სამშაბათი, ივლისი 1, 2025

პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტებზე

საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტებზე.

„ტელეიმედი“-ს დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად მუქარისა, ბადრი პატარკაშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ მედიამაგნატს გადასცა.

საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა.

2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს, გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა.

მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი.

გარდა ზემოაღნიშნულისა, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები.

მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს, უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.
2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.

ორივე სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისტორიაში პირველად, UFC-ს ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგს სათავეში ქართველი მებრძოლია – ილია თოფურია პირველ ადგილზეა

პარტია „ახლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლომ რვა თვით პატიმრობა შეუფარდა.ასევე, ნიკა გვარამიას აეკრძალა ორი წლით თანამდებობის დაკავება.გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.დასკვნით სხდომას თავად ბრალდებული არ ესწრებოდა.

საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებაში იყო დაბარებული

30 ივნისს, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა მკაფიოდ დააფიქსირა დიდი ბრიტანეთის მტკიცე პოზიცია საქართველოს მზარდად დამაზიანებელი ტრაექტორიის მიმართ და მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი ბრიტანეთის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ წამოწყებული ცრუ ბრალდებების და საჯარო თავდასხმების სერია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში.საელჩოს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ „ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მორიგი მცდელობაა, შეზღუდოს თავისუფლებები და ჩაახშოს განსხვავებული აზრი“.„საარჩევნო კონკურენტების დაკავება სრულიად შეუთავსებელია „ქართული ოცნების“ მიერ დეკლარირებულ ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება მათსავე საკონსტიტუციო ვალდებულებებს.დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ დააყოვნებს დამატებითი ზომების მიღების განხილვას, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანების უფლებების დაცვის და პატივისცემის გზას”, – მოჰყავს საელჩოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ციტატა.

სოზარ სუბარი – გახარიამ თქვა, რომ კომისიაზე მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა – მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ძალიან მარტივ კითხვას

გახარია აქ იყო, ჩაიბარა წერილი და შემდეგ გაიქცა ქვეყნიდან. იქ არ უხსენებია, რომ არ აპირებდა კომისიაზე არმოსვლას, პირიქით - თქვა, რომ მოვიდოდა და შემდეგ გაიქცა. რაც შეეხება ჩართვის შემთხვევაში ეცდება თუ არა გათიშოს მიკროფონი, გაიქცეს და ა.შ. მგონი, ამის შესაძლებლობა ბევრი არაფერი ექნება, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.როგორც მან აღნიშნა, გიორგი გახარიასთან, ჩორჩანას საგუშაგოს ეპიზოდზე აქვთ კითხვები, „ვინაიდან, მისი გადაწყვეტილების შედეგად, რომელიც შეთანხმებული არავისთან ყოფილა, მილიონი კვადრატული მეტრი ტყეა ოკუპირებული, ხოლო, ოკუპანტი ძალის ხუთი ახალი საგუშაგო ისეთ ადგილას არის განთავსებული, რომ პრაქტიკულად, ორი სოფელი მოწყვეტილია ქართულ დასახლებას“.სუბარი მიიჩნევს, რომ გახარიას უნდა მიეცეს ონლაინ ჩართვის და ამ მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა.„კითხვაც ბევრი არაფერია: მან თქვა, რომ არც ერთი კვადრატული სანტიმეტრი ქართული მიწა არ დაკარგულა, დამატებითი ოკუპაცია არ მომხდარა მის მიერ აბსოლუტურად ინდივიდუალურად, ყველასთან შეუთანხმებლად მიღებული გადაწყვეტილების გამო; ჩამოვიდა ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ იქ ჩამოდის მდინარე, რომელსაც რუსები და ოსები არასდროს გადმოდიოდნენ, დღეს იმ მდინარის აქეთ, მილიონი კვადრატული მეტრი ტყე არის ოკუპირებული, დგას ხუთი ახალი საგუშაგო ამ მდინარის აქეთ და მარტო ეს მილიონი კვადრატული მეტრი კი აღარ არის უკვე ოკუპირებული, ეს საგუშაგოები ისეთ ადგილას განლაგდა, რომ მინიმუმ ორი სოფელი, პრაქტიკულად მოწყვეტილია ქართული დასახლებებიდან და იქ ცხოვრებაც გახდა გაუსაძლისი. ეს არის კითხვა, რატომ გააკეთა, რატომ დაუშვა ასეთი რამე, თან აბსოლუტურად ყველასთან შეუთანხმებლად. იმ შემთხვევაშიც კი, ეს რომ სწორი გადაწყვეტილება ყოფილიყო, რაც მან გააკეთა, ეს არ იყო შეთანხმებული სუს-თან, პრემიერ-მინისტრთან, ამაზე ინფორმაცია არ ჰქონდათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც იქ აქვთ მისია. ეს ნიშნავს, რომ თვითშემოქმედებას ჰქონდა ადგილი, რაც დაუშვებელია მინისტრის მხრიდან. ამ კითხვაზე უნდა გასცეს პასუხი, ძალიან მარტივია მგონი და წესით, დიდხანსაც არ უნდა გაგრძელდეს, შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ, რომ მიეცეს საშუალება, ჩაერთოს და უპასუხოს ამ ძალიან მარტივ კითხვას.“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაფრთხილება მათთვის ვინც საფრანგეთში მოგზაურობას გეგმავს-29 ივნისიდან საფრანგეთში ახალი კანონი ამოქმედდა

2025 წლის 29 ივნისიდან, საფრანგეთში ამოქმედდა მოწევის საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ღონისძიება: აიკრძალა სიგარეტის მოკიდება და მოწევა პლაჟებზე, პარკებში, საზოგადოებრივ ბაღებსა და ავტობუსის გაჩერებებზე. დადგენილება ოფიციალურად გამოქვეყნდა ოფიციალურ ჟურნალში და წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს პასიური მოწევის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსაკუთრებით კი ყველაზე ახალგაზრდების დასაცავად.აკრძალვის გავრცელება ახალ საზოგადოებრივ ადგილებში ახალი რეგულაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ პარკებითა და ავტობუსის გაჩერებებით, არამედ აკრძალვას ავრცელებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა სკოლის შესასვლელები, ბიბლიოთეკები და საცურაო აუზები. გაცხადებული მიზანია ბავშვების დაცვა მეორადი კვამლის ზემოქმედებისგან, რაც ხელს შეუწყობს უფრო ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.საფრანგეთის მთავრობის პოზიცია „სადაც ბავშვები არიან, თამბაქო უნდა გაქრეს“, - განაცხადა ჯანდაცვისა და ოჯახის საკითხთა მინისტრმა კატრინ ვოტრენმა და ხაზი გაუსვა ღონისძიების საგანმანათლებლო და პრევენციულ ხასიათს.სანქციები აკრძალულ ზონაში მოწევისას ყველას 135 ევრომდე ჯარიმა ემუქრება. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქცევის პრევენციას.აკრძალვის გამონაკლისები ეს ღონისძიება არ ვრცელდება ბარების ტერასებზე და არ მოქმედებს ელექტრონულ სიგარეტებზე, რომლებიც ამ ეტაპზე აკრძალვის მიღმა რჩება.გადამწყვეტი ნაბიჯი თამბაქოსგან თავისუფალი საზოგადოებისკენამ ინიციატივით, საფრანგეთი ადასტურებს თავის განზრახვას, თანდათანობით შეამციროს თამბაქოს არსებობა საზოგადოებრივ ადგილებში, პრიორიტეტად აქცევს მოქალაქეების და, განსაკუთრებით, ახალი თაობების ჯანმრთელობას.

1-ელი ივლისი სერგო ზაქარიაძის დაბადების დღეა

1-ელ ივლისს  სერგო ზაქარიაძე 116 წლის გახდებოდა. სერგო ზაქარიაძე 1909 წელს დაიბადა და 1971 წლის 13 აპრილს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა. სერგო ზაქარიაძე იყო საქართველოსა და სსრკ-ის სახალხო არტისტი. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1926 წელს მუშაობა დაიწყო რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928-დან იყო კოტე მარჯანიშვილის მიერ ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი, 1956 წელს გადავიდა რუსთაველის თეატრში. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: რევოლუციონერი დომენრი (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან”, 1937), ჯიბილო (პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, 1945), გიგაური (ილო მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“, ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, 1952), გიორგი (რევაზ თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“, 1954). რომანტიკული ელფერით გამოირჩეოდა ზაქარიაძის მიერ შესრულებული როლები ბაგრატიონისა (სამსონიას „ბაგრატიონი“, 1944), ბახასი (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“, 1945), მეფე დავითისა (ლევან გოთუას „დავით აღმაშენებელი“, 1946), ბესიკ გაბაშვილისა (ლევან გოთუას „მეფე ერეკლე“, 1942). რუსთაველის თეატრის სცენაზე შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: ქადაგი („ბახტრიონი“, ვაჟა-ფშაველას მიხედვით, 1960), ფიროსმანი (გიორგი ნახუცრიშვილის „ფიროსმანი“, 1961). ოიდიპოს მეფის სახე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“, 1956), შუისკი (ალექსანდრე პუშკინის „ბორის გოდუნოვი“, 1957). კინოში შეასრულა როლები: თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები“, 1934), შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე“, 1942–1943, სტალინური პრემია), ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 1960), ხოლო 1965 წელს გიორგი მახარაშვილის როლის შესრულებით („ჯარისკაცის მამა“, 1965, ლენინური პრემია, 1966) სერგო ზაქარიაძემ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს. 1971 წელს მიენიჭა რუსთაველის სახელობის პრემია. სერგო ზაქარიაძე მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.

ბოლო სიახლეები