიერ, თუ კითხვებია, საერთაშორისო ინსტიტუტები რატომ ვერ ჩამოდიან, ვერ ჩამოაღწიეს? ჩვენ ვუყიდით ბილეთს

ამაზრზენი პროპაგანდა ვნახეთ, რომელიც პირდაპირ აწყობილი, ორკესტრირებული და შეთანხმებული იყო, სადაც „ბიბისის“, ევროპარლამენტს და ქართველ რადიკალებს თავიანთი როლები ჰქონდათ. ეს იყო აბსოლუტურად ორკესტრირებული თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც შესრულდა „ბიბისის“, ევროპარლამენტარების და ქართველი რადიკალების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, „ეს ბოლო ხავსია, რომელზეც ჩაჭიდებას რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, მისი ევროპელი დამკვეთების გეგმის შესასრულებლად“.„ხომ უმარტივესი საკითხია? – გამოძიება ჩატარდა, პროცესი გამჭვირვალე იყო, ყველა დეტალს პასუხი გაეცა და ითქვა, თუ კიდევ არსებობს კითხვები, მზად ვართ, ნებისმიერ რელევანტურ, საერთაშორისო ინსტიტუტს ეს მასალები ვაჩვენოთ. თუ კითხვები არსებობს, ეს საერთაშორისო ინსტიტუტები მოვიდნენ, რატომ არ მოდიან? – რა თქმა უნდა, ვაჩვენებთ. ეს ყველაფერი იყო გარედან დადგმული სცენარი. ერთი წლის თავზე იმის მოძიება დაიწყეს, ვინ მოიწამლა, ვის ჰქონდა თავის ტკივილი და მაღალი წნევა. ეს ყველაფერი რატომ დაიწყეს? – ეს ყველაფერი საზღვარგარეთ მოიხარშა და დავალება მიიღეს, რომ ამასთან დაკავშირებით ამბავი უნდა ატყდეს. სადაც მოიხარშა, ვინც ეს დაგეგმა, ამ ყველაფერს ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში რომ ვისმენთ, ვინც ეს დაგეგმა და ორკესტრირება გააკეთა, რატომ არ ჩამოდიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ მოდიან და არ ეუბნებიან, მასალები გვაჩვენეთო? რა საჭიროა, ამ ისტორიების მოყოლა? – გამოძიებულია, პასუხები გაეცა. თუ არის კითხვები, მობრძანდნენ, გამოძიების მასალებს ჩახედონ – რა მოეწონებათ და რა არა, მარტივია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნის შიგნით კითხვებს პასუხები გაცემული აქვს.„ვინც ამ ყველაფერს იგონებს, რა უნდა დავანახოთ? – ის, რომ ეს იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი იარაღი, ეს ტყუილები უმაღლესი ტრიბუნებიდან მოილაპარაკეს. ყველა დარწმუნდა, რომ ეს არ იყო „კამიტი“. ეს იყო გებელსისეული პროპაგანდა, როცა იმხელა ტყუილი უნდა თქვა, რომ ვიღაცას ეჭვი შეეპაროს, ასეთ ტყუილს არ იტყოდაო. გათვლა იყო, რომ დიდ ტყუილს იტყოდნენ, რომ ეს იყო ქიმიური იარაღი და ამაზე სახელმწიფოს პოლიტიკური პასუხი ექნებოდა, არა, არა და ეს ყველაფერი პოლიტიკური დისკურიის სპირალში შევიდოდა. შემდეგ, ამას ევროპარლამენტის რეზოლუცია და განცხადება უნდა მოჰყოლოდა. სინამდვილეში, ეს იყო პირდაპირ ორკესტრირებული თავდასხმა სახელმწიფოზე, რომელიც ბრიუსელის შესაბამისს დოკუმენტებში უნდა ასახულიყო.ერთი რამე ვერ გათვალეს, სახელმწიფომ გამოძიება დაიწყო, პასუხები დადო და რაც მთავარია, თქვა, რომ თუ ვინმეს რაიმე კითხვა აქვს, მოვიდეს და ვაჩვენებო. სად არიან ევროპარლამენტარები, ან სხვები? – ეს იყო უსაძაგლესი თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე, რომელიც ევროპაში მოიხარშა და ქართველი რადიკალების საშუალებით განხორციელდა. სხვა რაიმე კი არ არის, როცა ჩვენ ღალატზე, ქართველობის დაკარგვაზე ვსაუბრობთ. აბა, ეს რა არის, როცა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ განგაწყობენ? – ადრე, შეიძლება, ვიღაცას ჯარი გამოეყოლებინა და საკუთარ ქვეყანას თავს ასე დასხმოდა, რომ საკუთარი ძალაუფლება მოეპოვებინა. დღეს, პიარული ჯარია, რომელიც რადიკალების სარგებლობაშია – ევროპიდან მომდინარე პიარული ჯარია, რომლითაც ქვეყნის დაზიანებას ცდილობენ. თუ კითხვები აქვთ, განცხადება გაკეთდა და აქამდე, რატომ ვერ ჩამოდიან, ვერ ჩამოაღწიეს? – ჩვენ ვუყიდით ბილეთს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბოლო სიახლეები