კვირა, ივლისი 6, 2025

თენგიზ ცერცვაძე „კოვიდ-19“-ით კრიტიკულად მძიმე​ პაციენტებში მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების შესახებ წერილს ავრცელებს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „კოვიდ-19“-ით კრიტიკულად მძიმე​ პაციენტებში მედიკამენტ „ტოცილიზუმაბის“ გამოყენების ეფექტთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს.

ცერცვაძის თქმით, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში „ტოცილიზუმაბით“ მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, აღნიშნული მედიკამენტი საქართველოში პანდემიის ადრეული პერიოდიდან გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი ინოვაციური მიდგომა. ცერცვაძის თქმით, სასიხარულოა, რომ ამ მიდგომების სისწორე სერიოზული კვლევის შედეგებით დადასტურდა.

„პაციენტებში ა.წ. 7 იანვარს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ნაციონალურმა სამსახურმა (NHS) გამოაქვეყნა ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული დიდი კლინიკური კვლევის „REMAP-CAP“ წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც, COVID-19-ით კრიტიკულად მძიმე პაციენტებში, მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენებამ 24%-ით შეამცირა ლეტალობის მაჩვენებელი და დაახლოებით 10 დღით შეამცირა პაციენტების ჰოსპიტალში დაყოვნების ხანგრძლივობა, რის გამოც პუბლიკაციაში ტოცილიზუმაბით მკურნალობა მოხსენიებულია, როგორც ახალი, სიცოცხლის გადამრჩენი მკურნალობა და დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გადაწყვიტა დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქვეყნის კლინიკებში ამ მედიკამენტის ხელმისაწვდომობა.

ტოცილიზუმაბი წარმოადგენს IL-6-ის რეცეპტორის საწინააღმდეგო მონოკლონურ ანტისხეულებს და შეუძლია სერიოზული პოზიტიური გავლენა მოახდინოს ე.წ. „ციტოკინურ შტორმზე“, რაც COVID-19-თ პაციენტებში დაავადების დამძიმების და სიკვდილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.

ჩვენ ჯერ კიდევ COVID-19-ს პანდემიის ადრეული პერიოდიდან COVID-19-ის სტანდარტულ მკურნალობასთან ერთად დავნერგეთ (ვიყენებთ) ახალ ინოვაციურ მიდგომებს – ტოცილიზუმაბიპლაზმაფერეზი, სისხლის ექსტრაკორპურული გაწმენდა სპეციალური სორბენტების გამოყენებით, კონვალესცენტის პლაზმა და სხვა, რამაც საშუალება მოგვცა გადაგვერჩინა არაერთი კრიტიკულად მძიმე ავადმყოფი. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ამ მეთოდზე ჯერ ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები დასრულებული არ არის და საბოლოო შედეგები არ დადებულა. თუმცა, მათი მოქმედების მექანიზმის გათვალისწინებით თითეული ეს მეთოდი კონკრეტულ პაციენტებში შესაძლოა სასარგებლო იყოს. რის გამოც აშშ FDA-ის ამ მეთოდებზე გაცემული აქვს გადაუდებელ შემთხვევებში გამოყენების ნებართვა (Emergency use authorization).

ტოცილიზუმაბი ძლიერმოქმედი პრეპარატია, აქვს მკაცრად განსაზღრული ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ ამ მედიკამენტის დანიშვნა და გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი კომპეტენციის და გამოცდილების მქონე სპეციალისტების მიერ. ქვეყანაში მოქმედი პროტოკოლით მედიკამენტ ტოცილიზუმაბის გამოყენების შესაძლებლობა განხილულ უნდა იქნეს გადაუდებელ შემთხვევებში – კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით ავადმყოფებში მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს. კლინიკურ პრაქტიკაში ე.წ. „ციტოკინური შტორმის“ დროს ცალკეულ შემთხვევებში ტოცილიზუმაბის ალტერნატივად იყენებენ კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს – ე.წ. „პულს თერაპიის“ სახით, მაგრამ ეს მეთოდი ტოცილიზუმაბთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ეფექტიანია.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ჩატარებული ზოგიერთი რანდომიზებული კვლევების წინასწარი შედეგების მიხედვით ტოცილიზუმაბის გამოყენებამ COVID-19-ის სამკურნალოდ ვერ აჩვენა სარწმუნო ეფექტიანობა, რის გამოც ჩვენი ოპონენტები ხშირად გვაკრიტიკებდნენ ჩვენც და ჩვენს პროტოკოლებსაც. მაგრამ ჩვენ გვჯეროდა, რომ პაციენტების სწორად შერჩევის და მედიკამენტის სწორად გამოყენების შემთხვევაში ტოცილიზუმაბი შეიძლება, სერიოზული სარგებლის მომტანი ყოფილიყო და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი მიდგომების სისწორე ასეთი სერიოზული კვლევის შედეგებით დადასტურდა“, – აღნიშნულია წერილში.

აქვე ცერცვაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს პირველმა არხმა სიუჟეტი მიუძღვნა 83 წლის კრიტიკულად მძიმე​ კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ ტოცილიზუმაბისა და კონვალესცენტის პლაზმის წარმატებულ გამოყენებას.

„ჩვენ ჯერ კიდევ 2020 წლის 17 ივნისს გამოვაქვეყნეთ პოსტი, რომელშიც დეტალურად აღვწერეთ ტოცილიზუმაბის და კონვალესცენტის პლაზმის წარმატებული ერთობლივი გამოყენება 83 წლის კრიტიკულად მძიმე COVID-19-ით პაციენტთან (ე.ლ), რომელსაც აღენიშნებოდა ე.წ. „ციტოკინური შტორმი“ და სადაც ინტენსიური თერაპიის ყველა სხვა მეთოდი ეფექტს არ იძლეოდა. პაციენტი განიკურნა“,აღნიშნულ შემთხვევას ტელეკომპანია „პირველმა არხმა“ სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა“, – აცხადებს ცერცვაძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ისტორიაში პირველად, საქართველო ფიდე-ს ქალთა მსოფლიო თასს მასპინძლობს

საქართველო ფიდე-ს ქალთა მსოფლიო თასს ისტორიაში პირველად მასპინძლობს. საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ბათუმში მიმდინარეობს.შეჯიბრება 6 ივლისიდან 29 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. გახსნის ცერემონია ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა, რომელსაც ფიდე-ს წარმომადგენლები, მიწვეული სტუმრები და მოჭადრაკეები ესწრებოდნენ. ტურნირში 46 ქვეყნის 107 სპორტსმენი მონაწილეობს.6 ივლისიდან ასპარეზობაში ჩაერთვებიან ქართველი მოჭადრაკეები — ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისთვის „ჰამასის“ პირობებს მიუღებელს უწოდებს, თუმცა ისრაელი მაინც გააგზავნის დელეგაციას კატარში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისთვის „ჰამასის“ მიერ წაყენებულ პირობებს მიუღებელს უწოდებს, თუმცა ისრაელი მაინც გააგზავნის დელეგაციას კატარში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე.ღაზის სექტორში ზავის გამოცხადებისა და ისრაელელი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს, 6 ივლისს უნდა გაიმართოს. 7 ივლისს კი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანაიჰუ აშშ-ში უნდა ჩავიდეს.ცნობისთვის, 4 ივლისს დაჯგუფება „ჰამასში“ განაცხადეს, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ ახალი წინადადების თაობაზე მოლაპრაკებებისთვის მზად არიან. „ჰამასის“ მოკავშირე დაჯგუფება „ისლამურ ჯიჰადში“ განაცხადეს, რომ ასევე უჭერენ მხარს მოლაპარაკებების გამართვას, მაგრამ მოითხოვეს გარანტია, რომ ისრაელი არ განაახლებს სამხედრო მოქმედებებს მას შემდეგ, რაც ღაზის სექტორში მყოფი მძევლები გათავისუფლდებიან.მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ღაზის სექტორში ზავის გამოცხადების შესახებ შეთანხმება შესაძლოა, მომდვენო კვირაში იყოს მიღწეული.ამჟამად მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო შუამავლების წინადადება, რომელიც ცეცხლის 60 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს. ამასთან, „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ღაზის სექტორში მყოფი 22 მძევალი, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალია. საპასუხოდ, ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს რამდენიმე პალესტინელი პატიმარი.

უჩვეულო მოვლენა თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა

თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თოვლი მოვიდა. როგორც მედია წერს, ქალაქ რიზეს მთიან რეგიონში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.რიზე შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, საქართველოს საზღვრიდან 120 კილომეტრის დაშორებით.ადგილობრივი ჟურნალისტის თქმით, აქამდე ივლისში თოვლი არასდროს უნახავს.„რიზეში ჩვენ მიჩვეულნი ვართ ამინდის ანომალიურ ცვლილებებს. მარტში რამდენჯერმე გვქონია თოვლი, მაგრამ ასეთი ბევრი არასდროს. ხანდაზმულები ამბობენ, რომ 30-40 წლის წინ უნახავთ ივლისში თოვლი, მაგრამ ასეთი არასდროს“, – აღნიშნავს ადგილობრივი ჟურნალისტი.თოვლმა, სულ მცირე, 100 კილომეტრის სიგრძის ტერიტორია მოიცვა. ყველაზე მეტად კი ქალაქ ართვინში შექმნა პრობლემები.ამავე დროს, ქვეყნის სხვა ნაწილებში ხანძრები გრძელდება. შედეგად, იზმირში ორი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ხანძრების უმეტესობა გაფუჭებულმა ელექტროკაბელებმა გამოიწვია. 44 ეჭვმიტანილი დაკავებულია – ძირითადად მუშები და ფერმერები.

ისტორიაში პირველად, გენური თერაპიით 24 წლის ბიჭს სმენა აღუდგინეს

შვედეთის კაროლინსკის უნივერსიტეტისა და ჩინური სამედიცინო ცენტრების კოლაბორაციის ფარგლებში ახალი კვლევა ჩატარდა, რომელსაც ძალიან საინტერესო შედეგები ჰქონდა. გაირკვა, რომ გენურ თერაპიას არამარტო ბავშვებში, არამედ თინეიჯერებსა და ზრდასრულებშიც შეუძლია გენეტიკურად თანდაყოლილი სმენის დაქვეითების განკურნება.კვლევას დოქტორი მაოლი დუანი ხელმძღვანელობდა და მისი თქმით, ეს არის რევოლუციური მეთოდი, რომელიც უამრავი ბავშვისა და ახლა უკვე ზრდასრულის ცხოვრებასაც შეცვლის.კვლევა მთავარ აქცენტს იშვიათი ტიპის თანდაყოლილ სმენით დაქვეითებაზე აკეთებდა, რომელსაც OTOF-ის სახელით ცნობილი გენის მუტაცია იწვევს. ეს გენი ცილა ოტოფერლინისგამოყოფას უზრუნველყოფს, რაც ყურიდან ტვინამდე ნეირონული კავშირის დამყარებისთვის აუცილებელია. ამ ცილის გარეშე ადამიანებს სმენა უბრალოდ არ გვექნებოდა.ჯანმრთელი OTOF გენის მისაწოდებლად, მკვლევრებმა სინთეზური ადენო-ასოცირებული ვირუსი გამოიყენეს. ეს ვირუსი მემბრანის გავლით შიდა ყურის ძირითად ნაწილში შეიყვანეს და მიღებული ეფექტი თითქმის მყისიერი იყო. პაციენტების უმეტესობამ სმენის აღდგენის ნიშნები დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გამოავლინა.ექვსი თვის პერიოდში, კვლევაში მონაწილე ათივე პაციენტს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა. ხმის საშუალო დონე, რომელზეც მათ ბგერის გარჩევა შეეძლოთ, 106 დეციბელიდან 52-მდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ სმენის დაქვეითება პრაქტიკულად გაქრა.კვლევის მონაწილეთა ასაკი 1-დან 24 წლამდე მერყეობდა და მათ ხუთ სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვებში წარმატებული შედეგები წინა კვლევებშიც დაფიქსირდა, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ამ თერაპიით მოზრდილებმაც ისარგებლეს.დუანმა აღნიშნა, რომ ყველაზე საყურადღებო შედეგები ხუთიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებში შეინიშნებოდა. შვიდი წლის გოგონამ თითქმის სრულად აღიდგინა სმენა და ოთხ თვეში დედასთან უკვე ყოველდღიურად საუბრობდა. დუანის თქმით, გოგონამ დედას უთხრა, რომ თერაპიის შემდეგ წვიმის ხმა ცხოვრებაში პირველად გაიგონა.იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთი მკვლევარი ამ ფაქტს შეუძლებლად მიიჩნევდა, მკვეთრი გაუმჯობესება უფრო მოზრდილ მონაწილეებშიც დაფიქსირდა.თერაპია ყველა მონაწილემ კარგად გადაიტანა და მას რაიმე სერიოზული გვერდითი ეფექტი არ მოჰყოლია. ერთადერთი მსუბუქი რეაქცია ნეიტროფილების დროებითი შემცირება იყო.დუანი და მისი გუნდი პაციენტებზე დაკვირვების გაგრძელებას აპირებენ, რათა თერაპიის გრძელვადიან პერსპექტივაში შეფასება შეძლონ. მიუხედავად იმისა, რომ OTOF-თან დაკავშირებული სმენის დაქვეითების თერაპია ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, ამ კვლევის დამსახურებით, უახლოეს მომავალში მის კლინიკურ გამოყენებასაც უნდა ველოდოთ.

არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს.„არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ბოლო სიახლეები