პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ნიკა მელიას, როგორც დეპუტატს და პარტიის ლიდერს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს.
„ნიკა მელია ძალიან ცუდ მაგალითს აჩვენებს საზოგადოებას იმისა, რომ კანონმდებელი არ იცავს კანონს. ასევე, ის არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი და ვფიქრობ, მას როგორც ერთ, ისევე მეორე შემთხვევაში უნდა ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ჩვეულებრივ მოქალაქეს. მან პრაქტიკულად ხელთათმანი ესროლა სამართალს – ეს მიუღებელია, რადგან ჩვენ გვაქვს განაცხადი და არა მხოლოდ განაცხადი, რომ ჩვენ უნდა შექვმნათ სამართლებრივი სახელმწიფო და ამ ფუნდამენტის დაზიანება არის დაუშვებელი“, – განაცხადა ხუნდაძემ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს განიხილავს.
16 თებერვალს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას საქმეზე შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა.
„ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2019 წლის 27 ივნისს აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა 30 000-ლარიანი გირაო და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი. თუმცა, 2020 წლის პირველ ნოემბერს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადების გაკეთებისას, ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგისთვის განკუთვნილი სამაჯური მოიხსნა.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული გირაოს გადახდის ვადის გასვლის შემდეგ მელიას მიეცა დამატებითი ვადა გირაოს უზრუნველსაყოფად, თუმცა ბრალდებულმა არც დამატებით მიცემულ ვადაში არ შეასრულა სასამართლოს განჩინებით დაკისრებული ვალდებულება და გირაოს თანხა არ გადაიხადა.