კვირა, მაისი 11, 2025

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა

მივესალმები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორების ვიზიტს ბათუმის პორტში. მივესალმებით, ამერიკულ სამხედრო ხომალდებს, მათ ეკიპაჟებსა და პირად შემადგენლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში განაცხადა, სადაც ამერიკულ ხომალდ „მაუნთ უიტნიზე“ იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამერიკული ხომალდების ვიზიტი საქართველოსა და აშშ-ს შორის ძლიერი სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

„საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას ძალიან ძლიერი დატვირთვა გააჩნია. საქართველო არის გლობალური უსაფრთხოების ერთგული მოკავშირე და მონაწილე. ჩვენ კარგად გვესმის შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობა და გამიზნული გვაქვს ჩვენი მოკავშირეების დახმარება ამ მიმართულებით. ჩვენ ვიზიარებთ პასუხისმგებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე და კვლავაც ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. სარდლობებს შორის თავსებადობა, პარტნიორობაზე კონცენტრირებული წვრთნები და კრიზისულ პერიოდებში ჩვენი ძალების გაერთიანება რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საუკეთესო საშუალებაა. მოხარული ვარ, რომ ჩვენს მეგობრებს შესაძლებლობა ექნებათ, ბათუმში ყოფნისას გაეცნონ ჩვენი ქვეყნის მდიდარ ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს. მინდა, ჩვენს სტუმრებთან ერთად, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და ხალხს, თითოეულ ამერიკელს, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გვერდით უდგას საქართველოს. ჩვენი მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩამობრძანებისთვის და წარმატებულ ვიზიტს გისურვებთ“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ხომალდების ეკიპაჟის წევრებს და პირად შემადგენლობას.

ამერიკულ ხომალდზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და მეექვსე ფლოტის მეთაურმა, ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.

„მაქვს პატივი, ხომალდ „მაუნთ უიტნისა“ და „არლი ბურკის” კლასის მართვად სარაკეტო გამანადგურებელ ხომალდ „პორტერს” დავხვდე საქართველოში. ამ ხომალდების ეკიპაჟის და პირადი შემადგენლობის ბევრი წარმომადგენელი ამ მშვენიერ ქვეყანას პირველად ეწვია, თუმცა ეს ხომალდები აქ ბევრჯერ ყოფილან. ძალიან ვამაყობთ, რომ კვლავ დაბრუნდნენ დღეს. „მაუნთ უიტნიმ“ 2008 წლის სექტემბერში – რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრის დროს – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან 17 ტონა მეტად საჭირო ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. ეს იყო ამ ხომალდის პირველი შემოსვლა შავი ზღვის აკვატორიაში და შეხედეთ, რამდენად წინ წავიდა ამ პერიოდში საქართველო. ამ დიდებული ხომალდების ისტორია და მათი ეკიპაჟების შესაძლებლობები და მიღწევები შთამბეჭდავია. ეს ვიზიტი ადასტურებს, რომ შეერთებული შტატები და საქართველო პარტნიორების რანგში ერთგულნი არიან უსაფრთხოებისა და თავდაცვის იდეისადმი. ერთი თვე არც არის გასული შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტისგან, რომელმაც ბრძოლის ველზე ქართველ მეომრებთან ერთად ყოფნა გაიხსენა და მადლიერება გამოხატა მათდამი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების და მოკავშირეების მეომრებთან ერთად 22 ათასზე მეტი ქართველი მონაწილეობდა წვრთნებსა და ბრძოლებში. ამ ხომალდების ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა შეერთებულ შტატებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ინტეგრირებული საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციები განახორციელონ სამხედრო და ჰუმანიტარული მისიით, როდესაც მოგვმართავენ და როდესაც საჭირო ვხდებით მსოფლიოში. თქვენი აქ ყოფნა ასევე ადასტურებს შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მადლობას გიხდით – ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო ვიცე-პრემიერო, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, საზღვრის დაცვისა და საზღვაო პატრულირების სამსახურების ხელმძღვანელებო ამ ვიზიტის ხელშეწყობისთვის და – რაც უფრო მნიშვნელოვანია – უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენი პარტნიორობის ძლიერი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ელჩმა კელი დეგნანმა.

საქართველოს და ბათუმს ამერიკული ხომალდებისა და ეკიპაჟების მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.

„საქართველოს მხარდაჭერას უშუალოდ შეაქვს წვლილი საერთო საზღვაო უსაფრთხოებაში შავი ზღვის რეგიონში. მასპინძელმა ქალაქმა ჭეშმარიტი სითბოთი და მასპინძლობით მიიღო ჩვენი მეზღვაურები, ეკიპაჟები და პირადი შემადგენლობა. მე დიდად ვაფასებ ამას. მადლობას ვუხდი ასევე საქართველოს თავდაცვის ძალებს და ქართველ ხალხს შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისიების მხარდაჭერისთვის. საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევი რჩება. შეერთებული შტატები განუხრელად ერთგულია მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების შენარჩუნებისადმი და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განვითარების სფეროში დახმარებისადმი. თქვენი წვლილი უსაფრთხოების სფეროში ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში იმის დასტურია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და საზღვაო აკვატორიაში საერთო ინტერესები და ფასეულობები გაგვაჩნია. საქართველოში გასულ თვეში ვიზიტის დროს შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა – „საქართველომ განუხრელად და მყარად დაუჭირა მხარი შეერთებულ შტატებს ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა განვამტკიცო ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“. ამერიკის საზღვაო ძალები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებსა და მოკავშირეებთან – მათ შორის საქართველოსთან – ერთად აძლიერებს საზღვაო უსაფრთხოებას და სტაბილურობას შავი ზღვის რეგიონში. არც ერთ ქვეყანას ძალუძს ცალკე საფრთხეებთან გამკლავება და ამდენად, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ექვსი ერის საზღვაო ფლოტის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს ამ შესაძლებლობისთვის, რაც ჩვენს ურთიერთობებს აძლიერებს“, – აღნიშნა ვიცე-ადმირალმა ჯინ ბლექმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

​”აღარანაირი ომი” – რომის ახალი პაპის მთავარი გზავნილი

"აღარანაირი ომი" - ეს ლეო მე-14-ის მთავარი გზავნილია. ვატიკანში შეკრებილ ადამიანებს ახალმა პაპმა, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა.რობერტ ფრენსის პრევოსტის უფრო ახლოს დანახვას და მის სიტყვას მოუთმენლად ელოდნენ მოედანზე შეკრებილები.პონტიფიკოსმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში სამხედრო დაპირისპირებების დასრულებასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე."პაპმა თავის პირველ სიტყვებში თქვა, რომ მსოფლიოში ომის დრო დასრულდა. ჩემთვის სწორედ ეს სიტყვები იყო ყველაზე სიმბოლური და მნიშვნელოვანი, ამიტომაც მგონია, რომ ის მთელ მსოფლიოს გააერთიანებს და მშვიდობის იმედს დაუბრუნებს", - აცხადებს ადგილობრივი.

მთავარია, ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში… – მეუფე შიოს ქადაგება

ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, - განაცხადა ქადაგებისას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი).მისივე თქმით, ქვეყნის ცხოვრებაშიც, ხალხშიც ხედავს ასეთ სულიერ სნეულებებს, რაც სამწუხაროა. მეუფე მიიჩნევს, რომ „უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა“.„გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება განრღვეულის კვირა, რადგან წირვის დროს იკითხება სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ განრღვეულის განკურნების შესახებ.იერუსალიმში ე.წ. „ცხვრის კარიბჭესთან“ იყო აუზი, რომელშიც დროდადრო ჩამოდიოდა ანგელოზი, წყალს ამღვრევდა და ვინც პირველი ჩავიდოდა ამ წყალში, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო დაავადებული, იკურნებოდა. ამიტომ იქ იყო ბევრი სნეული: ბრმები, ხეიბრები; მათ შორის იყო ერთი განრღვეული კაცი, რომელიც 38 წელი ავად იყო, მაგრამ ვერ ახერხებდა წყალში ჩასვლას, რადგან არ აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც მას დაეხმარებოდა ამაში.აი, უფალმა იგი დაინახა, შეებრალა და განკურნა თავისი ყოვლისშემძლე სიტყვით. სახარების ამ ეპიზოდში რამდენიმე მომენტი იპყრობს ჩვენს ყურადღებას. წარმოიდგინეთ, რომ ამდენ ხალხში ერთი ღვთისნიერი კაციც კი არ მოიძებნა, რომელიც გამოიჩენდა ადამიანობას და ადგილს დაუთმობდა, თავისზე წინ გაუშვებდა ამ სნეულს და წყალში ჩასვლაში დაეხმარებოდა. ასეთი რამ თანამედროვე ცხოვრებაშიც ხდება. შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდეს დიდ ქალაქში, მაგრამ სრულიად მარტო გრძნობდეს თავს. ვერ ამჩნევენ მის გაჭირვებას, მწუხარებას, მარტოობას. ადამიანი შეიძლება დაიღუპოს იმიტომ, რომ არავინ არის მისი შემწე.აი, ამაზე, ასეთ ადამიანებზე ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს, ვინც არ ზრუნავს სიკეთეზე, ღვთის მცნებების შესრულებაზე, რომ ხშირად წმინდა წერილი მათ ადამიანებადაც კი არ იხსენიებს. მაგალითად, ნახეთ, რას ამბობს ისაია წინასწარმეტყველი შუაგულ იერუსალიმში: „მოვედი და არ იყო კაცი, ვიძახდი და არავინ იყო ხმის გამცემი“, იმიტომ კი არა, რომ ხალხი მართლა არ იყო იქ (იქაურობა სავსე იყო ხალხით, ეს მთავარი ქალაქი იყო), არამედ იმიტომ, რომ იქ მყოფნი არაფრით ჯობდნენ არმყოფებს, რადგან, როგორც ამბობს ისევ იოანე ოქროპირი, ადამიანს წმინდა წერილი უწოდებს და საერთოდ ადამიანად შეიძლება იწოდოს არა ის, ვინც გარეგნულად არის ასეთი, არამედ ის, ვინც ერიდება ცოდვას, ებრძვის და ამარცხებს არაწმინდა ვნებებს, იღვწის სათნოებებისთვის და ასრულებს უფლის მცნებებს.აი, ეს ადამიანი იესო ქრისტემ შეამჩნია და დაეხმარა მას. ამ განრღვეულმაც დაინახა უფალი, უპასუხა მის ხმას და განიკურნა. ასე რომ, ყველას, ვინც არის მწუხარებაში, განსაცდელში, თავს გრძნობს მარტო, უნდა ახსოვდეს, რომ უფალი ხედავს მათ, ახლოს არის და დახმარების ხელს უწვდის, მთავარია, ადამიანმა ეს დაინახოს და ღმერთი შემოუშვას თავის ცხოვრებაში.ამ სახარებიდან ასევე ვხედავთ, რომ სნეულება დაკავშირებულია ცოდვასთან და განკურნება დამოკიდებულია გამოსწორებაზე, დაკავშირებულია შენდობასთან. ეს საიდან ჩანს? - უფალი იესო ქრისტე როცა ამ კაცს განკურნავს, ეტყვის ასეთ სიტყვებს: „აი, შენ განიკურნე, ამიერიდან ნუღარ შესცოდავ, რომ უარესი რამ არ დაგემართოს“ (ინ. 5,14).მართლაც, ფიზიკური სნეულებები, როგორც ვთქვით, დაკავშირებულია ცოდვებთან, მათგან განკურნება კი დამოკიდებული არ არის მხოლოდ ექიმებსა და წამლებზე, არამედ სინანულსა და გამოსწორებაზე. მაგრამ ფიზიკური სნეულებების გარდა, არსებობს სულიერი სნეულებებიც. ეს სნეულებები შეიძლება იყოს არა მხოლოდ ცალკეული პირების, არამედ მთელი ოჯახების, საზოგადოებების, სახელმწიფოებისაც კი. ისინიც დაკავშირებულია ცოდვასთან და მათგან განკურნებაც უნდა ხდებოდეს მხოლოდ სინანულით, გამოსწორებით და ღმერთის მცნებების შესრულებით.ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაშიც, ჩვენს ხალხშიც ვხედავთ ასეთ სულიერ სნეულებებს და ძალიან ვწუხვართ ამის გამო. ამიტომ უნდა ვიქონიოთ ბოროტებასთან ბრძოლის შემართება, რომ ჩვენში გაიმარჯვოს მშვიდობამ, სიკეთემ და სიყვარულმა, რაშიც შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე“, - განაცხადა მეუფე შიომ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მიმდინარე საერთაშორისო საკითხები.საუბრისას ერდოღანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, რომლებიც მუდმივ გადაწყვეტამდე მიიყვანს მხარეებს.„გაიხსნა შესაძლებლობათა ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად, და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის აუცილებელ გარემოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა პუტინთან საუბრისას. 

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

ბოლო სიახლეები