თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი „ჩალიკ ენერჯი“ საქართველოში, კერძოდ, შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთში, „ჩალიკ ენერჯის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან შეხვედრის შემდეგ თქვა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობაში 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
“ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩალიკ ენერჯის დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან, რომლის შედეგად ჩვენ შევთანხმდით, რომ შიდა ქართლში აშენდება ქარის ელექტროსადგური 50 მეგავატიანი სიმძლავრით, რომლის ინვესტიცია 75 მილიონი დოლარი იქნება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია და ამასთან ერთად, ეს არის განახლებადი ენერგიის კიდევ ერთი ახალი წყარო ჩვენი ქვეყნის ელექტროგენერაციაში“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
აჰმედ ჩალიკმა იმედი გამოთქვა რომ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტი თურქეთში წარმატებული იქნება.
დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით 20 თებერვალს ჩავიდა.
შეგახსენებთ, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგურის მიერ იანვარში წარმოებული და მიწოდებული ელექტროენერგია 7 123 340 კილოვატსაათია.
ქართლის ქარის ელექტროსადგურის აქციები, რომლებიც საჯარო შეთავაზების სახით საფონდო ბირჟაზე სავარაუდოდ ამ წლის შემოდგომიდან განთავსდება, 30 მილიონი დოლარი ეღირება.
ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ენერგიის შესყიდვის ტარიფი 6.89 ცენტია. პროექტი 24 მილიონი დოლარის შეღავათიანი კრედიტით EBRD-მა დააფინანსა.