საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ ურთიერთობებს ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „სითი პარკის“ ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
მისი თქმით, განცხადება იმის შესახებ, რომ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტა საქართველო-ისრაელის ბიზნეს ურთიერთობებს ავნებს, მანიპულირებაა.
“ჩვენ ყველას მივესალმებით ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორი კომპანიაა. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ქართული ბიზნესი თუ უცხოური, ჩვენი კარი ყველასთვის არის ღია. არაკეთილსინდისიერ კომპანიებს, რა თქმა უნდა, მოვექცევით კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს კანონმდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს.
ამასთან, მისი თქმით, თბილისის მერიას არასდროს ჰქონია „სითი პარკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრის პრობლემა. როგორც კალაძე აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, მერია მზად არის, საკუთარი პოზიცია სასამართლოში დაიცვას.
„თუ კომპანიას ექნება სურვილი სასამართლოში წავიდეს, ჩვენ მზად ვართ, სასამართლოში დავიცვათ ჩვენი პოზიციები. თუ ექნებათ სურვილი საარბიტრაჟო სასამართლოში წასვლის, ჩვენ მზად ვართ დავიცვათ ჩვენი პოზიციები.
მანამდე ისრაელი-საქართველოს ბიზნეს პალატის ხელმძღვანელმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ სითი პარკის საქმეს საქართველოსა და ისრაელში არასასიამოვნო ეფექტი ექნება.
კომპანია “სითი პარკმა” განაცხადა, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი თავიანთ უფლებებს სამართლებრივი გზით დაიცავენ.
თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერია პირგასამტეხლოს არ გადაიხდის.
კომპანია “სითი პარკსა” და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.