მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სათანადო გამბედაობა, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, თორემ ჩამოსვლას წინ რა უდგას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„ყოველწლიურად, საქართველოში მილიონობით ადამიანი ჩამოდის და მიხეილ სააკაშვილი ვერ ჩამოვიდა. ეს ერთადერთზე მიუთითებს, რომ მას არ აქვს სათანადო გამბედაობა და პოლიტიკური ლიდერობა, რომ სათანადო გადაწყვეტილება მიიღოს, თორემ ჩამოსვლას წინ რა უდგას?! ამის ყველა საშუალება არსებობს დღევანდელ მსოფლიოში. უბრალოდ, ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც თავის გუნდს, მხარდამჭერებს ატყუებს და ყოველწლიურად, ყოველი არჩევნების წინ აკეთებს ასეთ ანონსს. რაც შეეხება ხელის შებრუნებას, ის არის რადიკალური პოლიტიკური ძალის ლიდერი და რა თქმა უნდა, ხელის შებრუნებასაც არ მოერიდება. ის არ მოერიდება დესტაბილიზაციას. მაშ, საქართველოს პარლამენტზე თავდასხმა რა იყო?! ეს ხელის გარტყმა იყო საკუთარი სახელმწიფოსთვის, საკუთარი ქვეყნის პოლიციელებისთვის და ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ თუ ამის საშუალება ექნება, რა თქმა უნდა, ხელსაც შეაბრუნებს და ხელსაც გაარტყამს, ნებისმიერს?! ის გახლავთ გასამართლებული და შესაბამისად, როგორც კი საქართველოს ტერიტორიაზე ფეხს შემოდგამს, მაშინვე წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ საშუალებას არ მისცემს, ქვეყანაში რამე სახით დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და საქართველოს მომავალს რამე სახით ჩრდილი მიაყენონ.