ჩვენ ყველა რეფორმა გავატარეთ, რომ საარჩევნო სისტემა უფრო გამჭვირვალე იყოს. აგერ არის ბურთი და მოედანი: გაქვს პროგრამა? ელაპარაკე შენს ამომრჩეველს! გყავს კანდიდატი? წარუდგინე მოსახლეობას! – ამის შესახებ „ქრონიკასთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
„რადიკალურ ოპოზიციას რომ ვუყურებ – დღესაც არ ჰყავთ სრულად კანდიდატები წარდგენილები, რეკლამაზე საერთოდ უარი თქვეს, ხალხს არ ხვდებიან – ეს მიჩენს განცდას, რომ ისინი ემზადებიან არა არჩევნებისთვის, არა ქაოსისა და დესტაბილიზაციისთვის. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის ის მცირე ნაწილიც კი, რომელიც პარლამენტის წინ იკრიბებოდა, მიხვდა, რომ ამ პოლიტიკოსების ამოცანა არის სულ სხვა – რუსული სცენარის განხორციელება, ქაოსი, რევოლუცია. ჰგონიათ, რომ ამ გზით შემდეგ ხელისუფლებაში მოვლენ – ეს ხომ სრულიად წარმოუდგენელია. ამას არ დაუშვებს არც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა და არც დასავლეთი, რომლებიც არიან საქართველოში დემოკრატიის სადარაჯოზე. ჩვენ ყველა რეფორმა გავატარეთ, რომ საარჩევნო სისტემა უფრო გამჭვირვალე იყოს. აგერ არის ბურთი და მოედანი: გაქვს პროგრამა? ელაპარაკე შენს ამომრჩეველს! გყავს კანდიდატი? წარუდგინე მოსახლეობას! უგულავას რომ წაიყვან ჩამოტარებით, დედაქალაქს რომ 50 მილიონი მოჰპარა და ახლა ფოთში რომ წარადგინეს, ხომ იციან, რომ ის იქ წააგებს? მერე გამოვა და იტყვის, გამიყალბესო. კობა ნაყოფიას რომ წაიყვან სენაკში, სადაც ცხოვრებაში არ ჩასულა, ხომ აპრიორი იცი, რომ წააგებს იქ? მერე გამოდიან და ამბობენ, რატომ წავაგეთო. გახარია ამბობს, მერი უნდა გავხდე და დედაქალაქი გავხადო მეგაპოლისიო. პრემიერი იყავი და მაშინ ვერ გააკეთე და ახლა რატომ უნდა დაგიჯეროს მოსახლეობამ, რომ მერის პოზიციიდან შეძლებ? ეს ხომ ფარსი და ტყუილია. მოსახლეობა გრძნობს ამ ყველაფერს და ამიტომ გვაქვს ასეთი უპირატესობა რეიტინგებში“, – განაცხადა ზარქუამ.