პარასკევი, სექტემბერი 19, 2025

ფრანც კაფკას არქივი – ინტერნეტში

მრავალწლიანი კონსერვაციის, რესტავრაციის, კატალოგიზაციის და
ციფრულ ფორმატში გადაყვანის შემდეგ 20-ე საუკუნის ერთერთი
უდიდესი მწერლის, ფრანც კაფკას არქივი ისრაელის ეროვნულ
ბიბლიოთეკაში საზოგადოებისათვის გამოიფინა.
მწერალს მრავალ ენციკლოპედიაში ასე მოიხსენიებენ: „ფრანც კაფკა –
გამოჩენილი ჩეხი ებრაული წარმოშობის მწერალი, რომელიც ქმნიდა
გერმანულ ენაზე“.
კაფკას არქივი საოცრად გადარჩა. მწერალმა, რომელიც 1924 წელს
გარდაიცვალა ავსტრიაში, საკუთარი ნაშრომების არქივი, ხელნაწერები,
მწერალ მაქს ბროდს უანდერძა, რათა მას ის გაენადგურებინა. მან კი,
იცოდა რა არქივის ფასეულობა მეგობრის უკანასკნელი თხოვნა არ
შეასრულა და პალესტინაში გაემგზავრა დოკუმენტებთან ერთად,
როდესაც ის ნაცისტებს გაურბოდა 1939 წელს.
კაფკას ხელნაწერების კრებული უმდიდრესია. მოიცავს ასეულობით
ხელნაწერს, დღიურებს, ნახატებს. მათ შორისაა „სოფლის ქორწილის
მომზადების“ შავი ვერსიაც. აგრეთვე ივრითის შესწავლის
გაკვეთილების ჩანაწერები, ჩანახატები, ნააზრებები და უბრალოდ
დაკვირვებები.
არქივი დღის სინათლეს ავტორის გარდაცვალებიდან 97 წლისთავზე
ნახავს. დოკუმენტების ორიგინალები შესაბამისი წესების დაცვით
ინახება და მკვლევარებისათვისაა ხელმისაწვდომი.
არქივის ნაწილი მრავალწლიანი სასამართლო დავის შემდეგ
შვეიცარიამ 2019 წელს ისრაელს გადასცა. საქმე იმაში გახლავთ, რომ
არქივის ნაწილი ერთერთი ბანკის სეიფში ინახებოდა, სადაც ის
ბროდის მდივანმა ესთერ ჰოფემ ჩააბარა. 1973 წელს, მას შემდეგ რაც
გაირკვა, რომ ჰოპე კაფკას არქივის დოკუმენტებს უცხოელ

აუქციონერებს სთავაზობდა. ისრაელის გენერალურმა პროკურორმა ის
გააფრთხილა, რომ კაფკას ანდერძის თანახმად მას არ ჰქონდა
დოკუმენტების განკარგვის უფლება. არქივის სხვა ნაწილი, რომელიც
ესტერ ჰოფეს სახლიდან მოიპარეს გერმანიაში იქნა აღმოჩენილი და
ისიც დაბრუნდა ისრაელში.
მაქს ბროდი, მწერალი და კომპოზიტორი მრავალი წლის განმავლობაში
კაფკას ნდობით აღჭურვილი პირი გახლდათ. მისი დამსახურებაცაა,
რომ კაფკა მსოფლიოში ცნობილი ადამიანი გახდა. სწორედ ბროდმა
გამოაქვეყნა კაფკას მრავალი ნამუშევარი მისი სიკვდილის შემდეგ.
კაფკას დოკუმენტები ბროდის არქივის განუყოფელ ნაწილად
ითვლება („პრაღის წრის“ საარქივო მასალა და ნამუშევრები რომლის
წევრებიც იყვნენ კაფკა და ბროდი).
ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, იერუსალიმში ასეულობით
ებრაელი მწერლისა, მეცნიერის, მხატვრის და საზოგადო მოღვაწის
პირადი არქივი ინახება.
„ეროვნული ბიბლიოთეკა მთავარ როლს თამაშობს ამ კულტურული
საგანძურის ხელმისაწვდომობაში ებრაელი ერისათვის და ყველა
დაინტერესებული ადამიანისათვის მთელს მსოფლიოში – ამბობს
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი ორენ ვაინბერგი. კაფკას არქივი
ახლა უკვე განთავსებულია ინტერნეტში სხვა ასეულ-ათასობით
დოკუმენტთან, გამოჩენილი მოღვაწის არქივთან ერთად და
დაინტერესებულ საზოგადოებას შეუძლია გაეცნოს მას. ჩვენ
ვზრუნავთ, რომ ეს ბრწყინვალე შედევრები ხელუხლებლად გადაეწეს
მომავალ თაობებს. ახლა კი, კაფკას ნაშრომენის თაყვანისმცემლებს
მიეცათ შესაძლებლობა დატკბენ დიდი ოსტატის ნამუშევრების
გაცნობით“.
სერგი პოდრაჟანსკი იერუსალიმიდან

ფოტოზე: კაფკას წერილი ბროდისადმი
ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტო

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კახა კალაძე – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი, ეს არის ოპოზიცია

ეს არის სრული სისულელე და ბლეფი. აბა, გაბედოს ვინმემ და კანონის წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინოს. ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ოპოზიციის ნაწილის გეგმასთან დაკავშირებით ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი დამხობის თაობაზე.მისი თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილს არანაირი რესურსი არ აქვს, რადგან არც დედაქალაქის და არც რეგიონების მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ.„რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში. ამ ადამიანებს რესურსი არ აქვთ. პოლიტიკაში როდესაც ხარ და შენ არ გაქვს შენი ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, შენი ფასი არის ნული, როგორც პოლიტიკოსის. ნახეთ, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ არც დედაქალაქში, არც რეგიონებში. გარეთ დადიან და ვიღაცებს ხვდებიან, რა გინდა გარეთ, შენ დალოცვილო, როცა საარჩევნო კამპანიაა და ორ კვირაში არჩევნებია, მაგრამ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაიმე მოგისმენიათ ბოლო წლების განმავლობაში მათი მხრიდან აზრიანი ქვეყანასთან, პოლიტიკასთან დაკავშირებით? სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, შეურაცხყოფა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი, ეს არის ოპოზიცია. იგივე ხოშტარია რომ ავიღოთ, არავის ახსოვს საერთოდ ელენე ხოშტარია როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ამ ვანდალიზმით მას უნდა საზოგადოებას თავი შეახსენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.ჟურნალისტის შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მუქარასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საარჩევნო უბნებთან მობილიზებასა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ესეც კანონდარღვევა იქნება.„სულ 30 „აკაცუკია“ რა უნდა გააკეთონ? ესეც კანონდარღვევაა, აბა, დაარღვიონ კანონი და მერე ვნახოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.18 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელ ახმადი ბალუტაკი 9:7 დაამარცხა.დღესვე, რამდენიმე წუთში ასევე ფინალში იჭიდავებს გელა ბოლქვაძეც (82 კგ).ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა [ვიდეო]

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა.არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიწევს.„მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პირადად თქვენთან შეხვედრის პატივი. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6-მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც უახლოეს დღეებში აიღებს სტარტს. ასევე, გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში – „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ მონაწილეობა მიიღეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერებმა საერთაშორისო კონფერენციაში - „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები - 2025“ (New Trends in High-Energy Physics – 2025) - მიიღეს მონაწილეობა.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თანამედროვე მაღალი ენერგიების ფიზიკაში წამყვანი თემების განხილვას მიეძღვნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერები ორი პლენარული მოხსენებით წარდგნენ - პროფესორი პაატა კერვალიშვილი თემით: „ლეპტონები, როგორც შესაძლო ქუბითები კვანტური კომპიუტერებისთვის“ (Leptons as Possible Qubits for Quantum Computing) და პროფესორები თამარ ბერბერაშვილი, ვახტანგ გოგიჩაიშვილი და პაატა კერვალიშვილი ჯგუფური თემით: „სპინ-პოლარიზებული ნაკადის სასაზღვრო მნიშვნელობის ამონახსნი“ (Boundary Value Solution for Spin-Polarized Flow).სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერის - პაატა კერვალიშვილის განცხადებით, აღნიშნული სამეცნიერო ფორუმი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მაღალი ენერგიებისა და ნაწილაკურ და ბირთვულ ფიზიკაში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე, მიეძღვნა მაღალი ენერგიების ფიზიკაში კონფერენციების სერიის ორგანიზატორის, ცნობილი უნგრელი მეცნიერის, პროფესორ ლასლო იენკოვსკის ხსოვნას, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გარდაიცვალა.როგორც პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებს მსგავსი ფორმატის სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით შესაძლებლობა აქვთ საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში მიმდინარე უახლესი კვლევები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებს გააცნონ, მათთან სამომავლო კოლაბორაცია გააღრმაონ და ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა მკვლევრები დააინტერესონ. მისი თქმით, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მსოფლიოს 20 ქვეყნის 90-მდე მეცნიერმა მიიღო.ცნობისათვის, საერთაშორისო კონფერენციამ - „მაღალი ენერგიის ფიზიკის ახალი ტენდენციები – 2025“ - მუშაობა დღეს დაასრულა. სამეცნიერო ფორუმს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 90 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში უმასპინძლა. კონფერენციის ვებგვერდი განთავსებულია ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) სერვერზე: https://indico.cern.ch/event/1501140/overview

ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით იმსჯელეს.უწყების ცნობით, სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, რომელმაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც მიმართულია, ერთი მხრივ, ქვეყნის დეოკუპაციის, ხოლო მეორე მხრივ, ომის შედეგად გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგებისკენ.ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, მუდმივი საბჭოს სხდომაზე ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის (აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა) მიერ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გაკეთდა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება კვლავ ადასტურებს ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.„განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2008 წლის ომიდან 17 წლისთავზე საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მაშინ როცა გაერო-ს წესდება და ეუთო-ს ჰელსინკის დასკვნითი აქტი ნათლად ადასტურებს სუვერენული უფლებების, პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის დაუშვებლობას.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გადაწყვეტილება.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გმობს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას და შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის განგრძობითი სამხედრო ყოფნის, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებების და ადგილზე არსებული რთული ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი გამოხატავს მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველყოფისათვის, ერთადერთი ფორმატის მიმართ. ხაზგასმით არის აღნიშნული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ადგილზე სტაბილურობას უწყობს ხელს.ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს ეუთო-სა და საერთაშორისო საზოგადოებას აქტიური ჩართულობისკენ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების უზრუნველსაყოფად.განცხადების დასასრულს ხაზგასმულია ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობა, რომელთა დადგენილი წესების მიხედვით ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ესკალაციის პრევენციისთვის. ეუთო-ში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფი აუცილებლად მიიჩნევს გალში აღნიშნული მექანიზმის მუშაობის უპირობოდ განახლებას“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბოლო სიახლეები