ხუთშაბათი, მაისი 15, 2025

კელი დეგნანი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგები და აჩვენოს, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგები და აჩვენოს, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს“, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
 
საელჩოს ინფორმაციით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები შეუერთდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ.
 
ელჩი დეგნანი კი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები იმყოფებიან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში.
 
„დღეს შევხვდით ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს, არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ, რათა საქართველოს მოქალაქეების მიერ ხმის მიცემა უზრუნველყონ და ამ ადამიანებმა გადაწყვიტონ, ვინ უნდათ, რომ მათ ქვეყანას მართავდეს.
 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღოს ოფიციალური შედეგები და აჩვენოს, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს.
 
საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები. საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება, რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”, – განახცადა ელჩმა კელი დეგნანმა.
 
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველმა არჩევანი დღეს 50 საარჩევნო სუბიექტს – ორ ბლოკსა და 48 პარტიას შორის უნდა გააკეთოს. საპარლამენტო არჩევნებისთვის 38 ქვეყანაში 52 საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის კოვიდდაწესებულებებში 127 საარჩევნო უბანი მუშაობს. პენიტენციურ დაწესებულებებში კი 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნებს 132 ადგილობრივი და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება. ამასთან, ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies „იმედის“ დაკვეთით ეგზიტპოლს ატარებს.
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„გამივრცელეთ ეს პოსტი…“ – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

აკა სინჯიკაშვილი, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:„გამივრცელეთ ეს პოსტი თუ შეიძლება, იქნებ საჭირო ადამიანებამდე მიაღწიოს.ჩავიბარეთ და შევაგროვეთ დაახლოებით 20 ტონა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. გადავარჩიეთ, დავახარისხეთ და გვინდა ჩამოვიტანოთ რამდენიმე სოფელში.ყველაფერი არის გამოსადეგი და ბევრს ძალიან სჭირდება.თუ დაგვიკავშირდებით რომელიმე სოფლის გამგებელი, ან სოციალურის თანამშრომელი, ჩვენ თვითონ ჩამოგიტანთ შეფუთულს და დახარისხებულს. თქვენ უბრალოდ საჭიროების მიხედვით უნდა გასცეთ თქვენი სიების მიხედვით. გაცემაშიც მოგეხმარებით, თუ დაგჭირდათ.ან გვითხარით თქვენი აზრით ყველაზე საჭირო სად არის და რამეს მოვიფიქრებთ. დამირეკეთ, ან მომწერეთ ნომერზე - 558181218“,-წერს სინჯიკაშვილი. 

გოდერძი თირქია – დედაჩემზე და ჩემზე იყო მიწები გაფორმებული, გამომძიებელმა ბერიშვილმა მითხრა, რასაც გეტყვი, ის უნდა დაწეროო, მოგვაწერინეს ხელი, წაგვიყვანეს რეესტრში და ყველა გადაგვაფორმებინეს

„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ მოქალაქე გოდერძი თირქიას მოუსმინეს.გოდერძი თირქიას თქმით, მას და დედამისს გამომძიებელმა ბერიშვილმა აიძულა ქონების სახელმწიფოსთვის დათმობა და გადაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაპატიმრებით დაემუქრა.„შევედი, დამხვდა გამომძიებელი ბერიშვილი. გამარჯობა, ვიციო დიაბეტი გაქვსო, მეცო და ჯერ ასეთი თბილი ლაპარაკი იყო ვითომ. ახლა არ დამიწყო, რომ მამაშენმა კეთილსინდისიერად იყიდა მიწებიო. მე ვუთხარი, თქვენ ძალიან კარგად იცით, მამაჩემმა საიდან მოიტანა ამის თანხა და ვინც იყიდა, როგორ იყიდა-მეთქი. იმ კაცს არ უჭირდა 300-500-ლარიანი მიწების შესყიდვა და რა უნდა ყოფილიყო სათაღლითო ამიხსენით-მეთქი. ბიჭო, ბევრი არ ილაპარაკო, არ იცი, სად ხაროო? სად არის დედამისიო. დედაჩემზეც იყო და ჩემზეც ნახევარი მიწები გაფორმებული. დედამისი სკოლაში არის, მასწავლებელი არისო და გამოძახებული მყავს, მოვაო. ეს აქეთ ჩასვით, ის რომ მოვა, იქით ჩასვითო. რატომ უნდა ჩამსვათთქო. ბიჭო, ბევრი არ ილაპარაკო, რასაც გეტყვი, ის უნდა დაწეროო. უკვე რომ მივხვდი, რაშიც იყო საქმე და ვისთან მაქვს საქმე, ვიცოდი, არ მინდა არაფერი, რა უნდა გავაკეთო-მეთქი. რასაც გეტყვით, ისეო და მაჩვენეს „ჩემი ნება სურვილით ვუთმობ სახელმწიფოს“. ამაზე მოგვაწერინეს ხელი, შემდეგ მეორე დღეს წაგვიყვანეს რეესტრში და ყველა გადაგვაფორმებინეს“, – განაცხადა გოდერძი თირქიამ.

კახა კალაძე: ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს - ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც - ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, - განაცხადა კახა კალაძემ.„დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 18 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.ახალი პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. ამერიკელი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი პაპობაში ლეო XIV-დ იწოდება.რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად, პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.

“ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება” – მარკო რუბიო რუსეთ-უკრაინაზე

"რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. მისი თქმით, ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება. "აშშ-ის პრეზიდენტი ნათლად აცხადებს, რომ სურს ამ ომის დასრულება. ის ღიაა ნებისმიერი მექანიზმისთვის, რომელიც სამართლიან, მდგრად და ხანგრძლივ მშვიდობას უზრუნველყოფს. მომდევნო დღეებში ვნახავთ რა მოხდება, თუმცა პროგრესის მიღწევა გვსურს. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი მექანიზმისა თუ პროცესის მიმართ, რომელიც კონფლიქტის დასრულებას შეუწყობს ხელს. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. ეს ომი არა სამხედრო, არამედ დიპლომატიური გზით დასრულდება. რაც უფრო მალე მიიღწევა შეთანხმება, მით ნაკლები იქნება მსხვერპლი და ნგრევა", - განაცხადა მარკო რუბიომ.

ბოლო სიახლეები