3 თვის ალექსანდრეს დედა, 32-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი და ილიას უნივერსიტეტის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის სტუდენტი თათია ლაბაძე, ლექციებზე შვილთან ერთად დადის. მის შესახებ edu.aris.ge წერს.
თათია ლაბაძემ მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამაზე სწავლა მაშინ დაიწყო, როდესაც ფეხმძიმედ იყო. ფიქრობს, რომ პროგრამის დასრულებასთან ერთად მისი პატარაც გაიზრდება და უფროსი მასწავლებლის სტატუსსაც მიიღებს.
„არ დავკარგე ერთი წელი. თუ გავჩერდებოდი და ფეხმძიმე არ ვივლიდი, ერთი წელი პროფესიულ წინსვლისთვის დამაკლდებოდა. ახლა კი ყველაფერი მექნება: პატარასაც გავზრდი და უფრო მასწავლებლის სტატუსიც მექნება”, – ამბობს თათია ლაბაძე.
რაც შეეხება ლექციებზე ბავშვთან ერთად სიარულს, იმიტომ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ შაბათობით აქვს უნივერსიტეტში ლექციები, თან დილიდან საღამომდე. ამდენხანს კი ვერც ბავშვთან განშორებას აიტანდა და ლექციების გაცდენაც ცუდად იმოქმედებდა მის აკადემიურ მოსწრებაზე. სხვა ვარიანტზეც ფიქრობდა, რომ ლექციის შუალედებეში მამიკო მოიყვანდა ბავშვს საჭმელად და შემდეგ ისევ უკან წაიყვანდა, თუმცა ალექსანდრე ისეთი ყოჩაღი აღმოჩნდა, რომ დედას არც სწავლის პროცესში უშლის ხელს და რაც მთავარია, თვითონაც ძალიან მშვიდად გრძნობს მასთან ერთად ლექციებზე თავს.
„ბუნებრივ კვებაზე არის და არ მინდოდა, მთელი დღე ყოფილიყო ხელოვნურზე. მეორე იმიტომაც, რომ არ მინდა, მთელი დღე მოშორებული ვიყო ბავშვს. დილის 9-საათიდან საღამოს 7- საათამდე მაქვს ლექციები. კიდევ იმიტომ, რომ ავირჩიე დევიზი „ბავშვი ყველგან“. თან ამაში თვითონ ბავშვიც მიწყობს ხელს”, – ამბობს თათია ლაბაძე.