პარასკევი, მარტი 27, 2026

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას 15 სოფელი დაემატა

მაღალმთიანი დასახლებებისთვის გათვალისწინებული შეღავათებით კიდევ 15 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს, – გადაწყვეტილება მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მეშვიდე სხდომაზე მიიღეს, რომელიც პირველი ვიცეპრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამის შესახებ 1tv წერს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას დაემატება სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების 15 სოფელი, კერძოდ – საკირე, ტაძრისი, ხანი, ლიჩი, მუხურა, მელუშეეთი, ბეგიაური, მანდაეთი, წყალშავი, ზვარე, ჩრდილი, საწისქვილო, გედსამანია, ღოღეთი და ბრდაზორი.

“მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ ასევე მოიწონა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2018-2022 წლების სტრატეგია“-ის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ძირითადი მიმართულებების შესახებ.

2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათების გასაწევად, სულ გამოიყო 66 160 379.56 ლარი. ამ შეღავათებით ისარგებლა 7 272-მა ოჯახმა, რომელთაც 2017 წლის განმავლობაში შეეძინათ შვილი; 69 803-მა პენსიონერმა; 14 150-მა სოციალური პაკეტის მიმღებმა; 574-მა ექიმმა და 989 ექთანმა; 11 395-მა პედაგოგმა; 295-მა სპორტის სფეროში დასაქმებულმა მწვრთნელმა; 77 973-მა ოჯახმა – მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათით.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა ოჯახებმა, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით მიიღეს 15 კუბური მეტრი შეშით სარგებლობის უფლება. საჯარო  სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იყო ვაუჩერის გაზრდილი ოდენობით.

მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პირებმა და მეწარმე სუბიექტებმა ასევე ისარგებლეს გადასახადებთან დაკავშირებული შეღავათებით“, – აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შალვა პაპუაშვილი ელენე ხოშტარიაზე: ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი – დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ...

ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.პარლამენტის თავმჯდომარე ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდგომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.„ელენე ხოშტარია 6 თვე იყო სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში იმიტომ, რომ ხუთიათას ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ოთხი შვილის დედას ჰქონდა არჩევანი - დანაშაული არ ჩაედინა, ან აერჩია დანაშაულის გზა, მაგრამ აირჩია ეფიქრა არა ოთხ შვილზე, არამედ - თავის ეპატაჟზე და ჩაედინა დანაშაული. მას ჰქონდა არჩევანი გადაეხადა ხუთიათასლარიანი გირაო და ყოფილიყო თავის ოთხ შვილთან, ან გაეგრძელებინა ეპატაჟი და მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მან აირჩია, რომ ყოფილიყო არა თავის შვილებთან, არამედ - მოხვედრილიყო ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ასე რომ, ეს ყველაფერი არის მისი არჩევანი. სხვაზე გადაბრალება არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. როდესაც ეს დანაშაული ჩაიდინა, იმ დღეს, ჰოლანდიის ელჩმა საკუთარ სახლში დაპატიჟა და ელჩთან იყო სახლში. ეს არის სწორედ ექსტრემიზმის ნორმალიზება, როდესაც რადიკალებს და ექსტრემისტებს უცხოელი ელჩები სახლებში ეპატიჟებიან და უმასპინძლდებიან.მანამდე 15 სამართალდარღვევა ჩაიდინა, ჯარიმებს არ იხდიდა. შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დანაშაული ჩაედინა, გირაო არ გადაეხადა და შვილებთან კი არ ყოფილიყო, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღმოჩენილიყო. ამ ყველაფრისკენ გარედან იმიტომ უბიძგებენ, განაჩენი რომ გამოვა, გამოვიდეს შვედეთის ელჩი და ნიანგის ცრემლები დაღვაროს. თუ ვინმეს პატიმარია დღეს ელენე ხოშტარია თუ სხვები, სწორედ ამ უცხოელების პირადი პატიმრები არიან, რადგან სწორედ ისინი აქეზებდნენ, რომ არ ყოფილიყო სინანული, ჩაედინათ დანაშაული, დაერტყათ პოლიციელისთვის, ესროლათ „მოლოტოვის კოქტეილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვილი სანიოლი – გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ?

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ისრაელთან ამხანაგური მატჩის (2:2) შემდეგ პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა და გუნდის თამაშით უკმაყოფილება არ დამალა.„პირველ საათში ბევრი პოზიტივი, დინამიკა და მონდომება იყო ფეხბურთელების მხრიდან. გოლებიც ამის შედეგი გახლდათ. ბოლო წუთებში კი დაღლილობა შეინიშნებოდა. ეს ამხანაგური თამაშია და დებიუტანტებიც გვყავდა.როცა წინ ვიყავით, მოთამაშეებს მეტი ინიციატივა უნდა გამოეჩინათ. გაკვირვებული ვარ, ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ? ცხადია, თავდაჯერებისთვის მოგება საჭირო იყო, მაგრამ ისრაელი სუსტი გუნდი არ არის.რადგან მამაგეიშვილი მარჯვენა ფლანგზე დავაყენე, განვიხილავ თუ არა მას ნაკრების ძირითადი შემადგენლობის პოტენციურ მოთამაშედ? მას ყველა თვისება აქვს, რომ მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს“, – აღნიშნა სანიოლმა.საქართველოს ეროვნული გუნდი მომდევნო ამხანაგურ მატჩს 29 მარტს სტუმრად ლიეტუვასთან ჩაატარებს. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 17:00 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ილია II-ის ქადაგება რწმენაზე:”შიში არ უნდა გქონდეთ, ღმერთი გადაარჩენს საქართველოს”

ილია II-ის ქადაგება რწმენაზე„რწმენა ღვთისა არის ის მწვერვალი, რომელსაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა.“"შიში არ უნდა გქონდეთ, ღმერთი გადაარჩენს საქართველოს".„ადამიანი ყოველდღიურად დგას ორი გზის წინაშე: რწმენის, სიყვარულისა და სიმართლის გზა, ან ბოროტებისა და უსამართლობის გზა“.„რწმენა არის არა მხოლოდ დაჯერება, არამედ უფლისადმი სრული მინდობა, განსაკუთრებით განსაცდელების დროს, რათა დაძლიოს ადამიანმა სირთულეები“.

შალვა პაპუაშვილი: თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა

თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე საუბრისას.მისივე თქმით, ეს მოთხოვნაც არის მხილება იმისა, რომ საქართველოში გარე ძალებმა ღირებულება დაცლილი და იდეოლოგია არეული ხალხის ჯგუფი შექმნეს.„საუბრობენ დამნაშავეებზე, რომლებსაც მისჯილი აქვთ სასჯელი, ცდილობენ მაღალი მატერიებით ისაუბრობენ ამ საკითხზე - პატიება, შენდობა - ოღონდ ავიწყდებათ მთავარი კომპონენტი პატიებისაც, შენდობისაც. მთავარი კომპონენტი შენდობის არის სინანული, თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა. პატიება სინანულის გარეშე არის დანაშაულის გამართლება და არა სიკეთე. არაერთხელ ითქვა, ამას ფორმალურ-სამართლებრივი მხარეც აქვს, პროკურატურა ყოველთვის აცხადებს, რომ ის ვინც მზად არის აღიაროს დანაშაული, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, პროკურატურა მზად არის ასეთ ადამიანებთან იყოს რბილი, მაგრამ არა, საქმე ის არის, რომ მათ სჭირდებათ საკრალული მსხვერპლები და მათში ვგულისხმობ მათ შორის გარე ძალებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ნამდვილად არიან ევროპელები დამოკიდებულნი ამერიკულ გაზზე?

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე და რამდენიმეთვიანი ყოყმანისა და მერყეობის შემდეგ, ევროპარლამენტარები, ხუთშაბათს, გარკვეული დათქმებით, მწვანე შუქს აუნთებენ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას. და ეს მოხდება გაზით შანტაჟის ფონზე...მოახდენენ თუ არა ევროპარლამენტარები შეერთებულ შტატებთან სატარიფო შეთანხმების რატიფიცირებას? თუ ასე მოხდება, მაშინ ეს იქნება ერთგვარი კომპრომისის გამომხატველი ჟესტი ევროკავშირის მხრიდან, რომელიც, ერთი მხრივ, აქტიურად შეუდგა სხვადასხვა ქვეყნებთან და რეგიონულ ორგანიზაციებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებას აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით და მეორე მხრივ, ცდილობს, მაქსიმალურად შეინარჩუნოს გასულ წელს დონალდ ტრამპთან ტარიფების შესახებ მიღწეული კომპრომისი. რამდენიმეთვიანი ყოყმანისა და შეფერხებების შემდეგ, ევროპარლამენტარები, ხუთშაბათს, გარკვეული დათქმებით, სავარაუდოდ, მწვანე შუქს აუნთებენ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმების ამოქმედებას.შეერთებული შტატები მოუწოდებს ევროპელებს, შეთანხმების ტექსტი ყოველგვარი ცვლილების გარეშე დაამტკიცონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ გაზის მიწოდება შეუმციროს. ეს მუქარა ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გამოცემა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააჟღერა, რაც ბადებს კითხვას: ნამდვილად არიან ევროპელები ამერიკულ გაზზე დამოკიდებულნი? უდავო ჰეგემონია მას შემდეგ, რაც ევროპელებმა რუსულ გაზზე ეტაპობრივად უარის თქმა გადაწყვიტეს, ისინი სულ უფრო მეტ ამერიკულ გაზს ყიდულობენ. შესყიდვის მოცულობა, ბოლო ოთხ წელიწადში, ოთხჯერ გაიზარდა. შეერთებულ შტატებზე ახლა ევროპელების მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედი მოდის და ვაშინგტონი რიგით მეორე უმსხვილესი მიმწოდებელია, ნორვეგიის შემდეგ.ხოლო თუ თხევად ბუნებრივ აირზე ვისაუბრებთ, რომელიც გემებით ტრანსპორტირდება და არა მილსადენით, მაშინ ამერიკული ჰეგემონია უდავოა: ევროპაში იმპორტირებული თხევადი გაზის 60% შეერთებული შტატებიდან შემოდის. ვაშინგტონი, როგორც არასდროს, ძლიერ პოზიციაშია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მისი კონკურენტი - კატარი - თამაშიდან გამოეთიშა: როგორც ცნობილია, კატარის გაზის ინფრასტრუქტურა ირანმა დაბომბა, ჰორმუზის სრუტე კი თითქმის ჩაკეტილია.მიუხედავად ამისა, ევროკომისია მიმწოდებლების დივერსიფიკაციას ცდილობს: მაგალითად, ორი კვირის წინ მან ახალი ხელშეკრულება გააფორმა აზერბაიჯანთან, რათა „რუსული ფურცელი“ ისე დახუროს, რომ შეერთებულ შტატებზე სრულად დამოკიდებული არ გახდეს, ან, როგორც ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, დან იორგენსენი ამბობს, „ერთი დამოკიდებულების მეორით ჩანაცვლება აიცილოს თავიდან“.

ბოლო სიახლეები