ყოველგვარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ოკუპირება მოახდინა და რომელიც ტყვეობაში ამყოფებს ჩვენს თანამოქალაქეს, – ამის შესახებ „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.
„ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახლავთ საბოლოო. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობა დასრულდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყოველდღიურ რეჟიმში და კოორდინაციაში ვართ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და სრული ძალისხმევით ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში, ძალიან მალე დასრულდება ამ ადამიანის უკანონო პატიმრობა“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძის საქმე დღეს განიხილა. სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე რამდენიმე მოწმე და ბრალდებული დაიკითხა.
ზაზა გახელაძეს ბრალდება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ედავება: 317-ე მუხლით, რომელიც სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობად კვალიფიცირდება და 322-ე მუხლით, რაც „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას“ გულისხმობს.
ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს.
ე.წ. ცხელი ხაზი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს მექანიზმია.
საქართველოს ხელისუფლებამ, ჟენევაში გამართული საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დროს, ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.
