გერმანია მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობას, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობას, ამის შესახებ ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როტმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხელ ჯანელიძესთან მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში შეხვედრის დროს განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს გერმანიის ბუნდესტაგში და გერმანია დაინტერესებულია ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებით.
“თავის მხრივ, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა გერმანიასთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რომელსაც ღრმა ისტორიული ფესვები აქვს და საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლით აღინიშნა. ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს გერმანიის მხრიდან საქართველოს დემოკრატიული, ეკონომიკური განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.