„ჩვენთან ეპიდსიტუაცია კვლავ დაძაბულია. ყველა ინდიკატორი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს – ახალ შემთხვევათა რაოდენობა, 100 ათას მოსახლეზე ინციდენტობა, ბოლო 7 დღის, ბოლო 2 კვირის დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ივნისთან შედარებით, ყველა ეს მაჩვენებელი გაუარესებულია“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ფაზაში შედის.
„მესამე ტალღა, გარკვეულწილად, გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში. შემთხვევათა დღევანდელი რიცხვი, რომელიც 2 700-ის ფარგლებშია ბოლო დღეების განმავლობაში, უკვე სჭარბობს მესამე ტალღის, 17 მაისის მონაცემს. 17 მაისიდან შემცირების ტენდენცია იყო და ის საკმაოდ კარგად გაგრძელდა, მაგრამ ის არ ჩამოსულა დამაკმაყოფილებელ დონეზე. 25-26 ივნისიდან ისევ ზრდა დაიწყო. დღეს ისევ ზესვლა, მეოთხე ტალღის დასაწყისი გვაქვს. ფაქტია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 416 338 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 381 246, გარდაიცვალა 5 793 პაციენტი.