იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
ანა დოლიძე მას ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში მტკიცებულებად იმ წერილის წარდგენას გეგმავს, რომელიც გვრიტიშვილმა კომპრომანტად მიიჩნია. ანა დოლიძე ამბობს, რომ საბჭოს წევრებს სიცრუის გავრცელებისთვის პასუხისგება მოუწევთ.
“სამწუხაროა, რომ საბჭო აგრძელებს იმავე ხაზს, ეს არის ჩვეულებრივი შავი პიარკამპანია, იმისათვის რომ ყურადღება გადავიდეს იმ პრობლემებიდან, რომელიც აქვს მართლმსაჯულებას. ეს არგუმენტი არის პირდაპირი გაგრძელება ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაჟღერებული სიცრუისა. ორგანიზაცია რომელთანაც ვთანამშრომლობდი არის ჰოლანდიაში დაფუძნებული ორგანიზაცი,. რომლის ამოცანა არის და იყო რუსეთის გასამართლება ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის,”- აღნიშნა დოლიძემ.
დღეს საბჭოს მოსამართლე წევრებმა ანა დოლიძე რუსულ ორგანიზაციასთან კავშირში დაადანაშაულეს და აღნიშნეს რომ შესაძლოა ის ორგანიზაციას საქართველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებაზე ანა დოლიძის აცილება რამდენიმე მოსამართლემ მოითხოვა.
მოსამართლეებმა აცილების გადაწყვეტილების მიზეზი განმარტეს. მათი შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ სასამართლო სისტემისადმი და მოსამართლეებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა, რაც მათთვის მიუღებელია.
8 იანვარს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა.