ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა, ნინო ხუციბერიძემ მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
შეჯიბრი უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჩატარდა, რომელსაც წინ სალიცენზიო ტურნირი უძღოდა.
ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც საკმარისი აღმოჩნდა “ბუენოს აირესი 2018-ის” საგზურის დასაუფლებლად.
ლიცენზიას საპრიზო ადგილი იძლეოდა, მაგრამ რადგანაც სამეულში შესულ რუს იანა ენინას უკვე ჰქონდა ლიცენზია, დარჩენილი ბოლო, მესამე საგზური ხუციბერიძეს ერგო.
დღეისათვის საქართველოს სპორტსმენებს მსოფლიოს ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების 3 ლიცენზია აქვთ – ძალოსნობაში, მხატვრულ ტანვარჯიშსა და ტყვიის სროლაში.
წინა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც 2014 წლის აგვისტოში ჩინეთის ქალაქ ნანძინში გაიმართა, საქართველოს 13 სპორტსმენი გამოდიოდა.