საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე რამდენიმე დღის წინ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საეჭვოდ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკვეთრი რეაგირება, არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც, მკვეთრად პრინციპული საკითხია.
-„უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც საკუთარ ტერიტორიაზე მშვიდობიან მოქალაქეებს გვიკლავენ. არჩილ ტატუნაშვილი მცხეთის რაიონის, სოფელ წილკანის მკვიდრი იყო. ეს ხალხი ჯერ საკუთარ ქვეყანაში დევნილებად აქციეს და ახლა, ესეც არ აკმარეს. აუცილებელია, დაჩქარდეს არა მხოლოდ ცხედრის გადმოსვენება, არამედ, სიკვდილის რეალური მიზეზების დადგენა. ამ შემთხვევაში ჩვენი პოლიტიკური განცხადებაც და შესაბამისი ქმედებაც, პრინციპული უნდა გახდეს.
რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ ოკუპანტ ქვეყანაზე ზეგავლენის მეტი ბერკეტები აქვთ და აუცილებელია ეს ბერკეტები აამოქმედონ. საქართველოსთვის, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხში მთავარი დასაყრდენი სწორედ მაღალი ლეგიტიმაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებია. თუ არ იქნება ქმედითი სამართლებრივი ნაბიჯები მათი მხრიდან, მაშინ, გამოდის რომ ოკუპირებული ტერიტორიები არაკონტროლირებადია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, მსოფლიო მასშტაბითაც, რას მის სტაბილურობას ეჭვს ქვეშ აყენებს. დღეს ერთი რამ ცხადია, არჩილ ტატუნაშვილის საქმე უნდა გახდეს მკვეთრად პრინციპული საკითხი როგორც ჩვენი ხელისუფლების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ტერიტორიები ადამიანური პასუხისმგებლობის და ცივილიზებული სამყაროს მიღმა ტერიტორიებად იქცევა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.