ბათუმში მდებარე სასტუმრო “ლეოგრანდი”, სადაც გასული წლის ნოემბერში ხანძრის გამო ხალხი დაიღუპა, სახელი გადაარქვეს. გამოცემა bpn.ge-ს ცნობით, სასტუმროს ახალი სახელწოდება „ველმონდი“ იქნება.
სასტუმროს ადვოკატის კახა წერეთლის თქმით, ადმინისტრაციას და თანამშრომლებს სასტუმროში შესვლის და ზოგიერთი ოთახის მოწესრიგების შესაძლებლობა უკვე მიეცათ.
“მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ოთახი გამოძიების გამო კვლავ დალუქულად რჩება, ბიზნესს ხელი არ ეშლება. მენეჯმენტის ვარაუდით, სასტუმრო ფუნქციონირებას ზაფხულის სეზონამდე აუცილებლად აღადგენს”, – თქვა კახა წერეთელმა.
რებრენდინგის, ლოგოსა და სახელწოდების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება, სასტუმროს მენეჯმენტმა 24 ნოემბერს დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ მიიღო. გაჩენილმა ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა და ის სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის, მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპული 11 ადამიანიდან, საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქეა. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.
ხანძარი სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.
